ძველი თბილისის შესახებ წარმოდგენას იმდროინდელი ჩანაწერები და ფილმები გვიქმნის, სადაც დღევანდელობისგან განსხვავებულ კულტურას, ესთეტიკას ვხედავთ. მაშინ, როცა არ ციფრული სამყარო საერთოდ არ არსებობდა, დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე სხვანაირი ხმაური ტრიალებდა.
ფეხსაცმლის სამკერვალოები, საათების შემკეთებელი ჯიხურები, სავაჭრო დახლები, დუქნები, აბანოები – ეს იმ ადგილთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ქალაქის გულს წარმოადგენდა. დღეს კი ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ აბანოები შემორჩა, რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის და მას ბევრი ტურისტი სტუმრობს. მკვეთრმა ტექნოლოგიურმა რევოლუციამ გარკვეული პროფესიები უკანა პლანზე გადასწია, ზოგიერთი მათგანი კი მთლიანად ჩაყლაპა.
მეწაღეები
როგორც სიის გაკეთება დავიწყეთ, პროფესიებსაც იმ გზით გავყვეთ. ფეხსაცმლის მკერავთა სახელოსნოებს და მათში მჯდომ, კლიენტის მომლოდინე მეწაღეებს ადრე ქალაქში თითქმის ყველგან შეხვდებოდით. მათ არც დიდი და ციმციმა სარეკლამო ბანერები ჰქონდათ და არც ტელევიზიასა და სოცმედიაში რეკლამის განთავსების საშუალება, ჯიხურს თავისივე ხელითა და მოხერხებით გაუკეთებდნენ წარწერას და მათ შესახებ მთელმა ქალაქმა იცოდა. ეს პროფესია მაშინ საკმაოდ მოთხოვნადი იყო, რადგან ფეხსაცმლის მაღაზიებით ქალაქი ისე ნამდვილად არ იყო განებივრებული, როგორც ახლაა. რა თქმა უნდა, ახლაც იკერება ფეხსაცმელი, ახლაც არსებობენ ადამიანები, ვინც მათ ქმნის, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ პროფესიით მეწაღეს ნამდვილად იშვიათად შეხვდებით და აღარც მათი სახელოსნოები გვხვდება უწინდებურად ფეხის ყოველ ნაბიჯზე.
მესაათეები
ძველ თბილისში დროის ფასი კარგად უნდა სცოდნოდათ, რადგან მესაათეები საკმაოდ მოთხოვნადი ადამიანები იყვნენ, რომლებიც დღეში ათეულობით კლიენტს ისტუმრებდნენ. ფეხსაცმლის მსგავსად, ქალაქის ცხელ წერტილებში და არა მარტო, უამრავ ჯიხურს ნახავდით, სადაც, ერთი მხრივ, საათებს ამზადებდნენ, მეორე მხრივ კი, გაჩერებულ დროს ახლიდან აწყებინებდნენ ათვლას.
დღეს მესაათეები სანთლით უნდა ეძებოთ, რადგან ციფრულმა ეპოქამ მათზეც იქონია გავლენა. ჯიხურებს სახელით „საათების შეკეთება” თითქმის ვერ მიაგნებთ, სამაგიეროდ, ყველგან გვხვდება გაჯეტების შესაკეთებელი სერვისცენტრები. მესაათეები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩნენ, დარდიანად აღნიშნავენ, რომ მათი პროფესია მივიწყებულია და ახალგაზრდებს არ აქვთ სურვილი, მესაათეობა ისწავლონ.
ვაჭრები
ვაჭრები სათითაოდ რომ ჩამოვთვალოთ, ალბათ, სტატიის ნაცვლად რეფერატის დაწერა იქნება საჭირო. ძველ თბილისში ძალიან უყვარდათ ვაჭრობა და აქ, ქართველებთან ერთად, ეთნიკურად განსხვავებულ მოვაჭრეებს ყოველდღე შეხვდებოდით. ქალაქი სავაჭრო უბნებად იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანს თავისი სახელწოდება ჰქონდა.
მეთულუხჩეები წყლის გამყიდველები იყვნენ, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ წყალს და ყიდდნენ. სხვათა შორის, ეს პროფესია დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საქმიანობად თბილისში. როგორც ირკვევა, ყველა ეზოს თავისი მეთულუხჩე ჰყავდა და სხვის უბანში არაფრის დიდებით არ გაყიდდა წყალს. ეს პროფესია დღეს არა თუ მივიწყებული, არამედ სრულიად გამქრალია.
ვაჭრობაში უნდა ვახსენოთ მეაბრეშუმეებიც, რომლებიც ძველ თბილისში საკმაოდ პოპულარულები იყვნენ. ეს უძველესი პროფესია იყო, რომელიც ჯერ კიდევ მე-5 საუკუნის ქართულ წყაროებში გვხვდება. მე-19 საუკუნესა და მეოცის დასაწყისში აბრეშუმით ვაჭრობა ფართოდ იყო გავრცელებული არა მარტო თბილისში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, თუმცა 60-იანი წლების შემდეგ, როცა თუთის ხის დაავადებები გავრცელდა, ამან დარგი საგრძნობლად აზარალა. 90-იანი წლების კრიზისმა კი მნიშვნელოვნად შეამცირა მეაბრეშუმეების რაოდენობა. დღეს მათ ალაგ-ალაგ შეხვდებით.
მექისეები
არსებობს ასეთი არაბული გამოთქმა: „თუ ლაპარაკი გინდა, აბანოში წადი”. აბანოს კულტურა თბილისში იმდენად მაღალ დონეზე იდგა, რომ ამ არაბულ გამოთქმას ჩვენთანაც ამართლებდნენ და ხშირად, აბანოში მარტო დასაბანად კი არა, საკომუნიკაციოდ მიდიოდნენ.
მექისე ის ადამიანია, რომელიც ქისას ხელზე წამოიცვამს და ხეხვისა და მასაჟის მასტერკლასებს ისე ატარებს, რომ ამისი არც დიპლომი აქვს და არც სერტიფიკატი. როგორც წესი, ეს პროფესია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. არსებობდნენ როგორც კაცი, ისე ქალი მექისეები. მათ გარეშე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისური აბანოები ისეთი პოპულარული ვერ იქნებოდა, როგორიც იყო და არის. მართალია, ამჟამად მექისეს პროფესია იმდენად ცნობილი და მოთხოვნადი არაა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილებთან შედარებით, აბანოების ტურისტული და სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე, შედარებით მომგებიან პოზიციაშია.
რა მოთვლის ძველთბილისურ ყველა პროფესიას! ქარვასლების, დუქნებისა და სახელოსნოების ქალაქს კიდევ ბევრი საინტერესო წარმომადგენელი ჰყავდა, თუმცა ეს პროფესიები ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა და თანამედროვე საჭიროებებზე მორგებული საქმეებით ნაცვლდება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი