საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მიზნად ისახავს, მომხმარებლისთვის შექმნას თანამედროვე ციფრული გადაწყვეტები, რომელიც მათ გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას შესთავაზებს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის გუნდი დაუღალავად მუშაობს, მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული, როგორც ციფრული პროდუქტების, ასევე, სერვისების განვითარებაზე.
მათ შორისაა მარიამ კევლიშვილი, რომელიც IT დეპარტამენტის Advanced პროგრამ მენეჯერის პოზიციას იკავებს.
როგორ იქცა პროგრამ მენეჯერობა თქვენს პროფესიად?
სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ პროექტში ჩემმა იდეამ გაიმარჯვა. მის განსახორციელებლად გუნდი შევქმენი: თითოეულ გუნდის წევრს თავისი როლი მივანიჭე, კალენდარში ავსახე საკვანძო თარიღები და ერთად შევუდექით მიზნის მისაღწევად გამოყოფილი რესურსების ათვისებას. ამ გამოცდილებამ და პროცესში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ჩემში წარუშლელი კვალი დატოვა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ეს საქმიანობა პროექტის მართვა იყო. მაგრამ, ვიცოდი, რომ ეს შეგრძნებები მსურდა ჩემს პროფესიულ საქმიანობაშიც მიმეღო.
თუმცა, პროგრამ მენეჯერობამდე არც თუ ისე მოკლე გზა გავიარე. სტუდენტობის დასასრულს, ქოფირაითერად დავიწყე მუშაობა. მალევე IT მიმართულებაში შემომთავაზეს გადასვლა, სადაც შესაძლებლობა მექნებოდა, ჩემი მიზნები რეალობად მექცია. როდესაც საქართველოს ბანკსა და პროგრამ მენეჯმენტის გუნდს შემოვუერთდი ამოტივტივდა ჩემი სკოლის დროინდელი სულისკვეთება საქმისა და გუნდის მიმართ, რომელსაც თითოეული პროგრამის ჭრილში ვქმნით.
ასე გავხდი იმ დიდი გუნდის ნაწილი, რომელიც საქართველოს ბანკის ციფრულ პროდუქტებს ქმნის და ავითარებს.
დღესდღეობით, ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელს ვუწყობთ ხელს, რათა საჭირო სერვისები თუ პროდუქტები მარტივად და სწრაფად მიიღონ. ამისათვის კი კოორდინირებულად ვმუშაობთ შესაბამის გუნდებთან და ბიზნეს მიმართულებასთან, რათა საქართველოს ბანკი მუდმივად იყოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში.
რა არის ის მთავარი ღირებულება, რომელსაც თქვენი გუნდი ქმნის?
ვფიქრობ, მთავარი ღირებულება, რომელსაც ვქმნით, ბანკის მასშტაბით ნდობაა. ჩვენი მონაწილეობა კონკრეტულ პროგრამაში ნიშნავს, რომ წარმატებული შედეგის მიღწევაში გენდობოდნენ. ეს კი პროგრამ მენეჯმენტის გუნდის მრავალწლიანი შრომის შედეგია. ჩვენ ღიად ვიღებთ ნებისმიერი ტიპის უკუკავშირს და გამოცდილებასაც ასევე ღიად ვუზიარებთ ერთმანეთს, რადგან ვიცით, ჩვენი გამოცდილება საქმის უფრო ეფექტურად და წარმატებულად კეთებაში სხვებსაც დაეხმარებათ.
რომელია ის ღირებული გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ბანკის გუნდში ისწავლეთ?
ტექნოლოგიური სფერო სწრაფად იცვლება და მას განსხვავებული ნიჭისა და უნარების მქონე ადამიანები ქმნიან. შესაბამისად, ადამიანური ურთიერთობები პროცესის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს გავუზიაროთ იდეები და ერთად გადავლახოთ დაბრკოლებები.
შესაბამისად, გუნდთან ერთად საერთო მიზნისკენ სწრაფვა ის ღირებული გაკვეთილია, რომელიც არ მაძლევს მოდუნებისა და დანებების საშუალებას. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში ქმნის მოტივაციას, რომ საქმეს ყოველდღე ახალი შემართებით შევუდგე.
და ბოლოს, რა გაძლევთ მოტივაციას, არ გაჩერდეთ?
უძრაობა კომფორტის ზონას ქმნის, რომელშიც ვერ ვითარდები და წინ ვეღარ მიდიხარ. საქართველოს ბანკში კი მუდმივად გამოწვევების ზონაში ვარ, რომელიც განვითარების, წარმატების, ახალი იდეებისა და გამოსავლის ძიების ადგილია. ამასთან, როცა იცი, რომ სამსახურიდან სახლში ყოველდღე ახალი ცოდნითა და გამოცდილებით ბრუნდები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი გამომუშავებული უნარები და ენერგია სწორ ადგილას „დააბანდე“.
ბავშვობაში ყველას გვქონია ნატვრა, რომ პრეზიდენტი, მასწავლებელი ან სხვა პროფესიის ადამიანები გამოვსულიყავით. როცა ვიზრდებით, უფრო სერიოზულად ვფიქრობთ იმაზე, თუ რისი კეთება მოგვანიჭებს ბედნიერებას. რადგან ახლა სწორედ იმას ვქმნი, რაც „სერიოზულ“ ნატვრებზე ფიქრისას აზრად ბევრჯერ გამივლია, ვერაფერი გაგვაჩერებს ვერც მე და ვერც ჩემი გუნდის წევრებს, რადგან ჩვენ საყვარელ საქმეს საქართველოს ბანკში ვაკეთებთ.
[R]