,,ერთად შევქმნათ ციფრული ფოტომატიანე“- ამ გზავნილით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ჯეოსელი საზოგადოებას ერთობლივ პროექტს სთავაზობს, რომლის მიზანია შეაგროვოს და აღმოაჩინოს სხვადასხვა რეგიონში დაცული და დაკარგული ფოტოები. შემდეგ ხდება მათი ციფრულ ვერსიაში გადატანა და ინახება არქივში. პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. პროექტი რვა რეგიონში უკვე განხორციელდა. წელს მორიგი გასვლა ფოთში იყო, სადაც ფოტომატიანეს ჯგუფთან ერთად მარკეტერმაც იმოგზაურა.
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე : პროექტ ,,ციფრული ფოტომატიანე“-ს დაწყებისას, ჩვენი მთავარი პრინციპი ბიბლიოთეკის ფუნქციების გაფართოება იყო. ფოტოები იმ პერიოდების კონტექსტს ქმნიან, როდესაც ისინია გადაღებული.
ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ საქართველოს ისტორია ძირითადად მეფეების ისტორიაა, სადაც არ ჩანს ჩვენი ხალხი, ჩვენი ყოველდღიურობა, ანუ ის ჩანახატები, რაც ევროპული საზოგადოებისთვის იყო დამახასიათებელი. ევროპული საზოგადოება ადამიანთა ყოფას ნებისმიერ კონტექსტში ასახავდა, ეს არის ის, რითიც მათი ისტორია ჩვენთვის დეტალურად არის ცნობილი და რაც ჩვენ გვაკლია. სწორედ ამიტომ, „ციფრული ფოტომატიანე“ მიზანად არ ისახავს მხოლოდ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ფოტოების ციფრულ ფორმატში გადაყვანას. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ თითოეული ადამიანის ჩართულობით შეივსოს ის მნიშვნელოვანი დანაკლისი, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზების გამო ქართულ საზოგადოებას ჰქონდა.
ფოთი ამ მიმართულების ერთ-ერთი მთავარი ქალაქია. აქ უკეთ ჩანს ის ევროპული სული, რომელსაც საქართველო ატარებდა. ფოთი ეროვნული და ევროპული ფასეულობების შერწყმაა. ეს იყო ადგილი, სადაც შემოდიოდა ერთი მხრივ ევროპული კულტურა და ცივილიზაცია, მეორე მხრივ კი ,ბუნებრივია, ეს ინერცია, რაც ზოგადად კოლხურ საზოგადოებას ახასაითებდა. აღსანიშნავია ნიკო ნიკოლაძის მიერ შეტანილი წვლილი. მან სასწაული მოახდინა და თანამედროვე ფოთი ისე დააგეგმარა, რომ დღემდე შესანიშნავად გამოიყურება .
ჯეოსელის კორპორაციული კომუნიკაციების ექსპერტი თაკო როდონაია : როდესაც ჯეოსელმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ამ პროექტის განხორციელება გადაწყვიტა, პირველივე ფოტოების გაციფრებიდან მივხვდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებას მოვკიდეთ ხელი, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით გაბნეული უნიკალური ინფორმაციის მატარებელი ფოტომასალის თავმოყრა ციფრულ სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. შევქმენით ფოტომატიანეს „მობილური ჯგუფი“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ ეძებს საინტერესო ფოტომასალას, ადგილზე ახდენს მათ ციფრულ ვერსიაში გადაყვანას და დაარქივებას. ამ ეტაპზე რვა რეგიონი მოვლილია და მალე გაციფრებული ფოტოების რაოდენობა ასი ათასს შეადგენს. ბოლო „ციფრული მოგზაურობა“ ფოთში გვქონდა, სადაც ბევრი საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინეთ და მართლაც უნიკალური ფოტოები გავაციფრეთ. იმედი გვაქვს, ჩვენი მუშაობის შედეგად საზოგადოება მეტს გაიგებს და ნახავს ამ უნიკალური ქალაქის და იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ. გაციფრებული ფოტოების ნახვა მალე ფოტომატიანეს საიტზე, photomatiane.ge იქნება შესაძლებელი. გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენი პროექტის ყველა მონაწილეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. იმ ადამიანებს, ვინც ამ პროექტში ჩართვის მნიშვნელობა ასე ზუსტად დაინახა, რადგან მათ გარეშე „ციფრული ფოტომატიანე“ ვერ შედგებოდა.