Amazon იმ კომპანიების ჩამონათვალს უერთდება, რომლებიც ე. წ. აუდიო თამაშებშია ჩართული. კომპანია ახალ აპლიკაციას ავითარებს, სახელწოდებით Project Mic – იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ცოცხალი რადიო შოუები შექმნან და გაავრცელონ. თავის მხრივ, ამ პროექტის მთავარი მიზანი რადიოს დემოკრატიზაცია და ხელახალი გამოგონებაა…
მსმენელებს ახალი მახასიათებლის გამოყენება შეეძლებათ როგორც აპლიკაციის, ისე იმ მოწყობილობების საშუალებით, რომლებიც აღჭურვილია Audible, Twitch, Alexa და Amazon Music-ით. ასევე, აპი ოპტიმიზირებული იქნება მანქანისთვის, რაც ამაზონის იდეას – “რადიოს ხელახლა გამოგონებას” კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
საგულისხმოა, რომ პროგრამის ორგანიზებისთვის, ნებისმიერ მსურველს შეუძლია Amazon-ის მუსიკალური კატალოგის გამოყენება. საწყის ეტაპზე კომპანია პროექტში ნიჭიერი, ცნობილი ადამიანების ჩართვასაც გეგმავს, რათა აპლიკაცია მალევე გახდეს პოპულარული. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია მუსიკაზე მეტად არის ორიენტირებული, იგი სხვა სფეროებსაც მოიცავს – პოპ კულტურა, კომედია და სპორტი.
ამ აპლიკაციით ამაზონი ისეთი კომპანიების გვერდით იკავებს ადგილს, როგორებიცაა Apple, Spotify და Sonos. თითოეული მათგანი რადიოსთან დაკავშირებული კონტენტის შექმნაზე მუშაობს, რათა ციფრულად გაიმეორეს “ძველი” გამოცდილება. თუმცა ყველასაგან განსხვავებით, ამაზონს აშკარა უპირატესობა აქვს – კერძოდ, შოუების მასპინძლობა ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. გარდა ამისა, Echo მოწყობილობების საშუალებით, აუდიო ზარების განხორციელება და ლაივ ღონისძიებების ჩატარებაც შესაძლებელია.
მართალია, მსგავსი იდეა ქლაბჰაუსსაც ჰქონდა, თუმცა მის განსახორციელებლად ჯერ კიდევ არ უპოვია გზა. იგი უფრო მეტად სოციალური ქსელისკენ არის მიმართული, ვიდრე ვინმეს აუდიო საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამავდროულად, Spotify განსაკუთრებით დაინტერესებულია მანქანაზე დომინირებით. კომპანია დილის შოუს იწყებს, რომელიც პერსონალიზებულ მუსიკალურ რეკომენდაციებს აერთიანებს.