3
May
2018

ვიზუალური ხელოვნებისა და ექსპერიმენტული მუსიკის მხარდასაჭრი პროექტის, ATTACAMA-ს პირველი ღონისძიება

3 May 2018

5 მაისს, ყოფილი კინოსტუდიის სივრცეში (დ. აღმაშენებლის 164) პროექტ ATTACAMA-ს პირველი ღონისძიება გაიმართება. საღამოზე Aquarius Heaven, Nikakoi, Tomma,  HIRO და DAROSANA (Antidote) დაუკრავენ. დამფუძნებლების, Hiro, იგივე ლევან ჩხიკვაძისა და თორნიკე მსხილაძის თქმით, მათთვის მთავარი მოტივატორი ელექტრონული მუსიკისა და ზოგადად, ხელოვნების მიმართ დიდი ინტერესი და სიყვარული იყო.

„ბოლო წლებში, ელექტრონული მუსიკის სცენა ძალიან სწრაფად და ეფექტურად განვითარდა. თუმცა,  ბაზარზე რამდენიმეწლიანი დაკვირვების შედეგად, მივხვდით, რომ ქალაქს რაღაც მაინც აკლდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კომპანია, რომელიც საქართველოში ვიზუალური ხელოვნებისა და მუსიკალური ჟანრების ორგანულ სინთეზს მოემსახურება“.

ორგანიზატორები მუსიკალურ ჟანრებზე საუბრისას აქცენტს ექსპერიმენტულ ჟღერადობაზე, მინიმალ და მიკრო ჰაუს მიმართულებაზე აკეთებენ. როგორც თავად ამბობენ, ეს ორიენტაცია, შეძლებისდაგვარად, აისახა პირველი ღონისძიების Line Up-ზე, რომლის „ჰედლაინერიც“ ექსპერიმენტული მუსიკის არტისტი Aquarius Heaven იქნება.

„რეგის, დენსჰოლის და ჰიპ ჰოპის სივრციდან წამოსული არტისტი 2010 წლიდან ელექტრონული მუსიკის პროდიუსერად და ლაივ შემსრულებლად იქცა. Panorama Bar, Rex, Space, Watergate და სხვა გამორჩეული ლოკაციების სტუმარი, Attacama-ს ფარგლებში, ჩვენი სცენის ვეტერანებთან, Nikakoi და Tomma-სთან ერთად დაუკრავს“.

დამფუძნებლების თქმით, Attacama ღონისძიებების ვიზუალურ ნაწილზე განსაკუთრებით გაამახვილებს ყურადღებას.

„პირველ ღონისძიებაზე ნიჭიერ ვიზუალ არტისტ გიორგი შერვაშიძესთან ვითანამშრომლებთ, რომელიც ამ სფეროში,  15 წლიდან საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს. მსმენელს მთელი „ვენიუ“ სახეცვლილი დახვდება. ვგულისხმობ სივრცის არა უბრალო განათებით დატვირთვას, არამედ ე.წ. მეფინგს, რომელიც მუსიკასთან ერთად საინტერესო სინთეზს შექმნის. აღსანიშნავია, რომ ყოველ ჯერზე შეიცვლება ლოკაცია. ვგეგმავთ საქართველოს მასშტაბით ახალ, ჯერ კიდევ აუთვისებელ სივრცეებში შეღწევასაც.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საორგანიზაციო ჯგუფი საქმიანობის სფეროს გაფართოებას აპირებს.

„ჩვენი მიზანია, ვიზუალური ხელოვნებისა და მუსიკის გარდა, მხატვრობის, ზოგადად, სახვითი ხელოვნებისა და სფეროს სხვა მიმართულებების განვითარებაში შევიტანოთ წვლილი“.

[R]

განხილვა