in

„პროფესიული განვითარება არ ჩერდება“ — თამარ ონიაშვილი

ფინანსების სფერომდე საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამის ფარგლებში დასმულმა კითხვამ მიიყვანა — რა არის შენი სუპერ ძალა? ბევრი იფიქრა და ზუსტად იმ პასუხს მიაგნო, რომელმაც, როგორც თავად გვეუბნება, სხვა პროფესიებს აარიდა. ეს სხვა პროფესიები ბავშვობაში მრავალი რამ იყო, მათ შორის ექიმობაც, თუმცა დღეს თამარ ონიაშვილს საქართველოს ბანკში დანახარჯების ეფექტიანობის მართვის სამსახურის უფროსის პოზიცია უკავია. თქვენთვის ბევრი რამ აქვს მოსაყოლი ბავშვობაზე, განათლებაზე, კარიერის საწყის ნაბიჯებზე და პროფესიაზე, რომელსაც დღეს სიამოვნებით ასრულებს. თვითგანვითარებაზეც ზრუნავს და გვიმტკიცებს, რომ პროფესიული განვითარება არ ჩერდება:

ბავშვობის ოცნებებიდან რეალურ პროფესიამდე

თითქოს ბავშვობიდანვე ადამიანის თვისებად ვთვლიდი პროფესიას და ასეთ ჯგუფებად ვყოფდი კიდეც ნაცნობებს. მაშინ სულ რამდენიმე საქმიანობა მეგულებოდა სამყაროში. ერთ-ერთი იყო დედაჩემის პროფესია — ექიმი, რომელიც უაღრესად მომწონდა და დღემდე მახსოვს, როგორ ვთამაშობდი ფონენდოსკოპით, რეცეპტების ფურცლებითა და 2008 წლის ომის შემდეგ შემორჩენილი წითელჯვრიანი ხალათით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფესიისადმი ინტერესს მრავალი წლის განმავლობაში ვიჩენდი და ახლოდანაც ბევრჯერ დავკვირვებივარ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სულ სხვა მიმართულებებზე დავიწყე ფიქრი. ჩემს მაშინდელ ინტერესებს შორის არ არსებობს კავშირი და არც დღევანდელი საქმიანობა ჰგავს რომელიმეს. 

სტუდენტობისას უკვე ცხადი გახდა, რომ კონკრეტული პროფესია არ არსებობდა, რომელსაც მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი. სამაგიეროდ, ერთ-ერთ ლექციაზე გავიგე, რა ერქვა იმას, რაც მსურდა, რომ ვყოფილიყავი. თურმე არსებობს ტერმინი ჯენერალისტი (Generalist), რომელიც სხვადასხვა სფეროსთვის საჭირო უნარებით აღჭურვილ და საქმიანობისადმი მოქნილ პროფესიონალს ნიშნავს.

ჩემი სპეციალიზაცია ფინანსებია, ყოველ დღე ვუყურებ რიცხვებს და ვეძებ მნიშვნელობებს მათ უკან. თუმცა იმდენად მრავალფეროვანია საკითხები, რომლებში ჩაძიებაც მიწევს, რომ საკუთარ თავს ნაწილობრივ მაინც აღვიქვამ ჯენერალისტად.

2019 წელს საქართველოს ბანკს ლიდერატორის პროგრამით შემოვუერთდი, რა დროსაც კანდიდატებს სახალისო კითხვაზე მოგვიწია პასუხის გაცემა. კითხვა ჟღერდა ასე:

რა არის შენი სუპერ ძალა?

ამ ველის შესავსებად ბევრი კი ვიფიქრე, მაგრამ სწორ პასუხს მივაკვლიე. პასუხს, რომელიც მუდამ ჭეშმარიტი იყო, ბავშვობაშიც და დღესაც. თვისებას, რომელზეც ვერ ვხვდებოდი, რამდენად ძლიერად იყო ჩემში და თურმე, რამდენად მნიშვნელოვანი ზოგიერთ საქმიანობაში — ამ თვისებას ჰქვია ცნობისმოყვარეობა, რამაც მომიყვანა ფინანსების სფერომდე და სხვა შესაძლო პროფესიებს ამარიდა. 

თეორიული ცოდნის დაგროვების ეტაპი

სწავლა თავდაპირველად აგრარულ უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე დავიწყე იმ მიზნით, რომ minor პროფესიად მეღვინეობას შევისწავლიდი. ვგეგმავდი სომელიეობას და მცირე საწარმოს გაკეთებას. გულმოდგინედ ვცდილობდი ამ გზის გაყოლას, ვიდრე მეორე კურსზე ღვინის დაავადებების სწავლა და, ამოცნობის მიზნით, მათი დეგუსტაცია არ მომიწია. ამავე დროს გავდიოდი ოპერაციების მართვის საგანს, სადაც მათემატიკური მეთოდებით ოპტიმალური გადაწყვეტილების პოვნა გვიწევდა. ამ საგანმა იმდენად დამაინტერესა, რომ მესამე კურსზე თავისუფალ უნივერსიტეტში ოპერაციების მართვასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად გადავედი.

ორივე უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. რამდენადაც ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული კომპლექსური საგნები თავისუფალ უნივერსიტეტში მაქვს გავლილი და სპეციალობაც აქ მომენიჭა, იმდენად თანაბარ მნიშვნელოვნად ვთვლი თეორიულ ბაზას, რომელიც აგრარული უნივერსიტეტიდან წამოვიღე.

 საქართველოს ბანკის პროგრამა „ლიდერატორის“ როლი კარიერის საწყის ეტაპზე

მესამე კურსზე, როდესაც ახალი გადასული ვიყავი თავისუფალ უნივერსიტეტში, დამატებით მიწევდა საგნების არჩევა, პროგრამას რომ დავწეოდი. სხვებთან შედარებით, დაკავებული გრაფიკი გამომდიოდა და მუშაობის დაწყებას არ ვგეგმავდი ამ მიზეზით. 

ამ პერიოდში ბანკებმა და აუდიტორულმა კომპანიებმა სტაჟირების პროგრამების გამოცხადება დაიწყეს. ისეთი განწყობა შეიქმნა კურსზე, რომ მივხდი, პირველად ვიყავი ასეთ დინამიკურ გარემოში. მეც უნდა ავყოლოდი ამ ტალღას, სხვანაირად მოქცევა შეცდომა რომ იქნებოდა, ცხადად გავიაზრე. მეც დავიწყე აპლიკაციების შევსება, გამოცდებსა და გასაუბრებებზე სიარული.

რამდენიმე კვირიანი პროცესის შემდეგ, ერთ-ერთი ბანკისგან შემოთავაზება მივიღე პროგრამაზე, რომელიც მომწონდა. ზოგიერთ შემთხვევაში მივიღე უარიც და ზოგან პასუხს ველოდებოდი. მათ შორის იყო საქართველოს ბანკის პროგრამა „ლიდერატორი“, რომელზეც, კონკურენციიდან გამომდინარე, უბრალოდ შემდეგ ეტაპებზე გადასვლაც მიხაროდა. 

კარიერის განმსაზღვრელი გადაწყვეტილება სულ რამდენჯერმე მიმიღია. ყველაზე მეტად გავრისკე, როდესაც უკვე ხელმოწერილ კონტრაქტზე უარი ვთქვი „ლიდერატორის“ შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის გასაგრძელებლად. საბედნიეროდ, პროგრამისთვის შემარჩიეს და 2019 წელს შემოვაბიჯე საქართველოს ბანკში.

სულ ათნი ვიყავით. ათივე რამდენიმე დეპარტამენტში გავნაწილდით და ორ თვეში ერთხელ ვცვლიდით ადგილებს. ლიდერატორის პროგრამა იმით გამოირჩეოდა, რომ სწავლებაზე იყო ორიენტირებული. უშუალოდ სტაჟირების პერიოდში თანამშრომლები გვეხმარებოდნენ, გაგვეგო ბანკის პროცესები, მათი საქმიანობა და როლი. გვიყურებდნენ როგორც მომავალ თანამშრომლებს, ამიტომ ჩვენს განვითარებაში დიდი რესურსი იდებოდა.

ამ პერიოდში ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დროის სწორად განაწილება და უნივერსიტეტსა და ბანკს შორის ბალანსის დაცვა აღმოჩნდა. ვფიქრობ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი პასუხისმგებლობა მქონდა აღებული, ვიდრე სრულყოფილად შესრულება შემეძლო. თურმე ცხოვრებაში ასეც ხდება ხოლმე, რასთან გამკლავებასაც თავისი უნარები სჭირდება — სწორედ ასეთ პერიოდებში ვვითარდებით და ვხდებით იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე ვიყავით.  

დასაქმება საქართველოს ბანკში

სტაჟირების შემდეგ, კონტრაქტი ფინანსური მიმართულებით გავაფორმე, რასაც კოვიდთან დაკავშირებული მთელი რიგი ცვლილებები დაემთხვა. ბანკისთვისაც არ გაგრძელებულა ცხოვრება ძველებურად, ახალ გამოწვევებს ახლებურად სჭირდებოდა გამკლავება. ფინანსური მიმართულებაც კრიზის მენეჯმენტისას თავის როლს ასრულებს, რის გამოც ახალი ფუნქცია — Cost-Effectiveness Management ჩამოყალიბდა, სადაც ვისკუპე და დღემდე ვაგრძელებ მუშაობას.

Cost-Effectiveness Management-ის ჩამოსაყალიბებლად პატარა გუნდი შეიკრა. ხელმძღვანელი გამოცდილი თანამშრომელი იყო, რომელსაც ორი დამწყები და ერთიც ლიდერატორი შევუერთდით. ბევრი ეტაპი გაიარა CEM მიმართულებამ და მეც მასთან ერთად გავიზარდე, რაშიც დიდი როლი მიუძღვის ჩემს მენეჯერს. 

სულ რამდენიმე წლის წინ პატარა გუნდით დაწყებულმა ინიციატივამ გაამართლა და დღეს ბანკის მასშტაბით მნიშვნელოვანი დანახარჯებისა თუ სტრატეგიული პროექტების შეფასებაში ვართ ჩართულები, მონაწილეობას ვიღებთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მონიტორინგს ვუწევთ დამტკიცებული პროექტების შედეგებს.

გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ჩემი როლიც რამდენჯერმე შეიცვალა. დღეს დანახარჯების ეფექტიანობის მართვის სამსახურს (CEM) ვხელმძღვანელობ და, თანამშრომლებთან ერთად, ვცდილობ კომპანიის ფინანსური სიჯანსაღისა და ეფექტურობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილებების ინფორმირებულად მიღებაში მხარდაჭერით.

ჩემს პოზიციაზე და ამ როლში წარმატების მიღწევისთვის ცნობისმოყვარეობა მნიშვნელოვანი პიროვნული თვისება მგონია, რომელიც ჩემს სუპერ ძალადაც მესახება. თითოეულ პროექტზე არასრული საწყისი ინფორმაცია სწორი მიმართულებით დაინტერესებისა და ბუნდოვანი ასპექტების გამოკვლევით, სრულყოფილ ანალიზად უნდა ვაქციო. თუ შინაგანად არ აქვს მსგავსი მოტივაცია ანალიტიკოსს, ბევრი დეტალი გამორჩება, რაც მოგვიანებით ბრუნვებიდან გამომდინარე მასშტაბირდება და საერთო სურათში მატერიალურ გავლენას იძლევა.

 სამუშაო გარემო 

სამუშაო გარემო დინამიკურია, მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული და, შესაბამისად, ინიციატივებიც ხშირია. ყველაზე მეტად მომწონს, რომ ჩემი როლი გადაჯაჭვულია სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლებთან ურთიერთობაზე. გვიწევს ერთად ფიქრი, მსჯელობა და მაქვს საშუალება, დავინახო, რომ არსებობს განსხვავებული პერსპექტივები, რომლებიც მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან შეუმჩნეველი დარჩებოდა.

ამ საქმიანობას აქვს კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც თავისებურ ელფერს და ინტერესს სძენს მას. როგორც წესი, ახალი პროდუქტისა თუ მნიშვნელოვანი ცვლილების დანერგვამდე ხდება ფინანსური შეფასება, რა დროსაც ჩემს მოსაზრებას ან იდეას აქვს შანსი, პოზიტიური ეფექტი ჰქონდეს პროექტის წარმატებაზე. განსაკუთრებით მახარებს, როდესაც დამტკიცებული პროექტები იმაზე უკეთეს შედეგს დებს, ვიდრე თავდაპირველად ვგეგმავდით. და კიდევ უფრო მიხარია, თუკი ფინანსური ანალიზის გარდა, სხვა მხრივაც მაქვს ხოლმე მასში წვლილი შეტანილი.  

არგაჩერება თვითგანვითარების გზაზე 

ბანკის სამუშაო ტემპი და ინფორმაციული მრავალფეროვნება ხშირად მაფიქრებინებს ხოლმე, რომ პროფესიული განვითარება არ ჩერდება. მაგრამ უპირობოდ მნიშვნელოვანი მგონია ჩემ მიერ მოძიებული კურსებიდან ან სხვა წყაროებიდან მიღებული ცოდნა. მქონია შემთხვევები, როდესაც დრო დამიხარჯავს არაპროფესიული საკითხის შესწავლაში და შემდეგ სამსახურში უცაბედად გამომდგომია.

მენეჯერულ პოზიციაზე გადასვლის შემდეგ აქცენტს მენტორულ თვისებებზე ვაკეთებ. ამჟამად, ვცდილობ, ამოვიცნო კავშირი სურვილებს, ემოციებსა და ქცევებს შორის. მსგავსი ცნობიერების მიღწევას ბევრი მეცადინეობა სჭირდება, პირველ რიგში, შინაგანი ბალანსი და გარე სამყაროზე მუდმივი დაკვირვება. ჩართული ვარ ამ პროცესში, არ ვჩერდები და იმედი მაქვს, შედეგსაც მივაღწევ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

„ღონისძიება ჩვენთვის არის ამბავი, რომელიც უნდა იქცეს მოგონებად“ — Eventive