„სკოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვი, 12 წლის განმავლობაში, დღის უმეტეს ნაწილს, სასწავლო დაწესებულებაში ატარებს. ეს პერიოდი, ხშირ შემთხვევაში, მათ მომავალს განაპირობებს“, – ამბობს საკონსულტაციო კომპანია, „Future Laboratory”-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე. მისი თქმით, სკოლის შერჩევისას, მშობლები ბევრ ფაქტორს აქცევენ ყურადღებას, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ხშირ შემთხვევაში, უყურადღებოდ რჩებათ. მიაჩნია, რომ დღეს სკოლებში, მეტ-ნაკლებად, სწავლების იგივე ფორმატია, რაც მე-19 საუკუნეში იყო.

ირაკლი ქაშიბაძე: შეიცვალა სკოლების ტექნიკური აღჭურვილობა, მაგრამ გაკვეთილები იმავე პრინციპით ტარდება. საკლასო განათლება, სადაც ბავშვები 40-45 წუთი სხედან მერხებთან, 2 საუკუნის წინ ჩამოყალიბდა. მაშინ მთავარი ამოცანა იყო, სტანდარტიზებული ცოდნა გადაეცათ აგრარულ ფორმაციაში მყოფი საზოგადოებისათვის და ადამიანები ინდუსტრიული ეპოქისთვის მოემზადებინათ. სასკოლო სწავლების პროცესი, ხშირ შემთხვევაში, ქარხნის გარემოს გვაგონებს, სადაც არსებობს სამუშაოს დაწყების მანიშნებელი ზარი, საჭიროა დაზეპირებული საქმის შესრულება და არ არის მნიშვნელოვანი შემოქმედება. გაკვეთილის მსვლელობისას, არ შეიძლება ადგომა, გავლა, აზრის გამოთქმა (მხოლოდ ხელის აწევით) და არსებობს ბევრი სხვა შეზღუდვა. ბავშვი, პირველი კლასიდან, პასიურ მსმენელად, შემსრულებლად იზრდება და ვალდებულია, გაუნძრევლად მოუსმინოს მითითებებს, დაიზეპიროს, შემდგომ კი შეასრულოს დავალება.
ანუ თვლით, რომ დღეს, სასკოლო სწავლების პროცესში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება არ ხდება?
დიახ, სკოლებში, უმეტესწილად, არ ხდება ბავშვის ინტერესების გათვალისწინება, ის არ არის სწავლების პროცესში აქტიურად ჩართული, არ სწავლობს ცოდნის დაკავშირებას რეალურ ცხოვრებასთან და რეალური პრობლემების გადაწყვეტას.
სწავლების რა ალტერნატიული ფორმატი შეიძლება განვიხილოთ სიტუაციის შესაცვლელად ?
ყველას გვსმენია ფინური განათლების სისტემის შესახებ, მაგრამ უმეტესობამ არ იცის, რომ პრინციპები, რომელიც განაპირობებს ფინური განათლების სისტემის წარმატებას, ჯერ კიდევ 100 წლის წინ გაჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯონ დუი ის მეცნიერია, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ამბობდა, რომ სწავლება უნდა მიმდინარეობდეს კეთების პროცესში და იყოს მორგებული რეალურ ცხოვრებასა და ბავშვის ინტერესებზე, მოსწავლე კი ამ ცოდნას გამოწვევებისა და პრობლემების გადასაჭრელად იყენებდეს. აღნიშნულ პროცესს პროექტებზე დამყარებული სწავლება ეწოდება (Project Based Learning – PBL).
რას გულისხმობს პროექტებზე დამყარებული სწავლება?
ამ მეთოდით ბავშვი საგნებს კონკრეტულ პრობლემაზე და საკითხზე მუშაობის პროცესში სწავლობს. ის პრაქტიკულ ცოდნას იღებს და უფრო ინტერესდება კონკრეტული საგნით, მათ შორის საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებებით. პროექტებზე დამყარებული სწავლება განაპირობებს ბავშვის ლოიალობის ზრდას სკოლის მიმართ, იმატებს მისი ცოდნის ხარისხი და უვითარდება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების 47% რობოტიზებული იქნება. ხელოვნური ინტელექტი უკვე საკმაოდ დიდ კონკურენციას უქმნის სხვდასხვა პროფესიის ადამიანს. დღეს, გარკვეული დავალების შესასრულებლად, შესაძლებელია Google-ით ხმოვანი საუბრის წარმოება. მაგალითად, რესტორანში ადგილის დაჯავშნა. მოსწავლეები, სკოლის დასრულებისას, აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდებიან. გაჩნდება ახალი პროფესიები და მათ დასჭირდებათ სხვა უნარ-ჩვევები, ცოდნა, რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელი განათლების სისტემა ვერ აძლევს.
რას მისცემს მოსწავლეებს პროექტებზე დამყარებული სწავლება?
21-ე საუკუნეში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: კრეატიული აზროვნება, კომუნიკაციის და კოლაბორაციის უნარი, კრიტიკული აზროვნება. ბავშვებმა დღესვე უნდა დაიწყონ მომავლის პროფესიების – პროგრამირების, კომპიუტერული მოდელირების, 3D ბეჭდვის, ინდუსტრიული რობოტოტექნიკის, ელექტრონიკის – ათვისება. სამწუხაროდ, ახლანდელი სასწავლო პროგრამა და მასწავლებელი, ვერ უზრუნველყოფს ცოდნის რეალური სამყაროს პროცესებთან, ტექნოლოგიებთან და გამოწვევებთან ბმას. მასწავლებელთა უმეტესობა, შეკითხვაზე, რისთვის სწავლობს ბავშვი მათემატიკას, პასუხობს, რომ ეს ტვინის კარგი სავარჯიშოა. ყველა ბავშვი შემოქმედია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სკოლა განაპირობებს, რომ მოსწავლე იყოს შეზღუდული, არ ჰქონდეს რაღაცის გაკეთების უფლება, იჯდეს ჩუმად. ასე ბავშვი ცხოვრების პასიურ მონაწილედ ყალიბდება. სამყაროს კი ცვლიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი და შესაბამისი ცოდნა. ამიტომ, ნუ მოვკლავთ ამ სურვილს სკოლებში.
[R]