თანამედროვე ქალაქებში ხმაური იმდენად ბუნებრივი მოვლენა გახდა, რომ ხშირად უკვე ნორმა გვგონია ქუჩიდან შემოსული მანქანების ხმა, მეზობლის გადაადგილება, ლიფტის მუშაობა, სამშენებლო პროცესები, მუდმივად ჩართული ტელევიზორები – თითქოს ამ ყველაფერს შევეჩვიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტვინისთვის ეს მაინც მუდმივი დისკომფორტია.
ბოლო წლებში თანამედროვე არქიტექტურასა და დეველოპმენტზე საუბრისას აღარ ახსენებენ მხოლოდ კვადრატულ მეტრებს, ხედსა და ინფრასტრუქტურას. სულ უფრო ხშირად ყურადღების ცენტრში ექცევა ის, რასაც თვალით ვერ ვხედავთ, მაგრამ ყოველდღიურად ვგრძნობთ – სიმშვიდე, რადგან სახლში უბრალოდ კი არ ვცხოვრობთ, არამედ ესაა სივრცე, სადაც უნდა აღვიდგინოთ სამსახურში დახარჯული ენერგია, დავისვენოთ და რამდენიმე საათით მაინც მოვწყდეთ ქალაქის მუდმივ რიტმს. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ კომფორტი, სიმშვიდე, პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის.
„საღამო, როცა მეზობლის ხმაური გაწუხებს“
ამ თემაზე საქართველოში ჯერ კიდევ იშვიათად ვსაუბრობთ, თუმცა მეტადეველოპერული კომპანია „პროგრესია“, დარგის სპეციალისტებთან ერთად, ერთ-ერთი პირველია, ვინც მომავალი მობინადრის მენტალური ჯანმრთელობა სამშენებლო ეტაპიდანვე გაითვალისწინა და ამ თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასაც ცდილობს.

როდესაც ახალ სახლს ვეძებთ, ყურადღებას ვაქცევთ ფასს, მდებარეობას, კვადრატულობასა და ფასადის დიზაინს, მაშინ როცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რამდენად მშვიდი იქნება ცხოვრება ამ სივრცეში. ალბათ, ყველანი ვყოფილვართ ისეთ ბინაში, სადაც სიტყვასიტყვით გაგვიგია, რას ლაპარაკობს კარის მეზობელი, რა მუსიკას უსმენენ ზემოთ და რომელ სერიალს უყურებენ ქვედა სართულზე.
ეს იმიტომ ხდება, რომ ხმის იზოლაცია უმეტეს შემთხვევებში არ არის დაცული და მთელი სამეზობლო თითქოს საერთო საცხოვრებელია, სადაც ჩვენი ბინა ცალკე მდგომი მყუდრო ადგილი კი არ არის, არამედ, უბრალოდ, ერთი დიდი სახლის ნაწილია. ყოველდღიურობაში კი ასე ცხოვრება ნამდვილად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე.
„გამოსავალი ყოველთვის არსებობს”
მართალია, ხმაურს ქალაქში სრულად ვერ გავაქრობთ, თუმცა შეგვიძლია, ის, უბრალოდ, კარს მიღმა დავტოვოთ. ამისთვის არსებობს ხმის იზოლაცია, რომელიც თანამედროვე მშენებლობაში კომფორტის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად მიიჩნევა. სწორად დაგეგმილი აკუსტიკური გადაწყვეტები ამცირებს გარე ხმაურის გავლენას და ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ადამიანი უკეთ ისვენებს, უფრო მარტივად კონცენტრირდება და საკუთარ სახლში თავს დაცულად გრძნობს.
შედეგად, დგება დილა, როცა ქუჩის ხმაური არ გაღვიძებს; სახლიდან თუ მუშაობ, კონცენტრაციაში ხელს არაფერი გიშლის; საღამოს, დაღლილი რომ ბრუნდები სამსახურიდან, სახლში მართლა ისვენებ და ღამითაც არ გაწუხებს არც მეზობელი, რომელსაც არ ეძინება და არც ქუჩიდან შემოსული ძაღლის ყეფის ხმა…
კომპანია, სადაც მთავარი კვადარტული მეტრები კი არა, მობინადრის მენტალური კეთილდღეობაა
ამ საკითხზე აკეთებს აქცენტს „პროგრესია“, რომელიც ამბობს, რომ დეველოპერის პასუხისმგებლობა მხოლოდ შენობის აშენება არ არის – მან უნდა იზრუნოს იმაზეც, თუ როგორი იქნება ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება ამ სივრცეში. სწორედ ამიტომ, კომპანიისთვის ხმის იზოლაცია არა დამატებითი ტექნიკური მახასიათებელი, არამედ საცხოვრებლის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ მიდგომის საფუძველი მრავალწლიანი გამოცდილება და შენება-დეველოპმენტისადმი პედანტური დამოკიდებულებაა. ამიტომ პროექტების დაგეგმვისას „პროგრესია“ აკუსტიკის სფეროში სპეციალიზებულ კომპანიასთან – „აკუსტიკოსთან“ თანამშრომლობს, რის შედეგადაც თითოეული საცხოვრებელი სივრცისთვის ექსპერტულ დონეზე დამუშავებული ხმის იზოლაციის სისტემა შეიქმნა.
ხმის იზოლაციის მაღალი ხარისხი მიიღწევა რამდენიმე საინჟინრო გადაწყვეტის ერთობლიობით. მეზობელ ბინებს შორის მოწყობილია 26 სმ სისქის ტიხარი, რომელიც შედგება ბეტონის ბლოკის ორი დამოუკიდებელი კედლისგან. თითოეული ბლოკის ღრუ დამატებით შევსებულია ქვიშა-ცემენტის ხსნარით, ხოლო ორ კედელს შორის განთავსებულია მაღალი სიმკვრივის აკუსტიკური ქვაბამბა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურის გავრცელებას და უზრუნველყოფს ბინებს შორის მაღალ აკუსტიკურ იზოლაციას.
რა კითხვები უნდა დასვას მომხმარებელმა ბინის შეძენამდე
ბინის შეძენამდე მხოლოდ მდებარეობასა და ინტერიერზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მნიშვნელოვანია, დეველოპერს ჰკითხოთ, რა დონის ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს პროექტი, რა მასალებია გამოყენებული გამყოფ კედლებში, შესრულებულია თუ არა აკუსტიკური გათვლები სპეციალიზებული კომპანიის მიერ და რა საინჟინრო გადაწყვეტილებები იცავს საცხოვრებელ სივრცეს ყოველდღიური ხმაურისგან. სწორედ ასეთი დეტალები განსაზღვრავს, იქნება თუ არა სახლი ადგილი, სადაც ადამიანი რეალურად ისვენებს.
ერთი სიტყვით, თუ აქამდე კომფორტს, ძირითადად, თვალით ვაფასებდით, მომავალში მას იმით განვსაზღვრავთ, რამდენად კარგად გვაგრძნობინებს თავს ჩვენი სახლი – და რამდენად შეუძლია მას, ქალაქის ხმაური კარს მიღმა დატოვოს.
[R]












