28
Oct
2019

„ესაა გუნდი, რომელიც ზემოდან კი არა, შუაგულიდან იმართება“ – მოკლედ, „პრომო ჰაუსზე“

28 Oct 2019

„არსებობს ოცნებები, რომელთაც ბოლომდე უნდა გაჰყვე, განსაკუთრებით, მაშინ როცა გჯერა საკუთარი თავის და პარტნიორის. სწორედ ამ ოცნებას გავყევით ბოლომდე – ორმა მეგობარმა შევქმენით კომპანია, დიდი ენთუზიაზმით და წარმატების იმედით, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამართლდა. სანამ კომპანია შეიქმნებოდა, ყოველთვის ჯიუტად გვჯეროდა, რომ ჩვენი მონდომება, დარწმუნებულობა და გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდებოდა წარმატების მისაღწევად“, – ასე იწყებს მარკეტერთან საუბარს სარეკლამო სააგენტო „პრომო ჰაუსის“ თანადამფუძნებელი – ნატუკა ფოფხაძე. მისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი – თეკლა ჭუმბურიძე კი გვეუბნება, რომ კომპანიის სახელი მათ სახლთან გაიგივებულ, მყუდრო, მოხერხებულ და მშვიდ სამუშაო გარემოს ასახავს. 

„პრომო ჰაუსი“ ბაზარზე 2017 წლის მიწურულს გამოჩნდა და მას შემდეგ, ძირითადად, ბრენირებული პრომოაქსესუარების, გარე რეკლამის, პოლიგრაფიის, სპეცტანსაცმლის, მაისურების, უნიფორმების, ჰუდების კერვა-დამზადების, ფოტო-ვიდეო მომსახურებისა თუ ღონისძიებების ორგანიზების კუთხით მუშაობს. მათი ხედვა კი გულისხმობს ახალი ტენდენციების აღმოჩენას და მათზე მორგებას. 

სარეკლამო სფერო ჩვენს ქვეყანაში მაინც ახალ მიმართულებად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო ბიზნესი წლიდან წლამდე ვითარდება როგორც სათანადო კადრების მოძიება-გადამზადებით, ასევე ახალი მომსახურებების შეთავაზებით, გამოწვევები მაინც ბევრია. არის მომსახურებები, რომელთა შეძენაც ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არ არის შესაძლებელი და გვიხდება გარე მომწოდებლებზე ვიყოთ დამოკიდებული. მაგრამ იმედი გვაქვს, ადრე თუ გვიან, ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოში იმის განვითარებაში, რაც დღეს საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს“, – ამბობს ნატუკა ფოფხაძე. 

M: როგორია კომპანიის განვითარების დინამიკა დაარსებიდან დღემდე? რა სერვისები გქონდათ მაშინ და რა მიმართულებით მუშაობთ დღეს?
ნატუკა: დღესაც ისეთივე ენთუზიაზმით ვმუშაობთ, როგორიც კომპანიის დაარსების პირველ დღეს გვქონდა და მივიჩნევთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც წარმატებას განაპირობებს. თავდაპირველად მუშაობა პრომოაქსესუარებით დავიწყეთ. მოკლე დროში, სწრაფი ტემპებით განვვითარდით და ეტაპობრივად სერვისიც გავაფართოვეთ. დღეს ფართო სპექტრის მომსახურებას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. ქართველი მომხმარებელი განსაკუთრებით გემოვნებიანია, მომთხოვნია და ჩვენ განწყობილები ვართ, მოვერგოთ მათ ინდივიდუალიზმს. ასევე, მაქსიმალურად ვზრუნავთ პროდუქციის ხარისხზე.

თეკლა: მაღალი კონკურენციის გამო, საკმაოდ რთულია ნდობის მოპოვება, განსაკუთრებით ისეთ დიდ, ჩამოყალიბებულ და მომთხოვნ კომპანიებთან, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. ვამაყობთ, რომ ჩვენი ახალგაზრდა კომპანიით მოვახერხეთ კონკურენცია გაგვეწია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გიგანტი სარეკლამოებისთვის და ჩვენი ინოვაციური, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურებით მჭიდრო და სანდო თანამშრომლობა დავამყარეთ უმსხვილეს კომპანიებთან. ეს გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა და რა თქმა უნდა, დღესაც ვეცნობით მსოფლიოს სარეკლამო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს და განვაგრძობთ ჩვენი მომხმარებლისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომ მათთვის ჩვენთან თანამშრომლობა იყოს საინტერესო, მოხერხებული, მოქნილი და ზუსტად ის პროდუქტი მიიღონ, რაც სურთ და გამოადგებათ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი სერვისი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საბოლოოდ, ჩვენი დამკვეთი კომპანიების წარმატების წინაპირობაა. 

M: ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და შესაბამისად, როგორ კომპანიებთან თანამშრომლობის მოლოდინი გაქვთ?
ნატუკა: ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საკმაოდ განებივრებულები ვართ ქართულ ბაზარზე არსებულ წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობით. დღითიდღე იზრდება ჩვენით კმაყოფილი მომხმარებლების სია. ერთი კმაყოფილი მომხმარებელი მეორეს უწევს რეკომენდაციას, რაც მოტივაციას კიდევ უფრო გვიზრდის, რომ მუდმივ განვითარებაზე ვიფიქროთ. წარმატებულად ვთანამშრომლობთ წამყვან ქართულ კომპანიებთან, როგორიცაა: „სფეისი“, „ფინკა ბანკი“, „ალდაგი“, „თეგეტა მოტორსი“, „ნაბეღლავი“, „ვიანორი“, „კრისტალ ბეთი“, „არდი“, „ციტადელი“. აქვე, გვინდა ავღნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი – მაგთიკომის ინოვაციური ციფრული ოთახი, რომელიც საქართველოში პირველად გაკეთდა. 

თეკლა: ჩვენი კარი ნებისმიერი კომანიისთვის ღიაა, არ აქვს მნიშვნელობა, დამწყებია, თუ ძველი და ცნობადი. ჩვენი უდიდესი სურვილია ექსპორტზე მუშაობა, რაზეც გვაქვს გეგმები და სამომავლოდ შემოგთავაზებთ სიახლეებსაც. 

M: როგორია კონკურენტული გარემო თქვენს სფეროში და რა გამოარჩევს „პრომო ჰაუსს“ ბაზარზე?
ნატუკა: კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ჯანსაღ კონკურენციას მივესალმებით, რადგან ეს მნიშვნელოვანია ტონუსის შესანარჩუნებლად და ტემპის განსაზღვრისთვის. კონკურენცია გიბიძგებს, რომ იყო გამუდმებულ ძიებაში, იყო ინოვაციური, თამამი, მუდამ ვითარდებოდე და იყო საუკეთესო, რომ არჩევანი შეაჩერონ შენზე! მთელი ჩვენი ზრუნვა მიმართულია კომპანიის იმიჯზე, რის გამოც ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა შეკვეთა – დიდი თუ პატარა კომპანიის, დროულად და ხარისხიანად შესრულდეს.

თეკლა: კონკურენტებისგან გამოვირჩევით და გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს ის ფაქტიც, რომ არ გვყავს შუამავალი უცხოურ ბაზარზე. პირდაპირი კავშირები გვაქვს საზღვარგარეთის ფაბრიკა-ქარხნებთან და დამამზადებელ კომპანიებთან. „პრომო ჰაუსის“ სანდო რეპუტაციამ და სტაბილურმა განვითარებამ ამაშიც შეგვიწყო ხელი. ვთანამშრომლობთ თურქულ, ჩინურ, ესპანურ კომპანიებთან. ვიწყებთ ურთიერთობას გერმანულთანაც. ვეძებთ და ვსწავლობთ სხვა ქვეყნების გამოცდილებებსაც.

M: რა არის მთავარი ღირებულება, რომლის გათვალისწინებითაც „პრომო ჰაუსის“ გუნდი მუშაობს? 
ნატუკა: ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიზეზი, რის გამოც ჩვენი საკუთარი კომპანია შევქმენით, არის მენეჯმენტისა და გუნდურობის განსხვავებული, დასავლური ხედვა. უპირატესობას ვანიჭებთ გუნდურ მართვას, ვერტიკალების გარეშე, ანუ წამყვანი რგოლები ჩვენი თანამშრომლები არიან და თავსაც მათ გვერდით განვიხილავთ. ესაა გუნდი, რომელიც ზემოდან კი არა, შუაგულიდან იმართება. ესაა გუნდი, სადაც ყველა მნიშვნელოვანი, თავისუფალი და თამამია. შესაბამისად, მნიშნელოვანი ხდება, რომ ერთმანეთის დახმარებაზე, განათლებაზე, განვითარებაზე ვიზრუნოთ, რაც საბოლოო ჯამში კომპანიისა და თითოეული ჩვენგანის მომავალზე ზრუნვაა. წარმატებისთვის საჭიროა, რომ თითოეულმა თანამშრომელმა მაქსიმალურად შეძლოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება. პრომო ჰაუსში ერთმანეთს ვუზიარებთ როგორც ცოდნას და გამოცდილებას, ისე ჩვენს საჭიროებებსა და მომავლის ოცნებებს. ასე რომ, ჩვენი ღირებულებები ჩვენი გუნდურობა და საერთო ოცნებებია.

თეკლა: დავამატებ, რომ ჩვენი ღირებულება ასევე იმ ხედვაშია, რომ მომხმარებელს ისეთი პროდუქტი ან მომსახურება შეურჩიო, რომელიც მას უნდოდა, შესთავაზო ყველანაირი შესაძლებლობა რომ საკუთარი სურვილები რეალობად აქციოს და, თუ შესაძლებელია, მომხმარებელს არც აგრძნობინო, რომ „ფორსმაჟორების“ გადალახვა დაგჭირდა. 

M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი კომპანიისგან? 
ნატუკა: გვაქვს საკმაოდ ფართო, ახალი, კარგი კავშირები, საიმედო მომწოდებლები და სტაბილური პარტნიორები. მივიჩნევთ, რომ სარეკლამო სფეროში, ამ ეტაპისთვის, ჩვენი ნიშა გვიკავია. თუმცა, მთავარი სურვილი, რაც ამჟამად გვამოძრავებს, არის კომპანიის შემდგომი განვითარება – შესაძლებლობების განვითარება და უსასრულოდ მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება.

ცოტა უფრო სამომავლო და ამბიციური მიზნები კი უკავშირდება საკუთარი წარმოების შექმნას, განსაკუთრებით იმ პროდუქციის, რაც საქართველოში არ არის. ამით ქვეყანაში იმპორტი შიდა წარმოებით ჩანაცვლდება და შესაბამისად, მეტი ადამიანი დასაქმდება. შემდგომი ეტაპი კი ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანას უკავშირდება. ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას მოგვცემს.

თეკლა: რა თქმა უნდა, როგორც ყველა დამწყებ, მოტივირებულ კომპანიას, გვინდა, რომ გავფართოვდეთ. ვიპოვოთ ახალი კადრები, ახალგაზრდებს დავეხმაროთ თავისი თავის აქვე, საქართველოში რეალიზებაში. მაქსიმალურ შრომას ჩავდებთ თითოეულ მათგანში, რაც ასევე პირდაპირ კავშირში იქნება პრომო ჰაუსის წინსვლასთან. ამ ეტაპზე ვაპირებთ გაფათოებას და საკუთარი სამკერვალოს შექმნას.

[R]

განხილვა