ინტერნეტ სივრცეში გამოსახულების ახალი გენერატორი გამოჩნდა და მას არაფერი აქვს AI-სთან საერთო. ეს არის Prompt Brush, რომელიც მუშაობის „ტრადიციულ“ ფორმას იყენებს: შედიხართ ვებგვერდზე, წერთ მოთხოვნას; შემდეგ კი გრაფიკოს დიზაინერი პაბლო დელკანი შესაბამის ნამუშევრებს შექმნის. აქ შესაძლებელია როგორც კონკრეტული მოთხოვნების მიცემა, ისე რთული და მეტად აბსტრაქტულის — მაგალითად: „ჟირაფი წონასწორობას კარგავს“; „პატიება“.
რა თქმა უნდა, დღევანდელ რეალობაში მარტივია AI გიგანტების გამოყენება და სასურველი შედეგების სულ რამდენიმე წუთში მიღება. უბრალოდ, Prompt Brush-ის განსაკუთრებულობა მის „ადამიანურ ნაწილში“ მდგომარეობს. ერთი ინდივიდი სუბიექტურ ჭრილში განავრცობს მოთხოვნებს, აბსტრაქტული და კონკრეტული მოთხოვნების ინტერპრეტაციით მუშაობს.
თავიდან ყველაფერი ინსტაგრამზე ჩატარებული ექსპერიმენტით დაიწყო, მაგრამ იდეა მალევე გავრცელდა. ამიტომაც, დამოუკიდებელი ვებგვერდი შექმნა. „გადავწყვიტე, საკუთარი თავი გამოსახულების გენერატორის მოდელად გადამექცია. თანაც იმავე ენისა და სწრაფი სისტემის გამოყენებით, რასაც ChatGPT-ისთვის ან Midjourney-ისთვის ვიყენებთ. მინდოდა მენახა, როგორ იმოქმედებს ადამიანი ანალოგიურ პირობებში“, — განმარტავს დელკანი.
თითოეული ნახატის შექმნას ერთ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. ზოგჯერ დელკანი სამ ან ოთხ ვარიაციას ქმნის, შემდეგ კი საუკეთესოს თავად ირჩევს.