დაგღალათ ალგორითმებმა, სქროლვამ და სოციალური ქსელების თვალიერებამ? მაგრამ, ამავდროულად, აუცილებელია, რადგან მათ გარეშე დღეს უკვე საკუთარი თავის პრეზენტაცია, როგორც პროფესიონალის, შეუძლებლად გვეჩვენება. დიახ, მაგრამ არსებობს სხვა გზებიც.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ სხვადასხვა პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ცოტა ხნით მაინც გადადოთ გვერდზე სოციალური მედია და თქვენს შემოქმედებით საქმიანობასა და უნარებს პოპულარიზაცია სხვა აქტივობებითაც გაუწიოთ.
შექმენით ან გააუმჯობესეთ თქვენი ვებსაიტი
ერთი პერიოდი იყო მოსაზრება, რომ ვებსაიტზე დრო არ უნდა დაგეხარჯათ, რადგან სოციალურ ქსელებზეც მშვენივრად შეგეძლოთ კონტენტის განლაგება, თუმცა 2025 წელს ვების ტრენდი ბრუნდება. ის უფრო პროფესიონალად წარმოგაჩენთ, თანაც თქვენი სავიზიტო ბარათია, რომელიც მარტივად, ერთი ბმულით შეგიძლიათ, გადაუგზავნოთ დაინტერესებულ პირს.
პერსონალური ვებსაიტი უნდა იყოს მარტივი, არ უნდა სჭირდებოდეს რეგისტრაცია და სხვა რთული ეტაპები. აქ შეგიძლიათ, გამოაქვეყნოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია და კარგი ისაა, რომ ბმულის გაგზავნა კონკრეტულ გვერდზეც შეიძლება, განსხვავებით ინსტაგრამისგან, რომელზეც შეუძლებელია ცალკეულ პოსტზე ბმულის დაკოპირება.
მოკლედ, თქვენი ვებსაიტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პორტფოლიო – ეს არის თქვენი პროფესიული შტაბი, რომელიც წარმოაჩენს არა მხოლოდ ნამუშევრებს, არამედ თქვენს მისიასა და ფილოსოფიას.
კომუნიკაციების შექმნა რეალურ ცხოვრებასა და ონლაინსივრცეებში
სოციალური მედიისგან გადაღლილმა ადამიანებმა უფრო მეტად დააფასეს რეალურ ცხოვრებაში დამყარებული კომუნიკაციები. მარკეტერები გვირჩევენ, რომ ამ კუთხით განვითარებისთვის საუკეთესო გამოსავალია კრეატიულ ღონისძიებებზე წასვლა. ეს შეიძლება იყოს როგორც მცირე ტიპის შეხვედრები, ისე დიდი კონფერენციები.
მთავარია, რომ ამ ღონისძიებებზე იპოვოთ საჭირო კონტაქტები, გააცნოთ საკუთარი თავი ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არ მოგერიდოთ არავისთვის ხელის ჩამორთმევა და თქმა: „გამარჯობა, მე ვარ ეს და ეს”…ამ ყველაფერმა შეიძლება შექმნას მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც პოტენციურად გაგრძელდება.
თუ ვერ მიდიხართ მსგავს ღონისძიებაზე, ონლაინსაზოგადოებები გვთავაზობენ მსგავს შესაძლებლობებს. ხშირად აღმოაჩენთ, რომ სხვადასხვა პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ონლაინ არაერთი ვებინარი თუ შეხვედრა ტარდება, რომლებსაც შეიძლება დაესწროთ.
იმეილმარკეტინგი
შესაძლოა, მოძველებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმეილმარკეტინგიც ბრუნდება. მარკეტერების თქმით, ელფოსტა უფრო გააზრებული, მდგრადი ჩართულობის საშუალებას იძლევა.
იმეილმარკეტინგისთვის უამრავი პლატფორმაა ხელმისაწვდომი, მათ შორისაა, Substack, რომელსაც ბევრი კრეატორი იყენებს მომხმარებლის დასაინტერესებლად.
იმეილმარკეტინგი გეხმარებათ თქვენი შესაძლებლობების გამომჟღავნებაში, პერსონალური ადრესატების მოძიებაში და თქვენი კონტენტის სხვებისთვის გაზიარებაში.
თანამშრომლობა სხვა კრეატორებთან
სტრატეგიულ პარტნიორობას შეუძლია, მკვეთრად გააფართოოს თქვენი პროფესიული ქსელი. მოძებნეთ დამატებითი შემოქმედებითი პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ, გააფართოონ თქვენი შესაძლებლობები. მაგალითად, გრაფიკოსდიზაინერი შეიძლება გაერთიანდეს ვებდეველოპერთან, ან ფოტოგრაფს შეუძლია, ითანამშრომლოს სტილისტთან.
ეს დისციპლინური თანამშრომლობა ქმნის უფრო ყოვლისმომცველ სერვისის პაკეტებს და ხსნის ახალ გზებს პროფესიული ზრდისთვის.
დაარეკლამეთ საკუთარი თავი
ხშირად შეცდომას ვუშვებთ, როდესაც კლიენტებს ველოდებით, თავისით როდის გამოჩნდებიან. გამოიკვლიეთ კომპანიები და ბრენდები, რომლებთანაც გსურთ მუშაობა და შექმენით პერსონალიზებული პრეზენტაციები, რომლებიც მათ დაანახებს თქვენი სერვისის საჭიროებას, ასევე, აჩვენებს თქვენს უნიკალურ ღირებულებებს.
მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში
ინდუსტრიის კონკურსები არაჩვეულებრივი საშუალებაა აღიარებისა და სანდოობის მოსაპოვებლად. ეს პლატფორმები უზრუნველყოფს თქვენი უნარების გარე ვალიდაციას და შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი პროფესიული პროფილი.
აჩვენეთ ლიდერობა
საკუთარი თავის ექსპერტად ჩამოყალიბება ნამდვილად დაგეხმარებათ კარიერის გახსნაში. ხალხს უნდა აჩვენოთ თქვენი თავი, როგორც აზროვნების ლიდერმა, რომელიც ერკვევა ყველაფერში, რაც მის ინდუსტრიაში ხდება. მიუხედავად იმისა, პირდაპირ ეხება ეს თქვენს სერვისს თუ არა, თუ გაქვთ კომპეტენცია კითხვაზე, რომელიც აწუხებს მომხმარებელს, უნდა გამოეხმაუროთ და ესაუბროთ ამაზე. ამით თქვენ შეგამჩნევენ და გავრცელდება აზრი, რომ თქვენ ერკვევით ბევრ საკითხში.
ეფექტური კრეატიული მარკეტინგი 2025 წელს არ მოიაზრებს მხოლოდ სოციალურ მედიაში ხმაურს. ის მოიცავს მნიშვნელოვანი კავშირების შექმნას, თქვენი უნიკალური ისტორიის ავთენტურობასა და სწორად თხრობას საკუთარი თავის შესახებ. სოციალურ მედიასთან ერთად ყოველთვის უნდა გახსოვდეთ გარე აქტივობებიც.