PSP ახალ კონცეფციას ავითარებს – თბილისში, ფალიაშვილის N87-ში, ქსელის ახალი კონცეფციის მესამე აფთიაქი გაიხსნა. სივრცე მომხმარებლებს თანამედროვე გარემოსთან ერთად ახალი ბრენდების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სერვისების აღმოჩენის შესაძლებლობას სთავაზობს.
ახალი კონცეფციის აფთიაქებში მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად თანამედროვე ტექნოლოგიებია ინტეგრირებული. მათ შორისაა სადიაგნოსტიკო სარკე – სპეციალური მონიტორი, რომლის კამერა და პროგრამული უზრუნველყოფა სახის კანის მდგომარეობას აანალიზებს.
ტექნოლოგია აფასებს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ლაქები, ნაოჭები, თვალის გარშემო მუქი წრეები, სიმშრალე, ცხიმიანობა და კანის სხვა მდგომარეობები. ანალიზის საფუძველზე ეკრანზე მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციები ჩნდება. მიღებული ინფორმაციის შენახვა კი QR კოდის დასკანერებით ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით არის შესაძლებელი.

ახალ აფთიაქში მომხმარებელი პირველად შეხვდება ინოვაციურ საპრეზენტაციო თაროსაც, რომლის საშუალებითაც კორეული ბრენდის, „მიზონის“, პროდუქტების შერჩევა მარტივდება. თაროზე განთავსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიღება სპეციალური ეკრანის საშუალებით არის შესაძლებელი.
აფთიაქის გახსნის ღონისძიებაზე საზეიმო ლენტი PSP-ს მარკეტინგის დირექტორმა, ანო გოგიჩაძემ და ქსელის მართვის სამსახურის უფროსმა, ნანა გვილავამ გაჭრეს. ღონისძიებას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები დაესწრნენ.
გახსნასთან დაკავშირებით, ორი კვირის განმავლობაში მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება მოქმედებს – 5%-იანი ექსტრა ფასდაკლება ფარმაცევტულ პროდუქტებზე და 10%-იანი ფასდაკლება პარაფარმაცევტულ პროდუქციაზე.
როგორც სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ინოვაციური წარმომადგენელი საქართველოში, PSP მუდმივად ნერგავს სიახლეებს როგორც ასორტიმენტის, ისე მომსახურების მიმართულებით. ახალი კონცეფციის აფთიაქიც სწორედ ამ იდეას აერთიანებს – მომხმარებელს შეუძლია აღმოაჩინოს ახალი პროდუქტები, გამოსცადოს თანამედროვე ტექნოლოგიები და პროფესიონალი ფარმაცევტებისა და კონსულტანტების დახმარებით მის საჭიროებებზე მორგებული არჩევანი გააკეთოს.
2026 წლის განმავლობაში კომპანიამ უკვე 16 ახალი აფთიაქი გახსნა. PSP-ს ქსელის გაფართოების პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ 10-მდე აფთიაქის გახსნა იგეგმება.
[R]











