17
Dec
2019

რუსულმა სტარტაპმა რეალური ადამიანების ასლი რობოტების გაყიდვა დაიწყო

17 Dec 2019

Alta
Alta


რუსული სტარტაპი Promobot ავტონომიურ რობოტებს ყიდის. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ადამიანი, რომლის ასლ რობოტსაც კომპანია დაამზადებს. გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ Promobot, როგორც ავტონომიური რობოტების მწარმოებელი, არსებული ადამიანების ვიზუალური ასლი რობოტების მასპროდუქციას იწყებს. რელიზის მიხედვით, რობოტი სახელად Robo-C არის მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდი ანდროიდი, რომელიც არამხოლოდ იმეორებს კონკრეტული ადამიანის ვიზუალს, არამედ ერგება ნებისმიერი ტიპის სამუშაო სივრცესაც.

Robo-C-ის შეკვეთა შესაძლებელია როგორც პირადი, ასევე, საქმიანი მიზნებისთვის და რაც მთავარია, მომხმარებელს შეუძლია შეკვეთისას განსაზღვროს, ვისი ასლი უნდა რომ დაუმზადონ… ჯერჯერობით, უცნობია მსგავსი სიახლის სამართლებრივი მხარე, მაგალითად ის, თუ რამდენად შეგვიძლია დავამზადოთ კონკრეტული ადამიანის ასლი რობოტი, თუ მისი იურიდიული თანხმობა არ გვაქვს. ან საერთოდ, როგორია საკანონმდებლო ჩარჩო, თუ პირი, რომლის ასლიც უნდა შექმნან ცნობილი, გარდაცვლილი ადამიანია. მაგალითად, Promobot-მა უკვე დაამზადა ალბერტ აინშტაინის ასლი რობოტი.

Robo-C-ს კიდურები არ აქვს და შესაბამისად, სიარული არ შეუძლია. თუმცა, მის კისერს სამგრადუსიანი თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობა აქვს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რობოტის სახეს 18 მოძრავი ნაწილი აქვს, რაც მას 600 მიკროემოციის გამოხატვის საშუალებას აძლევს, მის ხელოვნურ ინტელექტსა და 100 000 საუბრის მოდულზე დაყრდნობით.

რაც შეეხება Robo-C-ის გამოყენებას, უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთ მათგანს საზოგადოებრივ სერვისცენტრებში გამოიყენებენ, მაგალითად, პასპორტის სკანირების მიზნით. სხვა მხრივ კი, რობოტების გამოფენისთვის, როგორც უკვე ვთქვით, შეიქმნა ალბერტ აინშტაინის მოდელი.

Promobot აქამდეც იქცევდა მედიის ყურადღებას. მაგალითად, Telegraph-ის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში, მათ ტელევიზია Russia-24-ის პირდაპირ ეთერში, მათი რობოტი ალექსი წარადგინეს, რომელმაც ახალი ამბები წაიკითხა.

განხილვა