in

დაწინაურების ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რამდენად ეფექტურად შეგიძლიათ გუნდის წევრებთან ურთიერთობა

თუ მენეჯმენტისთვის ნათელი იქნება, რომ კოლეგებთან ჯანსაღი ურთიერთობა შეგიძლიათ და მზად ხართ, გამარჯვება სხვებთან ერთად გაინაწილოთ, იცოდეთ, რომ სწორედ აქედან იხსნება თქვენი დაწინაურების შესაძლებლობები.

ოდესმე თქვენთვის უთქვამთ, რომ დაწინაურებისთვის „უბრალოდ, მზად არ ხართ“? და გქონიათ, თუ არა უსამართლობის განცდა, ვინაიდან ძალიან დიდ ძალისხმევას დებდით სამსახურში და უფროსის მხრიდან, ასეთი უკუკავშირი თქვენთვის სრულიად ბუნდოვანი აღმოჩნდა?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამის ერთ-ერთი პასუხია, რომ შესაძლოა, თქვენ მთელი დრო უნარების განვითარებას მოახმარეთ, მაგრამ არაფერი გიქნიათ სამსახურებრივი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

დღეს, 5 რეკომენდაციას გაგიზიარებთ, რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ დაგაწინაურონ:

1) იცოდეთ, თქვენს საქმეში რით ხართ გამორჩეული და ეს უნარი სხვების დასახმარებლად გამოიყენეთ.
დაწინაურებისთვის აუცილებელია, მენეჯმენტმა დაინახოს, რომ თქვენ სხვებთან კარგად მუშაობა შეგიძლიათ – ანუ, შეგიძლიათ, წარმატებას მიაღწიოთ არა ინდივიდუალურად, არამედ კოლექტიურად – გუნდთან ერთად.

იქნებ, სტრატეგიის დასახვა გეხერხებათ, ან ტენდენციების შემჩნევა – ერთმანეთთან, ერთი შეხედვით, შეუსაბამო ინფორმაციის დაკავშირება? ან საუკეთესო კომუნიკატორის როლს ხომ არ მოირგებდით, რომელიც სათქმელს ყველასთვის გასაგებ ენაზე გადმოსცემს?

ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა არის თქვენი საუკეთესო უნარი? რა ტიპის პრობლემების გადაჭრისთვის მოგმართავენ სხვები? ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით და მისი დახმარებით, მეგობრული გზა იპოვეთ, სხვებთან სასარგებლო ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. მაგალითად, თუ პრეზენტაციების გაკეთება გეხერხებათ, შესთავაზეთ კოლეგებს დახმარება…

თუ ამ შესაძლებლობის დემონსტრირება ახლავე შეგიძლიათ, დაიწყოთ, მენეჯმენტი უფრო მარტივად დაიწყებს ფიქრს თქვენთვის დამატებითი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

2) გაიგეთ, სხვები როგორ გხედავენ – და თქვენი პერსპექტივა „მე-დან“ „ჩვენზე“ შეცვალეთ.
იპოვეთ შესაძლებლობა, მიიღოთ უკუკავშირი, სხვები როგორ გხედავენ. ეს დაგეხმარებათ, გაეცნოთ ქცევას, რომელიც შესაძლოა, თქვენს ეფექტიან მუშაობას ხელს უშლის და კარიერულ წინსვლას აფერხებს.

განვიხილოთ აარონის მაგალითი, რომელსაც უფროსმა უთხრა, რომ იგი დაწინაურებისთვის, „უბრალოდ, მზად არ იყო“ , მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ არსებულ მოლოდინებს აარონი ყოველთვის აჭარბებდა.

კოლეგების გამოკითხვის შედეგად, დადგინდა, რომ აარონი იბლოკებოდა იმის გამო, რომ ის „გუნდური მოთამაშე არ იყო“. დაკისრებულ მოვალეობებს საუკეთესოდ უმკლავდებოდა, თუმცა ის იყო შემსრულებელი – „მარტოხელა მგლის“ სტატუსით.

მას შემდეგ, რაც აარონმა სტრატეგიის დაგეგმვაში გუნდის წევრების ჩართვა დაიწყო, სხვებს უფრო მეტად უსმენს, ნაკლებად საუბრობს და მის ლექსიკაში „მე-ს“ ადგილს ნელ-ნელა ანაცვლებს „ჩვენ“. ეს კი, მისი დაწინაურების შანსს ზრდის.

3) ასწავლეთ სხვებს, რომ ხელმძღვანელობის უნარი განივითაროთ.
„სანამ ლიდერი გახდებით, წარმატება საკუთარი თავის ზრდაზე ზრუნვას ნიშნავს. მაგრამ როდესაც ლიდერი ხართ, წარმატება სხვების გაზრდას გულისხმობს“.

ერთ ასეთ მაგალითსაც გაგიზიარებთ: ახალგაზრდა ქალი, ძალიან კარგი პროფესიონალი, თუმცა საშინლად მორცხვი იყო და ვერ ახერხებდა ხელმძღვანელობის ნდობის მოპოვებას. მას შემდეგ, რაც კოლეგას დახმარება სთხოვა და მისი ქცევის კორექციისთვის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, მან სიმორცხვე დაძლია და საბოლოოდ, დააწინაურეს კიდევაც.

და ეს ძალიან სასიამოვნოა. როდესაც სხვებს ეხმარები, თავს მშვენივრად გრძნობ, მით უფრო მაშინ, როცა ისინი მადლიერებას გამოხატავენ. და ზუსტად ეს არის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი თვისებაც – სხვების დახმარებით მონიჭებული სიამოვნებით კმაყოფილება.

4) ისწავლეთ, როგორ უნდა იმუშაოთ პროდუქტიულად თქვენთვის რთულ პიროვნებებთან.
არიან ადამიანები, რომელთანაც მუშაობა უფრო მეტად გვიჭირს, ვიდრე სხვებთან. რაც უფრო ადრე ამოიცნობთ პიროვნების სპეციფიკურ მახასიათებლებს, მით უფრო ნაკლები დრო დაგჭირდებათ მათთან ეფექტურად მუშაობის სტრატეგიების შემუშავებაში.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან სანამ ასეთ თანამშრომლებთან სწორ კომუნიკაციას ვერ დაამყარებთ, მანამდე სულ პრობლემა იქნება თქვენს ურთიერთობაში. ამის მოტივაცია კი, მოსალოდნელი შედეგიი შეიძლება, გახდეს, ვინაიდან როდესაც პასუხისმგებლობას ნებისმიერ კოლეგასთან ურთიერთობაზე იღებთ, მენეჯმენტს სურვილს უჩენთ, რომ თქვენს დაწინაურებაზე იფიქრონ.

ჩადეთ ინვესტიციები კოლეგებთან, პარტნიორებთან ურთიერთობებში. ეს სამუშაო პროცესში ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რამაა, რაც საკუთარი თავისთვის შეგიძლიათ, გააკეთოთ.

5) დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები თქვენს სამუშაო ურთიერთობებში.
ადვილი იქნება ხაფანგში ჩავარდნა იმის რწმენით, რომ დამატებითი საათები ხელს შეუწყობს თქვენს დაწინაურებას. მეტი პასუხისმგებლობის აღება ნამდვილად არ ნიშნავს ყველაფერზე „დიახ“ თქმას. უფრო მეტიც, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ, როდის თქვათ უარი. გამოიჩინეთ გონიერება, იყავით დიპლომატიური და ისწავლეთ დელეგირება.

ის, რაზეც სჯობს „დიახ“ თქვათ: მოხალისეობრივად ჩართვა მრავალფუნქციურ სამუშაო ჯგუფში – თქვენი სანაცნობო ქსელის გაფართოების შესაძლებლობით, ახალი უნარების დასწავლისა და კომფორტის ზონიდან გამოსვლის მოტივით და სხვ.

თუმცა იყავით წინასწარგანზრახული. მიზნად დაისახეთ იმ პროექტების შესრულება, რომლებიც შემოსავლის მომტანი ან სტრატეგიულად გამართლებული იქნება, ანუ ისეთების, რომლებიც თქვენი ორგანიზაციის ეფექტურობას ან მოგებას გაზრდის. თავიდან აიცილეთ წმინდა სოციალური ღონისძიებები (მაგალითად, ოფისის წვეულება)… ადრე დაიწყეთ დიპლომატიური „არას“ თქმის უნარის ჩამოყალიბება. და გააცნობიერეთ, რომ შეიძლება, თქვენი ზემდგომი ასაკითაც და სტატუსითაც უფროსია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რასაც დაგავალებთ, ყველაფერზე, ფილტრის გარეშე, თანხმობა განაცხადოთ.

თუ მენეჯმენტისთვის ნათელი იქნება, რომ კოლეგებთან ჯანსაღი ურთიერთობა შეგიძლიათ და მზად ხართ, გამარჯვება სხვებთან ერთად გაინაწილოთ, იცოდეთ, რომ სწორედ აქედან იხსნება თქვენი დაწინაურების შესაძლებლობები.

 

წყარო: HBR



Twitter-ზე უცნაური შეცდომა დაფიქსირდა – რამდენიმე მომხმარებელს ანგარიშზე წვდომა შეეზღუდა

საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს