16
Sep
2019

პროთეზი, რომელსაც ადამიანი და ხელოვნური ინტელექტი ერთად მართავენ

16 Sep 2019

veon
veon


რაც დრო გადის, კიდურების პროთეზები სულ უფრო იხვეწება, თუმცა მათი სისწრაფისა თუ აკურატულობის ზრდა ყოველთვის როდი ითარგმნება მათი მოხმარების სიმარტივედ და ეფექტურობად, რადგან ადამიანს, რომელსაც ამპუტირებული აქვს კიდური, არც ისე მარტივად შეუძლია პროთეზის კონტროლი. შვეიცარელი მკვლევარების მიერ შემუშავებული მოდელის მიხედვით კი, პროთეზების საკონტროლოდ, მაღალეფექტურია მექანიკური მართვისა და ხელოვნური ინტელექტის გაერთიანება.

რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად საჭიროა მსგავსი კომბინაცია, უნდა დავდგეთ იმ ადამიანის ადგილას, რომელსაც მაგალითად, ხელი აქვს ამპუტირებული, იდაყვის ქვემოთ. იდაყვზე დარჩენილი კუნთებისა და ნერვული დაბოლოებების დახმარებით, ადამიანს შეუძლია მიმართოს პროთეზი მაგიდისკენ, სადაც ჭიქა დგას, თუმცა, რა ხდება შემდეგ? მაშინ, როცა ადამიანს არ აქვს ის კუნთები, თუ ნევრული ქსოვილები, რომლებიც მისი თითების მოძრაობას უზრუნველყოფს, შეუძლებელი ხდება პროთეზის თითების მექანიკურად მართვა. შესაბამისად, შეუძლია პროთეზს მიმართულება მისცეს, თუმცა ჭიქას მაგიდიდან ვერ აიღებს. ასე, მოქმედების მხოლოდ ნახევრის შესრულება ხდება შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ, შვეიცარელმა მეცნიერებმა, ლოზანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, იზრუნეს პროთეზის გამოყენების ამ ნაწილის უზრუნველყოფაზე. საქმეში ჩართეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც პროთეზის მომხმარებელს ყოველდღიურ ცხოვრებას საგრძნობლად შეუმსუბუქებს, რადგან დაეხმარება თუნდაც ისეთი, ერთი შეხედვით მარტივი მოძრაობის შესრულებაში, როგორიც მაგიდიდან ჭიქის აღება და პირამდე მიტანაა.

პროთეზი იწვრთნება მანქანური სწავლების მოდელის მიხედვით. მას ასწავლიან სხვადასხვა მოძრაობას, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მიუახლოვონ ბუნებრივი ხელის ფუნქციას. წვრთნებისას მიღებულ ბაზისურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროთეზში ჩაშენებულმა ხელოვნურმა ინტელექტმა იცის, რა ტიპის მოქმედება როგორ შეასრულოს, ამას ის ობიექტთან კონტაქტის არეალის მონიტორინგის გზით აკეთებს და ახდენს ბუნებრივი ხელის იმპროვიზებას, რეალურ დროში. ამ მოდელს „ხელიდან“ გამსხლტარი ნივთის დაჭერაც კი შეუძლია. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მაგიდიდან აღებული წყლით სავსე ბოთლი ხელიდან უცურდება.

აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ნივთის ხელში ჭერის თუ მოძრაობის ხანგრძლივობა მომხმარებელზეა დამოკიდებული. ანუ, იმაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში მიმართავს ის თავის პროთეზს, კონკრეტული ობიექტისკენ. გარდა ამისა, როდესაც პროთეზი მორჩება ობიექტთან მუშაობას – მაგალითად, დაგალევინებთ ყავას, ან გადმოიღებს საჭმელს თეფშზე, ამ მოქმედებას ასრულებს და იწყებს ახალს.

შვეიცარელი მეცნიერების მიერ შექმნილი პროთეზი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, ჯერ კიდევ დახვეწისა და გამოცდის ეტაპზეა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის „გაზიარებული კონტროლის“ ტექნიკა სხვა მკვლევარებმა, თუ მწარმოებლებმაც შეიძლება გამოიყენონ. კვლევა Nature Machine Intelligence-ში გამოქვეყნდა.

განხილვა