in

პროგრამები პროფესიონალი და მოყვარული დიზაინერებისთვის – ანნა გუგუტიშვილის რჩევები

გრაფიკული დიზაინი თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ადამიანები, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ, საკმაოდ მოთხოვნად კადრებად მიიჩნევიან. ვიზუალური კომუნიკაციის გარეშე დღეს არანაირი კამპანია, რეკლამა და ღონისძიება არ იგეგმება, ამიტომ გრაფიკოს დიზაინერებს სულ აქვთ ბევრი საქმე და სჭირდებათ პროგრამები, რომლებიც მათ თავიანთი იდეების განხორციელებაში დაეხმარება. 

თუმცა ამ მიმართულებასაც აქვს როგორც პროფესიული, ისე სამოყვარულო მხარე. შეიძლება თქვენ არ გჭირდებათ ყველა რთული პროგრამის საგულდაგულოდ შესწავლა, რადგან დიზაინერობა თქვენი გატაცებაა ან, სულაც, სხვა პროფესიასთან ათავსებთ და განსაკუთრებით რთული ილუსტრაციები არ გაქვთ შესაქმნელი. 

ამ სტატიით, ჩვენს რესპონდენტთან, ანნა გუგიტიშვილთან ერთად ვეცდებით დაგეხმაროთ და გაგარკვიოთ, თუ რომელი ხელსაწყო უნდა შეუსაბამოთ თქვენს მოთხოვნებს. ანნა უკვე წლებია გრაფიკოს დიზაინერია, კითხულობს ლექციებს და არის არტ დირექტორი. 

M: ანნა, რომელი პროგრამები უნდა ისწავლოს გრაფიკული დიზაინის პროფესიონალურად შესწავლის მსურველმა?

გრაფიკოს დიზაინერებს უკვე ძალიან ბევრ პროგრამაზე მიგვიწვდება ხელი და ამ პროგრამებს აქვთ გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები. კონკრეტული დიზაინერისთვის  საუკეთესო პროგრამის არჩევა დამოკიდებულია მის სპეციფიკურ საჭიროებებზე, ინტერესებსა და მუშაობის სტილზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართო შესაძლებლობების მქონე არის Adobe Creative Cloud პროგრამების კომპლექტი, რომელშიც შედის Adobe Photoshop, Adobe illustrator, Adobe indesign და სხვა, გრაფიკოს დიზაინერებისთვის ყველაზე მორგებული, პროფესიონალური პროგრამები ვექტორულ და რასტრულ გამოსახულებებზე სამუშაოდ. Adobe-ს პროგრამებია ასევე Adobe XD ინტერფეისის დიზაინისთვის, Premiere Pro ვიდეო რედაქტირებისთვის და After Effects მოძრავი გრაფიკისთვის. ასევე creative cloud გვთავაზობს სხვადასხვა ინსტრუმენტს, ფონტებზე წვდომას და ფაილების შენახვას დრაივზე, რაც უფრო მეტად კომფორტულს ხდის დიზაინერისთვის ამ პროგრამების გამოყენებას.

აღსანიშნავია Affinity designer პროგრამა, რომელიც Adobe illustrator-ის პოპულარულ ალტერნატივად ითვლება და შედარებით უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია. პროგრამას აქვს ვექტორული და რასტრული მუშაობის შესაძლებლობა. 

აუცილებლად დავამატებ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ პროგრამას procreate, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა არტისტებისთვის და ილუსტრატორებისთვის. Procreate-ის სიმარტივე, მრავალფეროვანი ფუნჯებისა და ილუსტრაციებისთვის საჭირო ხელსაწყოების არჩევანი შესაძლებლობას გაძლევს, კომფორტულად იმუშაო სხვადასხვა სირთულის ილუსტრაციებსა და გრაფიკულ ელემენტებზე. ასევე ძალიან ეფექტურია იდეასა და ჩანახატებზე სამუშოდ.

არის კიდევ ბრაუზერზე დაფუძნებული პროგრამებიც, რომლებიც ძალიან მეკომფორტულება და გვიმარტივებენ სამუშაო პროცესს. მაგალითად figma, inVision, Milanote. პირველი ორი პოპულარულია უფრო UI/UX დიზაინერებისთვის, თუმცა მეც ხშირად ვიყენებ პრეზენტაციებისთვის და ვიზუალური კონცეფციის მუდბორდების შესაკრავად.

M: არსებობს თუ არა ისეთი ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც არ არის მაინცდამაინც დიდი შესაძლებლობების, მაგრამ სამოყვარულო დონეზე შეიძლება გამოვიყენოთ? რომელია ასეთი ხელსაწყოები?

უამრავი სხვადასხვა პროგრამა შეგვიძლია ვნახოთ დავტესტოთ და გამოვიყენოთ სამოყვარულო დონეზე, არის უფასო და ფასიანი პროგრამები, თუმცა უმეტესად ეს ფასიანი პროგრამებიც გვთავაზობენ სატესტო უფასო დროს, რომ მივხვდეთ ნამდვილად შეესაბამება თუ არა ჩვენი ცოდნის დონეს და მოთხოვნებს.

ძალიან პოპულარულია Canva, რომელიც არ მიიჩნევა ტრადიციულ პროფესიონალურ პროგრამად, თუმცა ბევრი შესაძლებლობა აქვს, რომ დააკმაყოფილოს მომხმარებლის სურვილები. Canva-ს ხშირად იყენებენ მარკეტინგული მასალების შესაქმნელად, როგორებიცაა: სოციალური მედიის დიზაინები, პრეზენტაციები, პოსტერები პრინტ მასალები და სხვა. მისი ძალიან მოსახერხებელი ინტერფეისი, მარტივად დასარედაქტირებელი შაბლონები და ინტეგრაცია სხვა პროგრამებთან, ასევე კოლაბორანტების დამატება პროექტზე ამ პროგრამას პოპულარულსა და მოთხოვნადს ხდის.

ასევე სამოყვარულოებიდან აღსანიშნავია picmonkey, fotor, Piktochart რომელთა დახმარებითაც საკმაოდ ეფექტური და ფუნქციური დიზაინის შექმნა არის შესაძლებელი. მათი სიმარტივე და კომფორტულობა იდეალურია არაპროფესიონალი დიზაინერებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან მარტივი, შაბლონური დიზაინი პირადი ან მცირე ბიზნესის პროექტებისთვის.

M: რა საერთო შესაძლებლობები და რა განსხვავება აქვს პროფესიულ და სამოყვარულო ხელსაწყოებს?

ძირითადი განსხვავება პროფესიონალურ და სამოყვარულო გრაფიკული დიზაინის პროგრამებს შორის არის სირთულის დონე, ფუნქციების მრავალფეროვნება და ვიზუალების დამუშავების კომპლექსურ-პროფესიონალური ვარიანტები. კიდევ ერთი განსხვავება არის ფასი – სამოყვარულო პროგრამები შედარებით უფრო ხელმისაწვდომია ხოლმე.

საერთო ჯამში, პროგრამის არჩევანი დამოკიდებულია დიზაინერისა და პროექტის სპეციფიკურ საჭიროებებზე. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალური პროგრამები საჭიროა ეფექტური, კრეატიული  და ფუნქციური დიზაინების შესაქმნელად,  დამწყებ დიზაინერებს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც კი, შეუძლიათ სამოყვარულო პროგრამებითაც  შექმნან საბაზისო დიზაინები და გამოიყენონ ის შემოთავაზებული შაბლონები, რასაც ეს პროგრამები სთავაზობს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ხელოვნურმა ინტელექტმა Heinz-ის A.I Ketchup კამპანია შექმნა

Young Lions Georgia 2023-ის პრინტის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები