ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობა, მჟავა წვიმები, ტყისა და ბიომრავალფეროვნების შემცირება – ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც დღესდღეობით დედამიწა დგას. ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა, თუმცა, თუკი ამ საკითხს მხოლოდ ისე შევხედავთ, როგორც მხოლოდ ვალდებულებას, ალბათ, მთლად სწორები არ ვიქნებით. ეს ვალდებულება ჩვენი შინაგანი არსებიდან უნდა მოდიოდეს – ზემოთ აღნიშნული პრობლემები უნდა გვაწუხებდეს. სულაც არ არის აუცილებელი, დიდი რესურსები შეალიოთ გარემოზე ზრუნვას, რეალურად, თქვენი სულ მცირე სასიკეთო ქმედებაც კი დადებითი ეფექტის გამომწვევი იქნება.
რატომ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე? საამისოდ რამდენიმე მიზეზს წარმოგიდგენთ:
გარემოზე ზრუნვა იცავს კაცობრიობას: თუნდაც, გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტორია, რომელიც კაცობრიობას საფრთხეს უქმნის. იგი გავლენას ახდენს საკვები პროდუქტების ხარისხზე, რაც ტოქსინების ჩვენს ორგანიზმში მოხვედრით სრულდება.
ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების მნიშვნელოვანი კომპონენტია: ბიომრავალფეროვნება არა მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს მოიცავს, არამედ ტყეებს, ტუნდრას, ბალახებსაც კი.. ყველაფერი ეს კი ეკოსისტემის სასიცოცხლო ციკლის შენარჩუნებას უწყობს ხელს. სასიცოცხლო ციკლის ბოლოს კი ჩვენ – ადამიანები ვართ.
ტყეები ხშირად სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტის წყაროები არიან: ტყე ნამდვილადაა ის ადგილი, სადაც უამრავ სხვადასხვა ნედლეულს იპოვით იმისთვის, რომ ესა თუ ის პროდუქტი შექმნათ, მაგალითად: საკვები, რეზინი, ეთერზეთები, ხე.. ტყეზე ზრუნვა კი სწორედ ამიტომაა აუცილებელი – ამ რესურსების გამოლევა მნიშვნელოვნად ავნებს კაცობრიობას.
ტყის დაცვა იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში უამრავი ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს – თუნდაც, ელემენტარულად, ტყეში ცელოფნის დატოვებამ შეიძლება ცხოველი იმსხვერპლოს. ტყის მოვლაზე უარის თქმა ეკოსისტემის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
გარემოზე ზრუნვა კარგად უსვამს ხაზს თქვენს პიროვნებას: ის, თუ როგორ ეპყრობით გარემოს, ასახავს იმას, თუ როგორი ადამიანი ხართ თქვენ. პასუხისმგებლიანი ადამიანები თითქმის ყოველთვის ზრუნავენ მსგავს საკითხებზე. აჩვენეთ საზოგადოებას, რომ თქვენც ასეთი ხართ და გახდით სხვებისთვის მაგალითი.
გარემოზე ზრუნვა და მისი ჯანსაღად შენარჩუნება თქვენი შვილებისა და მომავალი თაობების ცხოვრებას უკეთესს გახდის. ჯანსაღი გარემო ყველაზე კარგი მემკვიდრეობაა, რაც კი შეიძლება, რომ მომავალ თაობას გადასცეთ. არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე დედამიწის სასურველ საცხოვრებელ გარემოდ გარდაქმნა და შენარჩუნება. რის გამოც, მომავალი საზოგადოება მადლობელი დაგრჩებათ.
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ხეები ხელს უწყობს გრილი კლიმატის შენარჩუნებას. მაგალითად, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩრდილების შესაქმნელად და დაბალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად, რაც კონდიციონერისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების გამოყენების საჭიროებას ამცირებს, ეს კი მნიშვნელოვნად ზოგავს ენერგიას.
ტყე ინარჩუნებს მასში დაგროვებულ ჭუჭყს და სხვა ადგილებისკენ “არ უშვებს” მას. ტყეს ამგვარი ფუნქცია აქვს – წვიმისა თუ ქარისგან მოტანილ ჭუჭყს აქ არსებული სპეციფიკური ნიადაგის წყალობით მასშივე ინარჩუნებს და სხვა ტერიტორიებისკენ არ გადააქვს, რადგან ტყეში ეროზია – მიწის გადარეცხვა არ ხდება. ეს კი ტყის სპეციფიკური და უნიკალური თვისებების გამო მას სულაც არ ვნებს. თუკი ტყე არ გვექნება, ამ ჭუჭყის გადარეცხვა და სხვა ადგილებისკენ განაწილება მოხდება, რაც გარემოს დააზიანებს.
გარემოს დაცვა ამცირებს გლობალური დათბობის რისკს: ტყეებს აქვთ უნარი “შეისრუტონ/შეიწოვონ” კარბონის დიოქსიდი, რაც სათბური გაზების შთანთქმას უწყობს ხელს. სათბური გაზები კი, მოგეხსენებათ, გლობალური დათბობის პირველი გამომწვევი მიზეზია. გარდა ამისა, ტყის საფარის შემცირება გარემოს უფრო ცხელს ხდის, რაც თავისთავად ხელს უწყობს გლობალურ დათბობას.
ტყე მნიშვნელოვან როლს ასრულებს წყლის სისტემის შენარჩუნებაში: წვიმის და ნესტის დროს ტყე მასში ჩაგროვებულ წყალს ინახავს, შემდეგ კი აქ დაგროვებული წყალი ჩაედინება ტბებსა და მდინარეებში. ეს კი ხელს უწყობს წყლის ხარისხის და ზოგადად წყლის აქტიური სისტემის შენარჩუნებას.
გარემოს დაცვა აძლიერებს ტურიზმს, ტურიზმი კი თავის მხრივ გარემოს დაცვას აძლიერებს: ლოგიკურია და ნაცადი პრაქტიკაა ის, რომ ტურისტებს ტყეები, ზოოპარკები და მსგავსი ადგილები იზიდავთ. ტურიზმის მეშვეობით ხდება მატერიალური რესურსის შემოდინება, რის გამოც, შეგვიძლია, კიდევ უფრო მეტად და კარგად ვიზრუნოთ გარემოზე.
გარემოზე ზრუნვა ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას: ტყის დაცვა საკმაოდ ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის, ტყის გარეშე კი ეს სამუშაო ადგილები გაქრება. სამუშაო ადგილების შემცირება კი, რასაკვირველია, ავნებს ეკონომიკურ სტაბილურობას.
და ბოლოს, გარემოზე ზრუნვა ყველაფერ ამის გარდა, უბრალოდ კარგ განწყობაზე გვაყენებს. გარემოს დეტალებზე დაკვირვება კიდევ ერთხელ ცხადად გვაჩვენებს, თუ რამხელა სიმდიდრე გვაქვს ხელის გულზე, მაგრამ, ამავდროულად, დაგვაფიქრებს იმაზეც, რომ მისი განადგურება სავალალო იქნება ყველასთვის. სწორედ ამიტომ, გახადეთ გარემოზე ზრუნვა თქვენი ცხოვრების განუყოფელ წესი და სხვებსაც უბიძგეთ ამისკენ.
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.