ათწლეულებია, უმაღლესი განათლების მიღება ქართველებისთვის უპირობო აუცილებლობას წარმოადგენს. ერთი მხრივ, ბევრს ეს პრესტიჟული სამსახურის შოვნის ერთგვარ გარანტად მიაჩნია, მეორე მხრივ კი, ეს ერთგვარი სტერეოტიპების ნაყოფია – თვლიან, რომ უმაღლესი განათლების არ ქონა, უბრალოდ, “ტეხავს”. დღესდღეობით, ყოველწლიურად, 30 000-ზე მეტი სტუდენტი იღებს დიპლომს, თუმცა, უმეტესობა მათგანი პროფესიით მუშაობას ვერ ახერხებს. შესაბამისად, ქვეყანას კოლოსალური რაოდენობით ჰყავს დაუსაქმებელი ეკონომისტები, იურისტები თუ სხვა “პოპულარული” პროფესიების წარმომადგენლები, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 წლიანი სწავლის განმავლობაში გადახდილი საფასური წყალში ჩაიყარა. ამავდროულად, მნიშვნელოვნად, 8-10-ჯერ ნაკლებია პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა რაოდენობა.
ამის პარალელურად, ქვეყანაში მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევებით თუ ვიმსჯელებთ, თავს დასაქმებულად მოსახლეობის 40% მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ “დასაქმებულში” იგულისხმება ყველა, ვისაც აქვს თუნდაც დროებითი სამსახური, ნებისმიერი ანაზღაურებით ან გრაფიკით. აქვე დავძენთ, რომ ამ 40%-დან 50%-ის ოჯახის შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია.
არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს მოსახლეობა სხვადასხვა გზით ეძებს, ზოგი ცდილობს მეორე დიპლომიც აიღოს, საზღვარგარეთ წავიდეს, ზოგიც ისეთი სფეროების ძიებაშია, სადაც კვალიფიცირებული სპეფიალისტების დეფიციტია.
პროფესიული გადამზადების პერსპექტივის მაძიებლების საყურადღებოდ, ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი კომპაქტის ფარგლებში, 16 მილიონი დოლარი პროფესიული განათლების განვითარებისთვის გამოიყო. მთავარი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარობის გაზრდა, პროფესიული პროგრამების მაღალი ხარისხი და დეფიციტურ პროფესიებზე საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაა, განსაკუთრებით კი მაღალანაზღაურებად სპეციალობებზე.
როგორც “ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს” წარმომადგენლებმა გვიამბეს: “12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო თანხით დავაფინანსეთ 10 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებმაც შექმნეს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი 42 საგანმანათლებლო პროგრამა. თანამედროვე სასწავლო დანადგარებითა და სიმულატორებით აღიჭურვა ათივე საგანმანათლებლო დაწესებულება, რათა სტუდენტებმა შეძლონ პრაქტიკული სწავლება გაიარონ ისეთ ტექნიკაზე, რაც თანამდროვე ინდუსტრიაში გამოიყენება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დანადგარები და სასწავლო ლაბორატორიები, რაც დღეს პროექტში ჩართულ საგანმანათლებლო დაწესებულებს აქვს, სრულად პასუხობს XXI საუკუნის თანამედროვე სასწავლო გარემოს.
გარდა კერძო სექტორის მჭიდრო თანამონაწილეობისა, ყველა პროექტში ჩართულია საერთაშორისო პარტნიორი, რომლებიც ეხმარებიან ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საკუთარი პროგრამები შესაბამისობაში მოიყვანონ საერთაშორისო სტანდარტებთან. შესაბამისად, პროგრამების კურსდამთავრებულები, ადგილობრივი კვალიფიკაციის გარდა, შეძლებენ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც მათ საშუალებას მისცემს საკუთარი პროფესიით დასაქმდნენ საქართველოში უცხოური ინვესტიციებით შექმნილ კომპანიებში.”