ზოგჯერ, კარიერის გარკვეულ ეტაპზე პირადი ცხოვრების ქაოსი სამუშაო სივრცეში იჭრება. ურთიერთობის დასრულება, ოჯახის წევრის მძიმე დიაგნოზი თუ გაუთვალისწინებელი საყოფაცხოვრებო განსაცდელი ერთი შეხედვით საქმესთან პირდაპირ კავშირში არ გახლავთ, თუმცა უშუალოდ განსაზღვრავს ადამიანის შრომისუნარიანობას. ეს არ არის გამონაკლისი, ეს პროფესიული ცხოვრებისთვის დამახასიათებელი რეალობაა. მონაცემების მიხედვით, ამერიკელი დასაქმებულების 75% ოჯახის წევრებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ატარებს და უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ეს მათ პროდუქტიულობაზე აისახება. ქორწინებების თითქმის 40% განქორწინებით სრულდება, ხოლო ამ პროცესში მყოფი ათიდან ცხრა ადამიანი ადასტურებს, რომ კრიზისმა მათი სამუშაო შედეგები შესამჩნევად შეცვალა.
პოპულარული რჩევები ხშირად ერთსა და იმავეზე მიუთითებს – ემოციების დამალვა, სიმშვიდის შენარჩუნება და სამუშაო დღის ბოლომდე ნიღბის ტარება. თუმცა სამეცნიერო დაკვირვებები მოწმობს, რომ მსგავსი სტრატეგია შესაძლოა ყველაზე არამომგებიანი მიდგომა აღმოჩნდეს.
ზედაპირული სიმშვიდის ფარული საფასური
ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში ემოციების მოჩვენებით თამაშს ზედაპირულ როლს უწოდებენ. ის რადიკალურად განსხვავდება შინაგანი განწყობის რეალური გარდაქმნისგან. კვლევები ადასტურებს, რომ ემოციების მუდმივი იმიტაცია ემოციურ გამოფიტვასთან, კეთილდღეობის გაუარესებასთან და პროდუქტიულობის მკვეთრ ვარდნასთან არის დაკავშირებული. ხელოვნური იერის შენარჩუნება უწყვეტ კოგნიტურ რესურსს მოითხოვს.
საკუთარი თავის იძულება, თითქოს ყველაფერი რიგზეა, არაეფექტიანი და ძვირადღირებულია. ენერგია, რომელიც კრიზისის ან უშუალოდ სამუშაოს მართვას უნდა მოხმარდეს, გარეგნული იერსახის შენარჩუნებაზე იხარჯება. კორპორაციულ სამყაროში გავრცელებული პრაქტიკა, როდესაც თანამშრომელი პირადი ცხოვრების ნგრევის ფონზეც კი წარმატებული პროფესიონალის როლს თამაშობს მანამ, სანამ მენეჯერის ელემენტარულ კითხვაზე ემოციებს ვერ შეიკავებს, სინამდვილეში აზიანებს როგორც თავად დასაქმებულს, ისე ხელმძღვანელს, კლიენტებსა და მთელ გუნდს.
სამი გააზრებული ნაბიჯი კრიზისის სამართავად
თუ გამოსავალი ემოციების იგნორირებაში არ გახლავთ, საჭირო ხდება რამდენიმე პრაქტიკული და გააზრებული ნაბიჯის გადადგმა.
პირველი მიდგომა ვითარების გაჟღერებაა. მენეჯერისთვის არსებული მდგომარეობის გაზიარება სისუსტის ნიშანი არ გახლავთ. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა იმ ადამიანების ინფორმირებისთვის, რომლებსაც გეგმების კორექტირება უწევთ. კვლევის თანახმად, ფსიქოლოგიური სირთულეების მქონე თანამშრომლების 73%-მა ხელმძღვანელს საკუთარი მდგომარეობა გაანდო, ხოლო მათგან 88%-მა შედეგი დადებითად შეაფასა. უმეტეს შემთხვევაში რეაქცია სწორედ მხარდაჭერა იყო. გულწრფელი კომუნიკაცია ზრდის შრომისუნარიანობას, ამცირებს სტიგმას და აძლიერებს კომპანიაში დარჩენის სურვილს. მთავარია არა დეტალების საყოველთაო მოყოლა, იმ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, რაც მენეჯმენტს მოლოდინების შეცვლასა და ხარვეზების დროულ გადაზღვევაში დაეხმარება.
მეორე ეტაპი ემოციების ინდივიდუალური მართვაა. მიდგომა, თითქოს ყველამ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის აუღებელი კედელი უნდა აღმართოს, ყველასთვის არ მუშაობს. ზოგისთვის საქმე ნამდვილად იქცევა თავშესაფრად, თუმცა ბევრისთვის გაცილებით ბუნებრივია ამ ორ რეალობას შორის ბალანსის შენარჩუნება, რათა ორმაგ წნეხში არ მოექცეს. მნიშვნელოვანია კონკრეტული ტაქტიკების გამოყენება – ვიდეოკამერის გამორთვა ონლაინ შეხვედრებზე, გასეირნება რთული ზარის წინ, მკაფიო სამუშაო საათების დაცვა ან წინასწარ განსაზღვრული ფრაზების გამოყენება საუბრის იმ თემებიდან გადასატანად, რისთვისაც ადამიანს რესურსი არ ჰყოფნის.
მესამე პრინციპი ტვირთის განაწილება გახლავთ. ორგანიზაციული თანადგომა არის კულტურა, სადაც ხელმძღვანელები ამჩნევენ სირთულეს და სამუშაო გარემოს შესაბამისად არგებენ. ეს პირდაპირ კავშირშია თანამშრომელთა შენარჩუნებასა და ლოიალობასთან. როდესაც კომპანია ადამიანს კრიზისის დროს გვერდში უდგას, ეს რეალური დაფასების უტყუარი დასტურია. აქ ხშირად ჩნდება აღქმის დისბალანსი, რადგან მზრუნველობითი პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელთა 80%-ზე მეტი პროდუქტიულობის ვარდნას გრძნობს, დამსაქმებელთა მხოლოდ მეოთხედი კი თვლის, რომ ეს საქმეზე გავლენას ახდენს. კრიზისში მყოფი თანამშრომლისთვის დახმარების თხოვნა საჯარო მარცხი არ გახლავთ, მენეჯერისთვის კი ეს ორგანიზაციული ფასეულობების შემოწმების მთავარი მომენტია.
კრიზისის დროებითი ბუნება და მოწყვლადობის ძალა
კრიზისის დროს იქმნება ილუზია, რომ რთული მდგომარეობა არასდროს დასრულდება, თუმცა რეალობა სხვანაირია. სამუშაო შედეგები მხოლოდ მწვავე ფაზაში ეცემა და შემდეგ აუცილებლად აღდგება.
განქორწინების პროცესზე ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ პროცესის მიმდინარეობისას ადამიანების განწყობა, ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა საგრძნობლად უარესდბოდა, თუმცა ეტაპის დასრულებისთანავე მაჩვენებლები უმჯობესდებოდა. რესპონდენტთა თითქმის 40%-მა ისიც აღნიშნა, რომ არასტაბილურობის გადალახვის შემდეგ მათ საქმეში ახალი ფოკუსი და ენერგია იპოვეს. ეს ნიშნავს, რომ რთულ პერიოდში მყოფი თანამშრომლის მდგომარეობა დროებითია და მას მკაფიო დასასრული აქვს.
პროფესიონალიზმის შენარჩუნება მოჩვენებითი სიმშვიდის თამაშს არ გულისხმობს. გაცილებით მყარი გზა იმის გააზრებაა, რა სჭირდებათ სხვებს სამუშაოს დასაგეგმად, რა ეხმარება პირადად ადამიანს სტრესის მართვაში და როგორ უნდა გადაუნაწილდეს ტვირთი გარშემომყოფებს. მოწყვლადობის გამოვლენა მარტივი არ გახლავთ და ნდობას მოითხოვს, თუმცა სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგს როგორც გუნდისთვის, ისე თავად ადამიანისთვის.
წყარო: Fastcompany












