წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ დასაქმებული მშობლების გადარჩენის მთავარი გასაღები მოქნილი სამუშაო პირობები იყო. თავისუფალი გრაფიკი, მოქნილი შვებულებები და ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის შესაძლებლობა ცხოვრებას ერთი შეხედვით ამარტივებს. პედიატრის მისაღებიდან სისტემაში შესვლა ან პრეზენტაციის ღამით დასრულება ბევრისთვის ყოველდღიურობად იქცა. თუმცა, როდესაც სკოლის არდადეგები იწყება ან სეზონური ვირუსების გამო ოჯახის წევრები მონაცვლეობით ავადდებიან, საოჯახო რეჟიმი დაუსრულებელ თავსატეხს ემსგავსება. ასეთ დროს ჩვეულებრივი, სტაბილური და პროგნოზირებადი რუტინა რეალურ ფუფუნებად იქცევა.
რას ამბობს მეცნიერება პროგნოზირებადობის შესახებ
სოციალური კვლევების მიხედვით, სამუშაო გრაფიკში პროგნოზირებადობის ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია როგორც სტრესის მაღალ დონესთან, ისე შვილებთან გატარებული დროის შემცირებასთან. სამუშაო დღის ხანგრძლივობა, მისი დაწყებისა და დასრულების დრო, ცვალებადობა და კონტროლის განცდა გადამწყვეტ როლს თამაშობს მშობლის ემოციურ მდგომარეობაში.
აქ მთავარი ზღვარი კონტროლის შეგრძნებაზე გადის. მოქნილობა შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ თანამშრომელს შეუძლია სამუშაო გარემო ადრე დატოვოს ბავშვის სპორტულ აქტივობაზე დასასწრებად, თუმცა იმავე მოქნილობის სახელით დამსაქმებელმა შესაძლოა სამუშაო დღის ბოლოს მოულოდნელი ონლაინ შეხვედრა ჩანიშნოს. ორივე შემთხვევა ფორმალურად თავისუფალ გრაფიკს ეკუთვნის, თუმცა რეალური კონტროლის შესაძლებლობას მხოლოდ პირველი იძლევა.
კოლუმბიისა და დიუკის უნივერსიტეტების მკვლევართა დაკვირვებით, როდესაც მცირეწლოვანი შვილების მქონე მშობლებს ერთი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მათ 87%-ს სამუშაო გრაფიკში მოულოდნელი ცვლილება შეეხო. მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას მშობლებს მკვეთრად უფუჭდებოდათ განწყობა და ეძინათ გაცილებით ნაკლები.
დაუსრულებელი მანევრირება და ქაოსი
როდესაც გეგმები წინასწარ განჭვრეტადი არ გახლავთ, თანამშრომელს უჩნდება განცდა, რომ რეალურზე გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს. თითოეულ ახალ, დაუგეგმავ შეხვედრას შეუძლია მთელი დღის წესრიგი თავდაყირა დააყენოს. ჩნდება უამრავი საყოფაცხოვრებო საზრუნავი – ვინ გამოიყვანს ბავშვს, როგორ გადაიგეგმოს ექიმთან ვიზიტი, რა მომზადდეს სადილად ან როგორ გადაიდოს პირადი აქტივობები, რომლებიც წინა დღეს გაწელილი შეხვედრის გამო უკვე გადატანილი იყო. ეს პროცესი დამღლელ და გამომფიტავ მანევრირბად იქცევა.
ამიტომ მოქნილობისა და სტაბილურობის ერთმანეთთან გაიგივება შეცდომა გახლავთ. ორგანიზაციებს შეუძლიათ თანამშრომლებს ორივე შესაძლებლობა ერთდროულად შესთავაზონ. ერთი მხრივ, მისცენ გრაფიკის შეცვლის თავისუფლება გაუთვალისწინებელ ვითარებაში, მეორე მხრივ კი, უზრუნველყონ პროგნოზირებადი გარემო. ეს გულისხმობს მოკლე დროში ჩანიშნული შეხვედრების შემცირებას, სამუშაო საათების შესაძლო ცვლილების წინასწარ გაფრთხილებას და იმის გააზრებას, რომ დღის ბოლოს კალენდარში თავისუფალი ფანჯრის არსებობა თანამშრომლის უსაქმურობას სულაც არ ნიშნავს.
სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსებაზე ბევრი იწერება, თუმცა ბალანსის პოვნა შეუძლებელია იქ, სადაც ადამიანმა არ იცის, როგორი იქნება მისი მომდევნო დღე. პროფესიული გადაწვის მთავარი წამალი მოქნილობა კი არა, პირველ რიგში სტაბილურობის განცდა გახლავთ.
წყარო: Fastcompany











