ბოლო რამდენიმე ათწლეულმა სრულიად გარდაქმნა სპეციალობის შეძენისა თუ კარიერული განვითარების აღქმა. ადრე, სამსახურის პოვნისთვის თუკი დიპლომი ან სერტიფიკატი იყო გადამწყვეტი ფაქტორი, დღეს, პროფესიის შეძენა რამდენიმეთვიანი კურსის, პრაქტიკისა და ფასიანი თუ უფასო ინტერნეტრესურსებითაც კი არის შესაძლებელი. უკვე კარგად ნაცნობი პროფესიების – ეკონომისტის, იურისტის, მედიკოსის გვერდით ახალმა მიმართულებებმა დაიმკვიდრა თავი და დღეს, სოციალური მედიის მენეჯერს უამრავი დამკვეთი ეძებს, ისევე, როგორც კოპირაიტერს, კონტენტ კრეატორს, დიზაინერს, ციფრულ მარკეტერს, დეველოპერს… მაინც, რატომ შეგაწუხეთ ამ სტატიის წასაკითხად? იმიტომ, რომ ეს ახალი პროფესიები კი, კიდევ ცალკე სპეციალობად განაგრძობს დაყოფას, დასაქმების ბაზარი იზრდება და სულ მალე კი არა, უკვე ახლა არის სპეციალისტების საკმაოდ დიდი დეფიციტი. ჩვენ დავინტერესდით, რომელი პროფესიებია აქტუალური ქართულ ციფრულ მარკეტინგში? სწორედ ამ კითხვაზე გვპასუხობენ ქართული სააგენტოების წარმომადგენლები: Redberry-ის თანადამფუძნებელი გაგა დარსალია, Socialsharks-ის გენერალური მენეჯერი ნუცა ქირია და Meta Agency-ის დირექტორი ლევან კოკოლიშვილი.

გაგა დარსალია, Redberry-ის თანადამფუძნებელი: „საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ალბათ, paid advertising არის. ოღონდ, უფრო advanced დონეზე, paid advertising-ში შედარებით მეტია დეფიციტი, რომელიც სისტემებს შორის მონაცემთა ინტეგრაციას, multi-channel კამპანიების ერთმანეთთან სინქრონიზაციას, hyper specific targeting-ს, dynamic advertising-ს, ატრიბუციის მოდელინგსა და advanced ანალიტიკას მოიცავს. კიდევ უფრო იშვიათი რესურსი არის მარკეტინგის ავტომატიზაციისა და Sales CRM სისტემების ინტეგრაციის მხარეს.
ზოგადად, ყველაზე დეფიციტური და მოთხოვნადიც ჩვენთან და სხვაგანაც, სინამდვილეში, მარკეტინგსა და Tech-ს შორის თანაკვეთაში მყოფი მიმართულებებია. როგორც წესი, მარკეტერებს ტექნიკური ცოდნა არ ჰყოფნით და Tech ხალხს – მარკეტინგი არ ესმით. შესაბამისად, highly ტექნიკური ციფრული მარკეტერები, რომელთაც მონაცემების თრექინგი, ინტეგრაცია სისტემებს შორის, მართვა და ეფექტური გამოყენება შეუძლიათ, იშვიათობაა.
საქართველოს გარეთ, ამ წამს, ალბათ b2b outbound marketing / account based marketing არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ადამიანური რესურსები ამ მიმართულებით საკმაოდ ცოტაა.
ასევე, არის შედარებით ნიშური domain specific მიმართულებებიც. მაგალითად, ძალიან დიდი და მზარდი მოთხოვნაა პროფესიონალებზე web3/nft/crypto პროექტების კუთხით. საერთო ჯამში, ჩამონათვალი ასეთია: Paid advertising specialist, Data integration specialist, Marketing data analytics specialist, Marketing automation specialist, Sales CRM specialist, Outbound lead generation specialist, Web3/nft/crypto marketing specialist.“

ნუცა ქირია, Socialsharks-ის გენერალური მენეჯერი: „თუ გავიხსენებთ იმ პერიოდს, საქართველოში ციფრული მედია, კონკრეტულად კი, სოციალური მედია, რა ხდებოდა მაშინ?! არსებობდა ერთი პროფესია და მას სოციალური მედია მენეჯერი ერქვა. ეს იყო მულტითასქერი ადამიანი, რომელიც ცოტა კრეატიულიც უნდა ყოფილიყო, ცოტა წერის უნარები უნდა ჰქონოდა, იქ „ედვერთაიზინგშიც“ გარკვეული უნდა ყოფილიყო და მომხმარებელთან ინტერაქციაში შესულიყო, დიზაინ პროგრამები უნდა სცოდნოდა და ქორელის ცოდნა უპირატესობად ითვლებოდა.
რა ხდება ახლა? ციფრული მედია მეტად განვითარდა და თუ 10 წლის წინ ერთი ადამიანი აკეთებდა ზემოთხსენებულს ახლა გაჩნდა ახალი პროფესიები:
რეკლამის სპეციალისტი – ეს არცთუ ისე ახალი პროფესიაა, მაგრამ რომ წაიკითხავთ გაიგებთ რატომ ვასახელებ ამ პროფესიას.
Advertiser-ი, რომელიც რეკლამის სტრატეგიის შემუშავების, განთავსებასა და სტრატეგიასთან ერთად, ბიუჯეტის მონიტორინგზეა პასუხისმგებელი. თითქოს მარტივად ჟღერს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე რეალობა სულ სხვანაირია. ჩემი პირადი დაკვირვებით, უბრალოდ, რეკლამის სპეციალისტი, ხშირ შემთხვევაში, ვერ აკმაყოფილებს სტრატეგიის შემუშავებისა და აღსრულების პროცესს, ყოველდღურობაში იკარგება და ვერ კონცენტრირდება დიდ სურათზე, ბიზნესის ამოცანებზე. სხვა შემთხვევებში, სულაც არ აქვს ანალიზის გაკეთების უნარები. შეიძლება იცოდე, ტექნიკურად როგორ განათავსო რეკლამა ამა თუ იმ არხში, მაგრამ ამას აკეთებ ზედაპირულად და გაუანალიზებლად. ვფიქრობ, დასაქმების ამჟამინდელ ბაზარზე რეკლამის სტრატეგების დიდი დანაკლისია და თუკი ვინმეს გიყვართ ამოცანების შესრულება, გაქვთ ანალიტიკური აზროვნების უნარი და ეს პროცესი თქვენთვის აზარტულია, გირჩევთ ამ მიმართულებით განავითაროთ საკუთარი თავი და დამიჯერეთ, ბევრ შემოთავაზებას მიიღებთ.
კონტენტ მენეჯერი ან კონტენტ კრეატორი – კიდევ ერთი და სულ მთლად ცინცხალი პროფესიაა, რომელიც კონტენტ მარკეტინგის განვითარებამ გამოიწვია. ახალი მოცემულობა ასეთია – მომხმარებელი ბრენდებისგან ელოდება ყოველდღიურ ინტერაქციას, ცოცხალ კონტენტს და ბრენდებიც ვალდებული არიან ამ ტენდენციას აუწყონ ფეხი. აქვე შემოდის თითოეული ციფრული არხის სპეციფიკა და თუკი აქამდე ბრენდი წელიწადში ორ ვიდეოს იღებდა და მთელ თავის ბიუჯეტს აქ აბანდებდა, ახლა ეგ ვიდეო ამდენი ალტერნატიული არხისთვის მინიმუმ ფორმატის თვალსაზრისითაა არარელევანტური. აქვე გასათვალისწინებელია Mobile Friendly კონტენტი და არხები. რომ შევაჯამო, ბაზარზე გაზრდილია მოთხოვნა და იმის ფონზე, რომ დღეს, კონტენტის შემქმნელი ნებისმიერს შეუძლია იყოს, ვისაც ტელეფონი აქვს, მიეცით თქვენს ფანტაზიებს გასაქანი, აკეთეთ კონტენტი და მიყიდეთ ის კომპანიებს.

ლევან კოკოლიშვილი, Meta Agency-ის დირექტორი: „ყველაზე ხშირად, დასაქმების ბაზარზე ვაწყდებით ისეთ პოზიციას, როგორიცაა „ციფრული მარკეტინგის მენეჯერი“. თავისი არსით, ის მოიაზრებს ყველა ციფრული არხის და ამ არხებთან დაკავშირებული გუნდების მენეჯმენტს, მიზნების გაწერას, მონიტორინგსა და წარმატებულად მუშაობის უზრუნველყოფას. ციფრული მარკეტინგული სააგენტოების შემთხვევაში, უფლება-მოვალეობები საკმაოდ დეტალურად იყოფა. ჩნდება ახალ-ახალი მიმართულებებიც, რაც TOP პოზიციების ტრენდს საკმაოდ აქტიურად ცვლის.
კომპანიაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია Advertising Manager-ს, რომელიც უზუნველოფს რეკლამის სწორ განთავსებას – იგულისხმება მარკეტინგულ გუნდთან ერთად შემუშავებულ აუდიტორიაზე რაც შეიძლება მაღალი სიზუსტით გასვლა, აქტივობა კი ისეთ სტრატეგიაშია მოქცეული რეკლამის ტიპით, განთავსების ადგილითა და სხვა ტექნიკური მახასიათებლით, რომ მომხმარებელზე საბოლოო გავლენა იქონიოს, კონკრეტული ქმედება იქნება ეს, ბრენდის ცნობადობის გაზრდა თუ სხვა.
მაღალი კონკურენციის პირობებში, მარკეტინგული კამპანიები მუდმივად საჭიროებენ სტრატეგიულ განახლებას, ამიტომ Digital Strategist – პოზიციაზე უფრო და უფრო მეტი მოთხოვნაა. იზრდება საჭიროება, რომ მიზნის მისაღწევად შეიქმნას განახლებული სტრატეგია, რომელიც სინერგიულად გამოიყენება სხვადასხვა აქტივობაში (სწორი კონტენტის, მისი განთავსების ადგილის, ინტენსივობის, დროის განაწილების და ა.შ).
არანაკლები როლი აქვთ იმ ადამიანებს, ვინც პოსტის, ბლოგისა თუ სხვა ტიპის რეკლამის შინაარსს ქმნის. Content Manager-ები და Copywriter-ები უკვე დიდიხანია პოპულარულ პროფესიებად ჩამოყალიბდა და მათი ჩართულობა აპრობირებულ მიდგომად ითვლება, რათა მარკეტინგილი შინაარსი სწორად იქნას მიწოდებული აუდიტორიისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ საქმე არა სტანდარტულ, არამედ სააგენტოს ტიპის კომპანიასთან გვაქვს, არ უნდა გამოგვრჩეს Account Manager-ის პოზიცია, რომელიც ერთგვარი შემაერთებელი რგოლია დამკვეთსა და საკუთარი გუნდის წევრებს შორის. ურთიერთობისა და პროექტის წარმატების ბედიღბალი სწორედ მის ხელშია, წამყვან როლს თამაშობს კლიენტის საჭიროების განსაზღვრაში და ციფრული აქტივობებისთვის გამოყოფილი დროითი, ადამიანური და ტექნიკური რესურსების სწორი მიზნისკენ მიმართვაში.
ბოლო რამდენიმე წელია დამკვიდრდა SEO სპეციალისტის პოზიციაც. ვებგვერდების პოპულარულობა, ყოველდღიური აქტიური კამპანიების მიღმა, დიდწილად, SEO-ს სწორ გამართვაზეა დამოკიდებული. ეს გულისხმობს საძიებო სისტემაში ბრენდისა და პროდუქტის შესაბამის სიტყვებზე ვებგვერდის მოწინაპე პოზიციაზე ჩვენებას.
ცალკე მიმართულებაა ციფრულ წყაროებში დაგროვებული ინფორმაციის დეტალური ანალიზი, რის საფუძველზეც გუნდმა თითოეული მომავალი ეტაპი უნდა დაგეგმოს, შესაბამისად ციფრული ანალიტიკოსი უფრო და უფრო პოპულარული პროფესია ხდება და დიდი ზომის კომპანიებში შეუცვლელ როლს თამაშობს.
ასევე, ჯერჯერობით, ნაკლებად პოპულარული, თუმცა მზარდი ტრენდისაა Growth Hacker-ის მიმართულებაც. ქართულ ბაზარზე Meta Agency-იმ, იქიდან გამომდინარე რომ პერფორმანს მარკეტინგზეა ორიენტირებული შეიძლება ითქვას პირველმა გადადგა Growth Marketing-ის ნაბიჯები და სერვისადაც დანერგა. პოზიცია საკმაოდ ფართო შინაარსისაა, თუმცა ციფრული მარკეტინგის სფეროში ძირითადად გულისხმობს ოპტიმალური რესურსებით, გაყიდვების, კონკრეტული შედეგების ზრდას განახლებული სტრატეგიითა და სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით. Growth Hacker-ებს ხშირად ინოვაციური მიდგომებისა და სტარტაპის დონეზე მყოფი პლატფორმების გამოყენება უწევთ, შესაბამისად როგორც პროფესია საკმაოდ საინტერესო და დინამიკურია.“
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











