in

გარდა ტექნიკური ცოდნისა, რა გვჭირდება შემოქმედებით სფეროში წარმატების მისაღწევად?

შემოქმედებით ინდუსტრიაში მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები არ კმარა წარმატების მისაღწევად. ამას გარდა, აუცილებელია ე. წ. ზოგადი უნარების განვითარება, რათა ადამიანებს თქვენთან მუშაობის სურვილი გაუჩნდეთ და კოლაბორაციამ სასიამოვნო სახე მიიღოს. ამის მიუხედავად, ბევრი პროფესიონალი ამჯობინებს, ერთგვარი დისტანცია დაიჭიროს დამკვეთებთან თუ კოლეგებთან, განყენებულად აკეთოს საქმე და ნებისმიერ ადამიანურ კომუნიკაციას აარიდოს თავი. თავის მხრივ, ამგვარი დამოკიდებულება ძალიან ართულებს როგორც პირად, ისე პროფესიულ ურთიერთობებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კარიერულ განვითარებაზეც ცუდად აისახება.

ბევრ მათგანს მეტისმეტი კრიტიკული განწყობაც ახასიათებს… გარშემომყოფების გაკრიტიკება ძალიან ადვილია, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ სხვებიც ანალოგიურად მოიქცევიან ჩვენთან მიმართებით. რეპუტაცია კი შეიძლება ან დიდ სარგებლად მოგვევლინოს, ან „სწორედ მან დაგვღუპოს“. თუკი ნეგატიურად წარმოიდგენენ თქვენთან თანამშრომლობას, ეს აუცილებლად შეგიზღუდავთ კარიერულ შესაძლებლობებს. ამიტომაც, ინდუსტრიაში, სადაც თანამშრომლობა და „ნეთვორქინგი“ გადამწყვეტია, დადებითი დამოკიდებულებები მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს წარმატებას.

სტატიაში კი რამდენიმე მარტივ რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც სწორად პოზიციონირებაში დაგეხმარებათ.

კომუნიკაბელურობა გამოიჩინეთ სოციალურ მედიაში

კრეატიული სფეროს ბევრი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სოციალური მედიის ეპოქა ძალიან დამთრგუნველი და შემაწუხებელია. რა თქმა უნდა, ეს აქსიომას არ წარმოადგენს, მაგრამ სუბიექტური სიმართლის მარცვალი ურევია — როდესაც სოც. ქსელებს არასწორად იყენებენ, ყველაფერი ცუდად, უიმედოდ ეჩვენებათ. რეალურად, ეს არის სივრცე, რომელიც საკუთარი თავის თუ შემოქმედების წარმოჩენის შეუზღუდავ შესაძლებლობას გვაძლევს.

ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, კრეატიულ ინდუსტრიაში კავშირებს დიდი ძალა აქვს, სოციალური მედიაც ამ მიმართულებით უნდა გამოიყენოთ. პირველ რიგში, დაამყარეთ კომუნიკაცია ისეთ ადამიანებთან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან საქმიანობის სფეროს. გულუხვად გაეცით კომპლიმენტები, რადგან თუ სხვას სათანადოდ დააფასებთ, ანალოგიურად მოგექცევიან აქეთაც. ესეც რომ არა, მსგავსი მიდგომა შემოქმედებით დისკუსიებს, ახალ ნაცნობობას შეუწყობს ხელს.

იყავით ცნობისმოყვარე

ალბათ, თეორიულად ყველას მოგვწონს „ხალხის ადამიანად“ ყოფნის იდეა, მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის. ზოგიერთისთვის ხანმოკლე საუბარიც კი ნამდვილად ტანჯვად იქცევა… მსგავს სიტუაციაში კეთილგანწყობა და ცნობისმოყვარეობა მთავარი კომპონენტებია, რომლებიც შფოთვას ამცირებს — შედეგად, ბევრად საინტერესოდ მიმდინარეობს საუბარიც.

ამასთან, როდესაც ადამიანებს უფრო პიროვნულ დონეზე იცნობთ და მხოლოდ პოტენციურ კლიენტებად არ აღიქვამთ, თქვენ წინ მეტი კარი იღება… ოქროს წესივითაა: „თუ სიყვარულს გასცემთ, სანაცვლოდაც იმავეს იღებთ. თუ სხვებს კომპლიმენტებს ეუბნებით, თქვენ მიმართაც არ დაიშურებენ ქებას“.

გულუხვობა გამოიჩინეთ დროის მიმართ

ადამიანები ძალიან აფასებენ, როცა მათთვის საჭირო დროის გამოყოფა შეგიძლიათ. შეიძლება, ყოველდღიურად ძალიან ბევრი საქმე გქონდეთ, მაგრამ ეს პირად თუ პროფესიულ კავშირებზე უარყოფითად არ უნდა აისახებოდეს. აუცილებელია, საჭირო ბალანსი დაიცვათ და პროპორციულად გადაანაწილოთ დრო — მაგალითად, დამკვეთს ვერ ეტყვით, რომ მისი საქმე ამჟამად პრიორიტეტს არ წარმოადგენს, ამიტომაც დიდი ხნით მოცდა მოუწევს. ასევე, ვერც კოლეგებთან ურთიერთობას დააპაუზებთ ან უყურადღებოდ დატოვებთ მათ, რადგან ყველას თავისი საქმე კი აქვს, მაგრამ მაინც ახერხებენ საჭირო დროის გამოყოფას.

ხოლო თუ მართლა გამოუვალ სიტუაციაში ხართ, დედლაინები თავზე გაყრიათ, უარის თქმა ეთიკური, თავაზიანი გზით უნდა შეძლოთ. ასევე, კარგი იქნება, თუ ალტერნატიულ გამოსავალს შესთავაზებთ — თუნდაც კლიენტს სხვა პროფესიონალთან გადაამისამართებთ. ასე ორმაგ მადლიერებას მიიღებთ.

გააკეთეთ სიკეთე და დაეხმარეთ ადამიანებს

სწორედ ამგვარი ფილოსოფია ამოძრავებს ბევრ შემოქმედებით ადამიანს თუ სააგენტოს. მათ შორისაა რიჩარდ ბრენდონ ტეილორი, ბრენდინგ სააგენტო Brandon-ის დამფუძნებელი: „გამუდმებით ვსაუბრობთ პოზიტიურ განზრახვასა და ენერგიაზე, რომელსაც ასეთი მიდგომა გვაძლევს. ჩვენი ერთ-ერთი ფასეულობა კი კეთილი ადამიანის ირგვლივ ტრიალებს. გულწრფელად რომ ვთქვა, რობინ უილიამსის ფრაზას ეფუძნება ჩემი აღქმა — ის შთაგვაგონებს, რომ ყველა ადამიანი რაღაც ბრძოლას გადის, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. ამიტომაც, ყოველთვის კეთილგანწყობა უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ“.

შეიძლება, სიკეთის კეთება პირდაპირ არ უკავშირდებოდეს წარმატების მიღწევას, მაგრამ ამ გზის ერთ-ერთი დადებითი ნაწილია. თუნდაც კარგი ურთიერთობების დამყარების, პოზიტივის მოზიდვის კუთხით. „მე „ხალხის ადამიანი“ ვარ და ყოველდღიურად ვგრძნობ ძლიერ სურვილს, ყოველდღიურად ვინმესთვის ერთი პოზიტიური საქმე მაინც გავაკეთო. დამიჯერეთ, ინვესტიცია ჩადეთ ადამიანებში, შედეგად კი ხანგრძლივი წარმატებული კარიერა გექნებათ“, — განმარტავს ლუიჯი კარნოვალე, Design LSC-ის კრეატიული დირექტორი.

აიძულეთ საკუთარი თავი, მეტს მიაღწიოთ

იდეა კარგად კი ჟღერს, მაგრამ როცა მუდმივად დაკავებული ვართ, დედლაინებში „ვიძირებით“ და ამოსუნთქვის საშუალებაც არ გვაქვს, დამატებით განვითარებაზე ფიქრი საკმაოდ რთულია. მაშინ, როგორ უნდა მოახერხოთ ეს? პირველ რიგში, თქვენივე თავს ჰკითხეთ: მართლა ძალიან დაკავებული ვარ თუ უბრალოდ საბაბად ვიყენებ, რადგან ცვლილებების და პროგრესის მეშინია?

თუ გულწრფელ პასუხად მიიღებთ, რომ მართლაც ასეა, კომფორტის ზონიდან უნდა დაიწყოთ გამოსვლა. საბოლოო ჯამში, ეს არის საფუძველი, რომელზედაც მომდევნო წარმატება უნდა ააგოთ. და გახსოვდეთ, თქვენ მარტო არ ხართ: სხვები შეიძლება ზედმეტად თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანი იმავეს გრძნობს ამ ერთგვარი „ფასადის“ ქვეშ.

ამის ნათელი მაგალითია ილუსტრატორი ლიზა მალტბი: „ჩემი კარიერის განმავლობაში ყოველთვის ვაიძულებდი საკუთარ თავს, სხვებთან მეკონტაქტა. მართალია, ძალიან მეუხერხულებოდა, დიდ დისკომფორტს მიქმნიდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სწორედ ამან მომიტანა უამრავი ახალი შესაძლებლობა. რეალურად, არ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ, რომ არა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და მეტი გამბედაობა“.

ნუ გექნებათ სრულყოფილების მოლოდინი

ამ სტატიაში მოცემული ყველა რჩევის გათვალისწინება დაგეხმარებათ, მეტად იქცეთ „ხალხის ადამიანად“, მაგრამ თუ რაიმე თქვენს პიროვნებას სრულად ეწინააღმდეგება, აუცილებელი არაა, ყველაფერი გაითვალისწინოთ. ნურც იმის ილუზიას შეიქმნით, რომ ყველაფერი ავტომატურად ან სწრაფად დაეწყობა, როგორც კი ზემოაღნიშნული რჩევების გათვალისწინებას დაიწყებთ.

ეს საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია, რომელიც მონდომებას, გამძლეობას თუ კომფორტის ზონიდან გამოსვლის იდეას ეფუძნება. „ჩემი გამოცდილებით, კარგი დიზაინერობა ბრძოლის მხოლოდ ნახევარია. ნამდვილი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ კლიენტებთან საუბარი, ლიდერებთან ურთიერთობა და გუნდური მუშაობა შეგეძლოთ. ვფიქრობ, სწორედ ეს გვაქცევს წარმატებულ პროფესიონალებად“, — ამბობს კრეატიული დირექტორი ბარინგტონ რივზი.


ავტორი: ქეთია ბელქანია

#სადანროგორ გავერთოთ 24-26 ნოემბერს — ღონისძიებების კალენდარი

ამანათების ხელიდან ხელში გადაცემის ბედნიერება — Royal Mail-ის საშობაო რეკლამა