პროექტების მართვა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საქმიანობაა. თუ ისეთ გზამკვლევს ეძებთ, რომელიც დაგეხმარებათ პროექტის დეტალების დაგეგმვაში, დასაწყისიდან დასრულებამდე, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. როგორც წესი, ეს პროცესი 5 ძირითადი ფაზისგან შედგება. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა იმასაც აქვს, რა ხანგრძლივობისაა პროექტი და რა სპეციფიკა აქვს, მაგრამ ეს ის მთავარი ეტაპებია, რომლებსაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ ავცდებით.
მაშ ასე, ფაზა პირველი
პროექტის პირველი ეტაპი არის ინიციირება, იმის განსაზღვრა, თუ რა არის მთავარი ამოცანა ამ პროექტში, ვის რა დავალება უნდა მიეცეს გუნდში, ვინ როდის იქნება საჭირო, რა ვადებში უნდა ჩაეტიოს პროექტი.
გარდა ამისა, პირველივე ფაზაზე გაიცანით დაინტერესებული მხარეები, პროექტმენეჯმენტის ენაზე მათ სტეიკჰოლდერებს უწოდებენ; გაიგეთ, რა მოლოდინი აქვთ მათ თქვენი გუნდისგან, რამდენად ხშირად დაგჭირდებათ ანგარიშების მიწოდება და რა ფორმით გექნებათ მათთან კომუნიკაცია პროექტის მსვლელობისას.
ფაზა მეორე
მეორე ფაზაა დაგეგმვა, რომელიც ამოცანების დასახვას მოიცავს. დაყავით პროექტი მართვად, ინდივიდუალურ ამოცანებად. მიანიჭეთ მათ შემსრულებელი როლები და დანიშნეთ ვადები, თუ რამდენ ხანში უნდა ჩაგბარდეთ კონკრეტული ამოცანა.
ამ ნაწილში კიდევე ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ხაზი უნდა გაუსვათ, არის – რომელი ამოცანებია დამოკიდებული ერთმანეთზე. მაგალითად, თუ კომპანიისთვის ამზადებთ ვებგვერდს, ჯერ უნდა გქონდეთ დიზაინი, იმისთვის, რომ დეველოპერმა შეძლოს ამ დიზაინით მუშაობა.
ფაზა მესამე
მესამე ფაზაა უშუალოდ აღსრულების პროცესი. პროექტის მენეჯერს ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რათა პროექტი არ გასცდეს განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს. საჭიროების შემთხვევაში, მან უნდა მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, არ გამორჩეს არცერთი ამოცანის მოკითხვა და გადამოწმება. ასევე, იქონიოს კომუნიკაცია დაინტერესებულ პირებთან.
ამ ფაზას მეორენაირად მოქმედების ფაზადაც მოიხსენიებენ, რადგან ამ დროს დაგეგმვიდან შესრულებაზე გადავდივართ.
ფაზა მეოთხე
პროექტის მონიტორინგი და კორექტირება მეოთხე ნაბიჯია. ის მოიცავს სისტემურ მონიტორინგს, ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPI) გადახედვასა და რეალურ დროში კორექტირებას, რათა პროგრესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდეს. ეს ფაზა შედგება ტესტირების, ხარისხის კონტროლისა და გაუთვალისწინებელი დეტალების აღმოფხვრისგან. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ არ შეფერხდეს პროექტი.
ბოლო, მეხუთე ფაზა
ლოგიკურად, ბოლო ფაზაა პროექტის დახურვა. ამ დროს პროექტის მენეჯერი უკვე ყველა ამოცანას მონიშნავს დასრულებულად, მათ შორის, არა მხოლოდ გუნდის წევრების, არამედ საკუთარ ამოცანებსაც. საჭიროების შემთხვევაში, შეადგენს პროექტის დოკუმენტაციას და გაუგზავნის დაინტერესებულ მხარეებს, რომლებსაც მოიწვევს პროექტის პრეზენტაციაზე. პრეზენტაციის ფორმა შეიძლება ინდივიდუალური იყოს კომპანიის ან პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე.