ბიზნეს პროტოკოლი , პროტოკოლის სფეროს ყველაზე ახალგაზრდა დარგია, რომლის საშუალებით კერძო სექტორის წარმომადგენლები ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას მაღალი სტანდარტების დაცვით. შესაბამისად, კომპანიებში პროტოკოლის ოფიცრის პოზიცია უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. რას მოიცავს პროტოკოლის ოფიცრის მოვალეობა, რა როლი აქვს ბიზნეს ეტიკეტს თანამედროვე მსოფლიოში, ამასთან დაკავშირებით, მარკეტერი ესაუბრა „თბილისის პროტოკოლის სკოლის“ ხელმძღვანელსა და კონსულტანტს საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტისა და პროტოკოლის სფეროში – ნინო ახალაიას.
M: გვიამბეთ სკოლის შესახებ. კონკრეტულად, რას გულისხმობს თქვენი საქმიანობის სფერო?
ჩვენი სკოლა 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ორიენტირებულია საქმიან გარემოში აუცილებელი ინტერპერსონალური უნარების განვითარებაზე. ჩვენ ვეხმარებით სხვადასხვა კომპანიასა და ორგანიზაციას იმაში, რომ მათი კომუნიკაცია მომხმარებელთან იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი.
M: რამდენად აქტუალურია ბიზნეს ეტიკეტი თანამედროვე მსოფლიოში?
ბიზნეს ეტიკეტი და პროტოკოლი არის წამყვანი მიმართულებები თანამედროვე საქმიან გარემოში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან კონკურენტულ გარემოში. ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ თითქმის შეუძლებელი ხდება ისეთი „უნიკალური პროდუქტის“ შექმნა, რომელსაც ადრე თუ გვიან, ანალოგი არ გამოუჩნდება სხვა კომპანიაში. აქედან გამომდინარე, 21-ე საუკუნეში, ბიზნესის მთავარი გამოწვევაა მომხმარებლის „გადმობირება“, ეს კი შეუძლებელია სწორი კომუნიკაციის გარეშე. სწორედ ამ დროს ჩნდება ბიზნეს ეტიკეტის აუცილებლობა. აქ ძალიან მარტივი ლოგიკა მოქმედებს: ყველა ჩვენგანს სიამოვნებს, როცა პატივისცემითა და ყურადრებით გვეპყრობიან. ბიზნეს ეტიკეტი კი უმარტივესი გზაა იმისთვის, რომ კომპანიამ მომხმარებელზე ზრუნვა გამოხატოს, რაც საბოლოო ჯამში, ანიჭებს მას კონკურენტულ უპირატესობას. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მსოფლიოში კომპანიები არ იშურებენ ფინანსურ სახსრებს, რათა საკუთარი კადრები ამ მიმართულებით გადაამზადონ. დღეს მსგავსი ტენდენცია საქართველოშიც ნათლად გამოიკვეთა და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ ყველა დავინახავთ ამ პროცესის შედეგს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს ეტიკეტი არის საქმიანი კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი.
M: რატომ გადაწყვიტეთ ცვლილებების შეტანა სკოლის საქმიანობაში და კონკრეტულად, რა სიახლეზეა საუბარი?
ცვლილებები „თბილისის პროტოკოლის სკოლაში“ ნაკარნახებია ახალი საჭიროებებით ახალ ეპოქაში და გულისხმობს კიდევ ერთი მიმართულების დამატებას უკვე არსებული საქმიანობისთვის. საუბარია „პროტოკოლის ოფიცრის გადამზადების კურსზე“. აქვე აღვნიშნავ, რომ აქ არ იგულისხმება დიპლომატიური პროტოკოლი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს ქვეყნებს შორის. ამ შემთხვევაში, ჩვენ საუბარი გვაქვს ბიზნეს პროტოკოლზე. ეს არის პროტოკოლის სფეროს თანამედროვე და ყველაზე ახალგაზრდა დარგი, რომლის საშუალებით, კერძო სექტორის წარმომადგენლები ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას მაღალი სტანდარტების დაცვით. ბიზნეს პროტოკოლის გარეშე, დღეს წარმოუდგენელია ნებისმიერი კომპანიის გამართული ფუნქციონირება.
M: ვინ არის პროტოკოლის ოფიცერი და რატომ არის ამ პროფესიის მქონე ადამიანის არსებობა კომპანიაში აუცილებელი?
მარტივად რომ ვთქვათ, პროტოკოლის ოფიცერი არის ადამიანი, რომელიც ქმნის შესაბამის გარემოს იმისთვის, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განახორციელონ საკუთარი საქმიანობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. პროტოკოლის ოფიცრის მოვალეობაში შედის ისეთი საკითხები, როგორიც არის: მოლაპარაკების პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება, მაღალი დონის დელეგაციების მიღება, სტუმრების დახვედრა-გაცილება, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება და სხვა. თუმცა, საპროტოკოლო საქმიანობა ბიზნესში მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. პროტოკოლის ოფიცრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კომპანიის თანამშრომლების კონსულტირება ბიზნეს პროტოკოლისა და ეტიკეტის მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს ისეთი დეტალები, როგორიც არის: დროშების განლაგება, უცხო კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სპეციფიკა, ოფიციალური საჩუქრების შერჩევა და გაცვლა, სტუმრების მაგიდასთან განთავსება და ა.შ. ამას გარდა, პროტოკოლის ოფიცრის უმთავრესი ფუნქცია მდგომარეობს უხერხული სიტუაციების განეიტრალებაში. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროფესიაში. ამ დროს აუცილებელია სისხარტე, მოხერხებულობა, წინასწარ განჭვრეტის ნიჭი და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ყველაზე იდეალური გეგმაც კი, ხშირ შემთხვევაში, ბოლომდე ვერ ითვალისწინებს ყველა იმ სცენარს, რაც შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს მუშაობის პროცესში. სწორედ ამიტომ, პროტოკოლის თანამშრომელი არა მხოლოდ გეგმავს მოვლენებს, არამედ უპირველეს ყოვლისა, ის უზრუნველყოფს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც არცერთი ფორსმაჟორული სიტუაცია არ არის სხვისი თვალისთვის შესამჩნევი. ეს კი, დამერწმუნეთ, არც ისე მარტივია, როგორც ჟღერს.
ხშირად კომპანიებში საპროტოკოლო ფუნქციები შეთავსებული აქვთ ადმინისტრაციული სამსახურის მუშაკებს, მარკეტინგის მენეჯერებს ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ვინაიდან ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიანებს არც შესაბამისი განათლება აქვთ და არც დრო იმისთვის, რომ ყველა დეტალი ისე გათვალონ, როგორც ამას პროტოკოლი მოითხოვს. ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყანაში, ძალიან პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა ამ მიმართულებით. საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ დღეს ჩვენ უფრო და უფრო ხშირად მოგვმართავენ კერძო დაწესებულებები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კადრების გადამზადებით ბიზნეს პროტოკოლის სფეროში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე პროტოკოლის ოფიცრის ინსტიტუტი ქართულ კომპანიებში უფრო აქტიურად დამკვიდრდება. სწორედ ამიტომ, ამ საქმიანობას ხშირად „მომავლის პროფესიასაც“ ვუწოდებ.
M: გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები
როგორც მოგეხსენებათ, „თბილისის პროტოკოლის სკოლის“ საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. პირველ რიგში, ეს არის ტრენინგები საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტისა და პროტოკოლის მიმართულებით. მეორე მიმართულებას წარმოადგენს სოციალური ეტიკეტი. ამ შემთხვევაში, საუბარია თავის დაჭერის ტექნიკაზე ყოველდღიურ, არაფორმალურ გარემოში. ხოლო ძალიან მალე ჩვენ ვაპირებთ მესამე ხაზის დამატებას. ახალი მიმართულება ორიენტიებული იქნება სასტუმროსა და რესტორნის ინდუსტრიაში დასაქმებული კადრების გადამზადებაზე. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე მოწვეული გვყავს ფრანგი ექსპერტი პარიზიდან, რომელიც სულ რამდენიმე დღით გვეწვევა მიმდინარე წლის ივნისში და ჩაატარებს ტრენინგებს ამ მიმართულებით.
დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით განვითარება უდიდესი წარმატების მომტანი იქნება ქართული ტურიზმისთვის. მე მჯერა, რომ „თბილისის პროტოკოლის სკოლა“ აუცილებლად შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ამ პროცესში.











