in

რით განსხვავდება პროექტისა და პროგრამის მენეჯმენტი? იხილეთ სტატიაში

ორგანიზაციის მიზნების წინსვლისთვის საჭიროა პროექტები და შესაბამისი პროგრამები. ყოველი პროექტის ან პროგრამის უკან დგას მენეჯერი, რომელიც გულმოდგინედ მუშაობს, რათა უზრუნველყოს ეფექტური შედეგი. მაგრამ რა განსხვავებაა პროგრამის მენეჯმენტსა და პროექტის მენეჯმენტს შორის? რას აკეთებენ პროექტის მენეჯერები და პროგრამის მენეჯერები?

მოდი, პროგრამის მენეჯერით დავიწყოთ…

პროგრამის მენეჯერი უზრუნველყოფს პროექტების რამდენიმე ჯგუფის ეფექტურად განხორციელებასა და ორგანიზაციის მიზნებზე მუშაობას. ჯგუფს, რომელშიც ორგანიზაციის პროექტები შედის, კომპანიის პროგრამას უწოდებენ. ამის საპირისპიროდ, პროექტის მენეჯერი ხელმძღვანელობს ინდივიდუალურ პროექტს და არა მთელ ჯგუფს.

პროგრამის მენეჯერის მოვალეობები შეიძლება იყოს შემდეგი:

  • პროექტების მენეჯერებთან მუშაობა გრაფიკების, პროექტებისა და მიზნების დასაგეგმად;
  • სხვადასხვა გუნდსა და პროექტში კომუნიკაციის ზედამხედველობა;
  • მუშაობა აღმასრულებელ მენეჯმენტთან ახალი სტრატეგიების მოსაფიქრებლად და მიზნების შესასრულებლად.

რაც შეეხება პროექტის მენეჯერს, მის პასუხისმგებლობაში შეიძლება შედიოდეს:

  • უზრუნველყოს პროექტის შეუფერხებლად წარმართვა, ბიუჯეტის ფარგლებში და დროულად შესრულება;
  • პროექტის რესურსების დაგეგმვა და უზრუნველყოფა, როგორიცაა გუნდის წევრები, ბიუჯეტი და ინსტრუმენტები;
  • გუნდის ეთიკასა და სამუშაო მიდგომებზე ზრუნვა და ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა ხარისხის უზრუნველსაყოფად.

რით განსხვავდება პროგრამისა და პროექტების მენეჯმენტი

პროგრამის მენეჯმენტი გულისხმობს სტრატეგიული გეგმის შენარჩუნებას და მრავალი განსხვავებული პროექტის დაგეგმვას. ეს პროექტები მუშაობს ტანდემში, რათა დაეხმაროს ორგანიზაციას მიაღწიოს მიზნებს. ამის გათვალისწინებით, პროგრამის მენეჯერმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს „სრული სურათი” ყველა სიტუაციაში. 

პროგრამის მენეჯმენტთან დაკავშირებული კიდევ ერთი საერთო ამოცანაა ბიუჯეტის მართვა. ხშირად პროგრამის მენეჯერებმა უნდა უზრუნველყონ თანხების სათანადოდ განაწილება მიმდინარე და მომავალ პროექტებზე. ეს საშუალებას აძლევს პროექტის მენეჯერებს, ფოკუსირება მოახდინონ თავიანთ მოვალეობებზე. პროგრამის მენეჯერები უმეტესწილად დიდ კომპანიებში მუშაობენ, სადაც დიდი გუნდი და ბევრი პროექტია. Zippia-ს მიხედვით, პროგრამის მენეჯერების უმეტესობა (55%) მუშაობს კომპანიებში, სადაც 10000-ზე მეტი თანამშრომელია.

მაშინ, როცა პროგრამის მენეჯერი ფიქრობს, როგორ დააკავშიროს მიზნისკენ მიმავალი ყოველი ნაწილი, პროექტის მენეჯერი ერთ კონკრეტულ ნაწილზეა ფოკუსირებული. პროექტის მენეჯმენტს ხშირად განსაზღვრავენ, როგორც სპეციფიკურ უნარებსა და ხელსაწყოებს, ორიენტირებულს ხალხისთვის რაიმე ღირებულის მისაწოდებლად.

უკეთ რომ გაიგოთ, როგორ მუშაობს პროექტის მენეჯმენტი, ჯერ უნდა გესმოდეთ, რა კვალიფიცირდება როგორც პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პროექტის კონკრეტული განმარტება, პროექტები არსებითად არის „დროებითი ძალისხმევა უნიკალური პროდუქტების, სერვისებისა და პროცესების მეშვეობით ღირებულების შესაქმნელად“. 

შეჯამება

რომ შევაჯამოთ, განსხვავება პროგრამისა და პროექტის მენეჯმენტში მარტივია. პროგრამის მენეჯერები აკონტროლებენ პროექტების ჯგუფს, ხოლო პროექტის მენეჯერები აკონტროლებენ ცალკეულ პროექტებს. პროგრამის მენეჯერი უზრუნველყოფს, რომ ყველა პროექტი თანხვედრაში იყოს ორგანიზაციის ხედვასთან. პროექტის მენეჯერი კი ყურადღებას უთმობს კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც უნდა იჯდეს პროექტის დღის წესრიგში.

Gee Vaucher-ის ნამუშევრები, როგორც ხელოვნებისა და კომერციის შერწყმა

როგორი ევოლუცია განიცადა მანქანის ფარებმა 1800 წლიდან დღემდე