16
Oct
2014

Project ArtBeat – „ონლაინ“ პლატფორმა ადგილობრივი ხელოვანებისთვის

16 Oct 2014

„ონლაინ“ პლატფორმა Project ArtBeat საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მოღვაწე ხელოვანებსა და მიმდინარე “არტ” პროცესებს საერთაშორისო აუდიტორიას გააცნობს.

ნათია ბუკია ( თანადამფუძნებელი) : Project ArtBeat შეიქმნა 2014 წელს და ჰყვას კიდევ ორი დამფუძნებელი, სალომე ვახანია და ნათია ჩხარტიშვილი. Project ArtBeat-ის გუნდი არტისტებთან და “არტ” პროფესიონალებთან ერთად გეგმავს სხვადასხვა სახის პროექტებს. აქტივობები დაგეგმილია, როგორც საქართველოს ცენტრალურ ქალაქებში, ასევე – რეგიონებში. ჩვენ მიერ შერჩეული არტისტები, გარდა ყველასათვის ხელმისაწვდომი “ონლაინ” სივრცისა, სხვადასხვა ბიენალეებისა და არტ ბაზრობების საშუალებით წარსდგებიან საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და დაიმკვიდრებენ ადგილს გლობალურ “არტ” სივრცეში. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტებით და წარმოდგენილი ნამუშევრებით საქართველო რეგიონული ცენტრი გახდეს თანამედროვე ხელოვნების სფეროში. Project ArtBeat

M: ვის და როგორ შეუძლია მოხვდეს projectartbeat.com ზე?

მხატვრების შერჩევა ხდება ხელოვნებათმცოდნეებისა და კურატორების მიერ.

M: რატომ გადაწყდა ასეთი სივრცე და ვისთვისაა ეს „ონლაინ“ პლატფორმა ?

გლობალურ “არტ” სისტემაში საქართველო და კავკასიის რეგიონი, ზოგადად, ჯერ არ არის ჩართული. თუმცა, ის საინტერესო, მრავალფეროვან ხელოვნებას სთავაზობს მსოფლიოს. ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესების, ადგილობრივი არტისტების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ იშვიათად და გაფანტულად მიეწოდება საერთაშორისო აუდიტორიას. Project ArtBeat-ის გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ აღნიშნული რეგიონის ხელოვნება და ინფორმაცია მის შესახებ ხელმისაწვდომი გახადოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აუდიტორიისათვის. „ონლაინ“ პლათფორმა projectartbeat.com საერთაშორისო აუდიტორიას სთავაზობს პროფესიონალების მიერ შერჩეულ ქართველი არტისტების ნამუშევრებს. მომავალში იგეგმება კავკასიის მასშტაბით მუშაობა. პლათფორმა ასევე შეიცავს ინფორმაციას ჩვენს მხატვრებზე. დაიწერება სტატიები კავკასიის რეგიონში მიმდინარე “არტ” პროექტების, გამოფენების, ფესტივალების შესახებ.

M: რა შესაძლებლობას მისცემს ხელოვანებს Project ArtBeat?

ჩვენი ონლაინ პლათფორმის მეშვეობით ქართველ ხელოვანებს შესაძლებლობა მიეცემათ წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები მსოფლიო ბაზარზე. ასევე , ჩვენი გალერეის მიერ ისინი წარმოდგენილნი იქნებიან საერთაშორისო “არტ” ბაზრობებზე.

Project ArtBeat

M: თქვენი ერთ–ერთი პროექტია Moving Gallery…

Moving Gallery by Project ArtBeat არის მოძრავი გალერეა-კონტეინერი, რომელიც ჩვენი პროექტის ერთ-ერთი საგამოფენო სივრცეა. Moving Gallery წელიწადში რამდენჯერმე წარმოადგენს Project ArtBeat-ის თანამედროვე ხელოვნების პროექტებს. მოძრავი გალერეა-კონტეინერი განთავსდება სხვადასხვა ადგილას მთელი საქართველოს მასშტაბით. პარასკევს, 17 ოქტომბერს, 20:00 საათზე, დედა ენის ბაღში გაიმართება projectartbeat.com-ის და Moving Gallery-ის პრეზენტაცია. Moving Gallery არის ახალი, საინტერესო, ექსპერიმენტული სივრცე თანამედროვე ხელოვანებისთვის, რომელიც შესაძლებელია გადაადგილდეს რეგიონის მასშტაბით. Project ArtBeat მოახდენს ქართველ და უცხოელ არტისტებთან კოლაბორაციებს, რომლებიც შეძლებენ Moving Gallery-ის გამოყენებას საგამოფენო სივრცედ.

M: რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ უახლოეს მომავალში?

პრეზენტაციის შემდეგ Project ArtBeat-ს უკვე დაგეგმილი აქვს რამდენიმე პროექტი. ნოემბრის თვეში არტისტებს წარვადგენთ სტამბულის “არტ” ბაზრობაზე (Contemporary Istanbul). ასევე ორი ქართველი არტისტი მონაწილეობას მიიღებს სოტბის აუქციონში (Contemporary East). ახლო მომავალში წარვადგენთ პირველ “არტ პროექტს” Moving Gallery-ის საშუალებით.

განხილვა