ძილის დროს ოდესმე გიგრძნიათ, რომ სიზმარში ხართ? ეს ლუციდური მდგომარეობაა, როცა იაზრებთ, რა გესიზმრებათ და გაქვთ უნარი, აკონტროლოთ ან მანიპულაცია მოახდინოთ სიზმრის ნარატივზე. როგორც აღმოჩნდა, ლუციდური სიზმრების ფენომენს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ადამიანთა დაახლოებით 70% განიცდის… ბაზარზე კი ინოვაციური პროდუქტი Halo გამოჩნდა. ეს ამ წლის დასაწყისში დაფუძნებული სტარტაპის Prophetic-ის პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს ლუციდური სიზმრების დროს ნარატივის შექმნისას მეტად პროდუქტიულს გახდის.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ადამიანები სიცოცხლის მესამედს ძილში ატარებენ, Prophetic-ის მიზანი, სიზმრის კონტროლი სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანოს, სრულიად ლოგიკურ სვლად მოგვეჩვენება. თანაც ამისთვის ილონ მასკის Neuralink N1-ის დიზაინერთან აფშინ მეჰინთან ერთად მუშაობდნენ…
მოწყობილობა ულტრაბგერებსა და მანქანური სწავლების მოდელებს იყენებს, რომლებიც EEG & fMRI მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა, რათა დაადგინოს, როდის არიან მომხმარებლები REM მდგომარეობაში, რომ უკეთ შეძლოს ლუციდური სიზმრების დასტაბილურება. იმედოვნებენ, რომ ასე „ცხოვრების ყველაზე დიდ კითხვებს გასცემენ პასუხს“… Halo კი ზუსტად ისე შეგიძლიათ დაიდგათ თავზე, როგორც გვირგვინი, რისთვისაც, სავარაუდოდ, 2025 წელს 1500-2000 დოლარის გადახდა მოგიწევთ.
საინტერესოა ისიც, რომ პროდუქტი Donders Institute-ის კვლევას ეფუძნება, რომელიც ტვინის კონკრეტულ რეგიონებსა და ულტრაბგერით სიხშირეებს შეისწავლის ოპტიმალური ლუციდური სიზმრების ინდუქციისთვის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტი სკეპტიციზმით უყურებს ფაქტს, რომ ჩვენ ლუციდური სიზმრების გამოსადეგ ხელსაწყოებად გარდაქმნას შევძლებთ…