29
მარ
2018

17-18 მაისს ტრეინინგი „საჯარო და კორპორატიული პროტოკოლი და ეტიკეტი“ გაიმართება

29 მარ 2018

17-18 მაისს, სასტუმრო „ბილტმორში“ ტრეინინგი „საჯარო და კორპორატიული პროტოკოლი და ეტიკეტი“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ტურისტული და „ივენთ“ კომპანია Different. ტრეინინგი მოიცავს საჯარო, პოლიტიკური და კორპორაციული პროტოკოლის, ეტიკეტისა და ღონისძიების ორგანიზების კურსს. ტრენერი პროტოკოლისა და პოლიტიკური კომუნიკაციების დოქტორი  დიანა რუბიო კალეროა.

აღსანიშნავია, რომ ორდღიანი კურსი განკუთვნილია საჯარო და კერძო სექტორის, საელჩოების, საერთაშორისო კომპანიის თანამშრომლებისათვის. ორგანიზატორების თქმით, ტრეინინგის მიზანია, მსმენელებს პროტოკოლისა და ეტიკეტის ხელოვნება ისეთ დონეზე გააცნონ, რომ მათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეძლონ.

დავით ზაქარიაძე (კომპანია Different-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი)

დავით ზაქარიაძე (კომპანია Different-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი): საქართველოში არ არსებობს ეტიკეტთან დაკავშირებული ერთიანი დებულება ან კანონი, არ არის განსაზღვრული საერთო წესი, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საჯარო სტრუქტურების ან კერძო კომპანიების თანამშრომლებმა. პროტოკოლის ოფიციალური კანონი, რომელიც ყველა ქვეყანაშია, საქართველოში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენთან პროტოკოლისა და ეტიკეტის წესების ცოდნის ძალიან დიდი საჭიროებაა. სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ბევრი ოფიციალური პირი, ინვესტორი ჩამოდის საქართველოში. პატივისცემისა და სტუმართმოყვარეობის ნიშნად, ხშირად, მასპინძელს ისეთი რამ გაუკეთებია ან უთქვამს, რაც პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის, დაუშვებელია.

ინტერესი თუ არის ასეთი ტრეინინგის მიმართ?

როდესაც ამ ტრეინინგს ვგეგმავდით, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს შევხდით, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატეს. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.

რა არის ამ ტრეინინგების მიზანი?

გვსურს მათ, ვინც დასაქმებულია საჯარო და კერძო ორგანიზაციებში და ვისაც უწევს ურთიერთობა მაღალი რანგის უცხოელ თუ ადგილობრივ სტუმრებთან, შევასწავლოთ ეტიკეტისა და პროტოკოლის საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესები. მნიშვნელოვანია, რომ მსმენელებს მივცეთ არა მხოლოდ თეორიული, ზედაპირული ცოდნა. ჩვენი მიზანია, კურსის დასრულების შემდეგ, შეძლონ, პრაქტიკაში გამოიყენონ ეს ყველაფერი.

რაც შეეხება ორგანიზატორ კომპანიას . . .

კომპანია Different ტურისტული და ივენთ კომპანიაა, რომელიც 2017 წლის ბოლოს, ჩემს პარტნიორ მარინე დავითაძესთან ერთად დავაარსე. ის წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობს ტურისტულ სექტორში, არის უამრავი წარმატებული ღონისძიების ორგანიზატორი. კომპანია Different-მა კონტრაქტი გააფორმა ესპანურ „ივენთ“ კომპანიებთან, ასევე ევროპის სხვადასხვა ტურისტულ და MICE (Meetings, incentives, conferences and exhibitions) კომპანიებთან. ჩვენი მიზანია საქართველო კიდევ უფრო ცნობადი გავხადოთ ევროპაში და ძირითადად, კორპორატიული ტურიზმისა და MICE-ის მიმართულებით ვმუშაობთ. ასევე, ვგეგმავთ სხვადასხვა სახის ტრეინინგების და ფორუმების ჩატარებას. ასევე გახლავართ კომპანია CMD Consulting-ის დამფუძნებელი, რომელიც არის იურიდიული და საფინანსო საკონსულტაციო კომპანია. ჩვენს ძირითად სეგმენტს სწორედ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ინვესტორები, ბიზნესმენები შეადგენენ. შესაბამისად, გვაქვს საკმაოდ სერიოზული კონტაქტები. გარდა ამისა, ტურიზმი საქართველოში დღითიდღე ვითარდება. სხვადასხვა ქვეყნიდან მუდმივად ჩამოდიან მაღალი რანგის სტუმრები, ინვესტორები, ტურისტები. სწორედ ჩვენი კონტაქტებიდან და ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე შევქმენით კომპანია Different, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, „საჯარო და კორპორატიული პროტოკოლი და ეტიკეტი“ უწევს ორგანიზებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ ტრეინინგებს, ფორუმებს და სპორტულ ღონისძიებებს მომავალშიც აქტიურად ჩავატარებთ.

[R]

განხილვა