in ,

PSD Web Solutions, IT გადაწყვეტილებები ლოჯისტიკის ბაზარს (SMENA)

მარკეტერი განაგრძობს პროექტი SMENA-ს ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოჩენას, ამჯერად ჩვენი ყურადღება  PSD Web Solutions- ზე შევაჩერეთ. მარკეტერი კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს რუსა ქავთარაძეს ესაუბრა.

მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ? ვისთვისაა იგი საინტერესო?

კომპანია PSD Web Solutions დაფუძნდა 2011 წელს, . ჩვენი გუნდი ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილი ექსპერტებისგან შედგება, . ამ გამოცდილების საფუძველზე, ჩვენ განვსაზღვრეთ რა პრობლემებია ბაზარზე და დავინახეთ რა საჭიროებები და განვითარების პერსპექტივები არსებობს. კერძოდ, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც სახეზეა, არის ინფორმაციის გაცვლის საშუალებების ნაკლებობა, რაც იწვევს მთლიანი ინდუსტრიის არაეფექტურ მუშაობას. იმპორტიორ-ექსპორტიორი კომპანიები ვერ ახერხებენ საბაზრო მიწოდების შესახებ მონაცემების დროულ მიღებას და არჩევენ ლოჯისტიკურ კომპანიებს, არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გარდა ამისა, არ არსებობს მედია საშუალებები, სადაც ლოგისტიკის სერვისის გამყიდველებს შეეძლებათ გააცნონ საკუთარი შესაძლებლობები მასიურ ბაზარს.

გამომდინარე ზემოდ ხსენებულიდან, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახის IT გადაწყვეტებს დანერგავს ლოჯისტიკის სერვისის მყიდველებისთვის და გამყიდველებისთვის, ანუ, ჩვენი პროდუქტების პოტენციური მომხმარებლები არიან ყველა ის ერთეული, ვისაც შეხება აქვს გადაზიდვებთან, დასაწყობებასთან, საბაჟო მომსახურებებთან და სხვა ლოგისტიკურ სერვისებთან.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესის წამოწყება? რა გამოცდილება გაქვთ გუნდს?

ჩვენი გუნდის წევრები მრავალი წლის განმავლობაში მართავდნენ სხვადასხვა ლოგისტიკურ და იმპორტ-ექსპორტ კომპანიებს. გუნდი შედგება, როგორც პრაქტიკოსი, ასევე აკადემიური წარსულის მქონე ექსპერტებისგან, რაც საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა სტრატეგიული გადაწყვეტილებები უფრო ეფექტურად დავნერგოთ.

ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში ხედავდა ბაზარზე ამ სფეროში არსებულ პრობლემებს, სწორედ ამან გვაფიქრებინა, რომ ბიზნეს იდეა გაამართლებდა.

ვინ არიან თქვენი კონკურენტები და თქვენი გადმოსახედიდან რა სახის კონკურენციაა თქვენს შორის

პირველი პროდუქტი, რაც ჩვენს მიერ ბაზარზე დაინერგა, არის ვებ პორტალი – www.cargotender.ge, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია განათავსოს თავისი ლოგისტიკური მოთხოვნა და მიიღოს შეთავაზებები სხვადასხვა ლოგისტიკური კომპანიებისგან. ეს პორტალი გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდის ყველა კომპანიის ლოგისტიკურ შესყიდვებს / გაყიდვებს და მაქსიმიზაციას გაუკეთებს მათ მოგებას.

რადგანაც ჩვენი პროდუქტი საკმაოდ ინოვაციურია მთლიანად კავკასიის რეგიონში, რთულია რაიმე სახის კონკურენციაზე საუბარი. არის რამოდენიმე ანალოგი საქართველოს ბაზარზე, მაგრამ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის დამოუკიდებლობა და მიუკერძოვებლობა. ასეთი პროდუქტი, თუ არის რომელიმე ბაზრის მოთამაშის მიერ გაკეთებული, ბუნებრივად ჩნდება აზრი, რომ აქ დაგროვილი ინფორმაცია (მოთხოვნის შესახებ) იქნება გამოყენებული პორტალის მფლობელი კომპანიის მიერ.

რამდენად შემოსავლიანია ეს ბიზნესი? რამდენ ადამიანს ასაქმებთ?

გამომდინარე კომპანიის ინოვაციური ხასიათიდან, ცოტა რთულია გარკვეულ ფინანსურ პროგნოზებზე საუბარი. დღესდღეობით, ჩვენი მიზანია ლოგისტიკური ბაზრის მაქსიმალური ათვისება და ჩვენი პროდუქტების ეფექტური იმპლემენტაცია. მას შემდეგ, რაც ჩვენი საქმიანობით დავამტკიცებთ, რომ ჩვენი კომპანია სანდოა და ნამდვილად ამარტივებს ლოჯისტიკურ პროცესებს, შესაძლებელი იქნება უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება და შესაბამისად მაღალ ამონაგებზე ფიქრი.

რაც შეეხება დასაქმებული ადამიანების რაოდენობას, ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია ოთხი ადამიანი. მათი რაოდენობა გაიზრდება კომპანიის და მისი მასშტაბის ზრდის პროპორციულად.

რა ხდება საქართველოს ბაზარზე? რა პრობლემებს აწყდებით?

დღესდღეობით, საქართველოს ბაზარზე არის შემდეგი სიტუაცია:

კომპანია, რომელსაც სურს ლოგისტიკური სერვისის შეძენა, ტელეფონის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, უკავშირდება პოტენციური მომწოდებლების დაახლოვებით მეათედს და იღებს შესაბამის შეთავაზებებს. შემდგომ, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იგი იღებს გადაწყვეტილებებს.

ლოგისტიკური კომპანია, რომელსაც სურს საკუთარი სერვისის შეთავაზება, სხვადასხვა ბიზნეს კატალოგების მეშვეობით, უკავშირდება პოტენციურ მყიდველებს და აწვდის ინფორმაციას საკუთარი კომპანიის და მის გამოცდილების შესახებ. ხშირ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია არ არის რელევანტური, რადგან ადრესატს შეიძლება იმ მომენტში სულაც არ ესაჭიროებოდეს ლოგისტიკური სერვისი.

აღწერილი სქემა, ძალიან არაეფექტურია, რადგან მოითხოვს საკმაოდ დიდ დროით და ადამიანურ რესურსებს და არ მოაქვს სათანადო შედეგი.

ზუსტად ამ პრობლემას ხსნის ჩვენი პროდუქტი – cargotender.ge, რომლის მეშვეობითაც ზემოდხსენებულის შედეგის მაქსიმიზაცია შესაძლებელია გაცილებით ნაკლები რესურსით. მიუხედავად ამისა, ჩვენი გაყიდვების აგენტი აწყდება საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას, რაც სანდოობასთან არის დაკავშირებული. ქართული კომპანიების უმრავლესობა საკმაოდ რთულად ეგუება სიახლეებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ძალიან გამოსადეგია მისთვის. კომპანიების მენეჯმენტს ურჩევნია ისევ ძველი, აპრობირებული მეთოდებით იმოქმედოს.

ზუსტად ამ მიზეზით, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ cargotender.ge პორტალი ყოფილიყო მაქსიმალურად ადვილი გამოსაყენებელი და გასაგები ყველასთვის. ეს მიზანი მიღწეულია, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ დანერგვის პროცესი შედარებით მარტივად ჩაივლის.

რა როლს თამაშობს გლობალურ ლოგისტიკაში IT და რა კონკრეტულ მიმართულებებში შეიძლება მან სარგებელი მოუტანოს კომპანიებს?

მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ლოგისტიკის წარმართვა IT – ს აქტიური ჩარევის გარეშე შეუძლებელი ხდება. სტატისტიკის მიხედვით, ამ მიმართულებით, ყოველწლიურად იხარჯება რამოდენიმე მილიარდი აშშ დოლარი. მრავალი ექსპერტის აზრით, IT გახდა ლოგისტიკური კომპანიების სტრატეგიული მიმართულება და არა კონკურენტული უპირატესობა.

IT – ის ფუნქცია ლოგისტიკაში საკმაოდ მრავალმხრივია. ზოგადად ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი საკმაოდ ფართო ცნებებია და მოიცავს პროდუქტის შექმნის პროცესის უდიდეს ნაწილს. გამომდინარე აქედან, IT – იც შეიძლება საკმაოდ მრავალ ფუნქციაში იქნას გამოყენებული.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შემდეგი მიმართულებებია:

–       დოკუმენტბრუნვის და ინფორმაციის გაცვლის ავტომატიზაცია: მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს სპეციალური ვებ პორტალები, სადაც გაწევრიანებულები არიან ინფრასტრუქტურული და სახელმწიფო ორგანიზაციები (რკინიგზები, პორტები, საბაჟო სტრუქტურები, საკონტეინერო და სხვა სახის ტერმინალები, ა.შ), რომლებიც ვირტუალურ ზონაში ცვლიან ინფორმაციას კონკრეტული გადაზიდვის შესახებ. ამით, პროცესი ხდება უფრო მარტივი, იკარგება საბუთების ფიზიკური გადაადგილების აუცილებლობა და მაქსიმალურად დაცული ხდება ინფორმაცია;

–       ინფორმაციის გაცვლა კლიენტებსა და ვენდორებს შორის: ეს მიმართულება არანაკლებ ეფექტურია, რადგან მასზე არის დამოკიდებული კომპანიის ეფექტურობა. ზუსტად ამ სფეროს პროდუქტებს ნერგავს ჩვენი კომპანია. ეს მოიცავს ვებ ბირჟას, ე-ჟურნალს და სხვა ინფორმაციის გაცვლის საშუალებებს;

–       ოპერაციების მართვა / კონტროლი: ლოგისტიკური კომპანიებისთვის პროცესების ავტომატიზაცია ერთერთი ძირითადი წარმატების ფაქტორია. IT – ის ჩართვის გარეშე ამ მიმართულების ოპტიმიზაცია შეუძლებელია, რაც იწვევს შეცდომების და შესაბამისი ზარალის მაღალ ალბათობას, კლიენტებთან ურთიერთობის დაბალ ხარისხს და ოპერაციებზე კონტროლის არარსებობას.

რომელ ქართულ ლუდს ანიჭებენ საქართველოში უპირატესობას!

ბრენდების რევერსი მარკეტერზე