in

Project Artbeat-ის ორი არტისტი – თამო ჯუღელი და ქეთი კაპანაძე Nada Miami-ზე წარდგა

4-დან 9 დეკემბრის ჩათვლით მაიამიში ტრადიციული არტ ბაზრობა Nada იმართება, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების ჭრილში შეკრებული არტისტების, კურატორების, მუზეუმ-გალერეებისა და სხვა წარმომადგენლების კოლექტივი უდგას სათავეში. წლევანდელ არტ ბაზრობაზე უკვე მეორედ თანამედროვე ხელოვნების ქართული არტ გალერეა Project Artbeat ორი არტისტით წარდგა, ესენი არიან: თამო ჯუღელი და ქეთი კაპანაძე.

BOG
BOG

“არტ ბაზრობაზე მონაწილეობის მსურველი გალერეა თავდაპირველად შესაბამის შეთავაზებას აგზავნის, თუ ვინ უნდა, რომ წარადგინოს მასზე. ყველა ხელოვნების ბაზრობას ჰყავს თავისი კომიტეტი, რომელიც წყვეტს, რომელი გალერეები მიიღებენ მონაწილეობას გალერეის რეპუტაციიდან და ისტორიიდან გამომდინარე და, ასევე, შეთავაზებული კონცეფციის შესაბამისობიდან გამომდინარე. NADA 2019-სთვის ჩვენ გავგზავნეთ ორი ქალი არტისტის, ქეთი კაპანაძისა და თამო ჯუღელის ნამუშევრები,”ნათია ბუკია, Project Artbeat-ის თანადამფუძნებელი. 

როგორც ნათია ბუკია ამბობს, ამ ორი არტისტის ერთად გამოფენა იმიტომ იყო საინტერესო, რომ ისინი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან და სრულიად განსხვავებულ ხერხებს ხმარობენ იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდრონ.

“ქეთის პრაქტიკა ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ თითქმის ყოველთვის მისი გზა უფრო მეტად აგრესიული ფემინისტურია, რაც წარმოდგენილ ნამუშევრებში ძალიან კარგად ჩანს. თამო ჯუღელის ძალიან ფემინური ნახატები საინტერესო კონტრასტს ქმნის ქეთის ობიექტებთან, სკულპტურებთან და ფოტოებთან მიმართებაში. კონცეფციის ტექსტის ავტორი კურატორი კოტე ბოლქვაძეა.”

მისივე თქმით, NADA Miami ყველაზე პრესტიჟული არტ ბაზრობაა შედარებით ახალგაზრდა გალერეებისთვის და ის ფაქტი, რომ მეორე წელია, ამ ხელოვნების ბაზრობაზე Project Artbeat მონაწილეობს იმის მაჩვენებელია, რომ გალერეის პროგრამის ხარისხი და შესაბამისად მის მიერ წარმოდგენილი არტისტები ნადას სტანდარტს აკმაყოფილებს.

“ეს არის ჩემი საყვარელი ხელოვნების ბაზრობა არა მარტო იმიტომ, რომ აქ მართლა ძალიან კარგი გალერეები იფინებიან, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან მეგობრული და ოჯახური სიტუაციაა. ჩვენ აქ ბევრი კარგი მეგობარი და თანამოაზრე გავიჩინეთ, რაც ჩვენი და გალერეის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მხატვრებისთვის აქ გამოფენას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვისაც. გარდა ნამუშევრების გაყიდვის შესაძლებლობისა, მათ აქვთ საშუალება, რომ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კოლექციონერებს, კურატორებს და კრიტიკოსებს აჩვენონ თავიანთი ნამუშევრები. მაგალითად, ნადას გახსნაზე თამო ჯუღელმა გაიცნო მსოფლიოში ცნობილი კრიტიკოსი, ჯერი სალცი, რომელსაც თამოს ნამუშევრები ინსტაგრამით ჰქონდა ნანახი და მოწონებული. თამოს თვითონ სთხოვა, რომ მისთვის ნამუშევრები ეჩვენებინა და მისი მოწონების დასადასტურებლად თავისივე ინიციატივით ფოტო გადაიღო მასთან ერთად. ჩვენც ვისაუბრეთ და მოიწონა ჩვენი ხედვა, რაც, რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ადამიანი რომ გაქებს, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ სწორ გზაზე დგახარ.”

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

Europebet გარე რეკლამას აღარ განათავსებს და სატელევიზიო და „ონლაინ“ კომუნიკაციას შეცვლის

10 თვის ბიგლი, რომელმაც პატრონს ჯერ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში უჩივლა და შემდეგ აქციაც მოუწყო