ადამიანებს ხშირად გვჭირდება იმის შეხსენება, რომ ლამაზები, უნიკალურები და განსაკუთრებულები ვართ. სილამაზის ინდუსტრიაში წლების წინ დამკვიდრებულმა სტანდარტებმა ბევრი მცდარი წარმოდგენა გააჩინა, მცდარმა წარმოდგენებმა კი ბევრი კომპლექსი, განსაკუთრებით ქალებში. ბოლო წლებში მსოფლიო მასშტაბით ცნობილმა ბრენდებმა დიდი ძალისხმევა დახარჯეს იმაზე, რომ ეს მავნე სტანდარტები გაექარწყლებინათ და დაემტკიცებინათ, რომ სილამაზე ინდივიდუალურია და მას ჩარჩოებში ვერ მოაქცევ.
ცოტა ხნის წინ ამ საკითხს ქართული სააფთიაქო ქსელი, PSP-ც გამოეხმაურა. მისი ახალი კამპანია, სლოგანით, We are Beauty მთლიანად მიეძღვნა სილამაზისა და ესთეტიკის სფეროს. ამ კამპანიის ფარგლებში ბრენდმა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სილამაზის ფესტივალი ჩაატარა, რომლის საგამოფენო სივრცეებიც თემატურად იყო მოწყობილი. „ჩვენ ყველანი ლამაზები ვართ”, – უთხრა ბრენდმა ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარს, თავის მომხმარებელს და ზოგადად, ყველა ადამიანს. PSP-ს კრეატიული კონცეფცია თითოეული ადამიანის უნიკალურობის იდეაზე დაფუძნდა. ყოველი ჩვენგანი ლამაზია, სილამაზე იწყება ჩვენით და ჩვენითვე გრძელდება. როცა ადამიანი თავდაჯერებულია, ის პოზიტივს ასხივებს, ამ განწყობას სხვებსაც უზიარებს და არა მხოლოდ თვითონ არის ბედნიერი, არამედ მისი გარშემომყოფებიც. სილამაზე შინაგანი სამყაროდან მოდის და გარეგანს აბალანსებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს ეს და ისწავლოს საკუთარი თავის ისეთად გამოხატვა, როგორც, პირველ რიგში, თავად მოსწონს ეს.
გარდა ამ კონცეფციისა, საინტერესო იყო თავად კამპანიის სიმბოლოც – ჟირაფი, რომელიც, როგორც PSP-ში აგვიხსნეს, ჟირაფის ცნობილი ეფექტის გამო შეარჩიეს. თუ არ გაგიგიათ ამ ფენომენის შესახებ, გეტყვით, რომ თუ ჟირაფი ერთხელ მაინც ფოტოზე, ტელევიზორში, ჟურნალში ან სადმე შორს გყავთ ნანახი, თქვენს მეხსიერებაში ისე ილექება, თითქოს რეალურად შევხვედრივართ მას. ამ ეფექტის გამო ის ერთგვარი მაგიურ ქმნილებად მიიჩნევა. ის ბუნებასთან სრულ ჰარმონიაშია, მისგან არ მოდის არანაირი ნეგატივი და ამ თავისი თვისებებით ცხოველთა სამყაროს ალამაზებს. ამის გამოხატვა უნდოდა ბრენდს, როდესაც კამპანიის ვიზუალიზაციაში ჟირაფი გამოიყენა, რომელიც საზღვრებს არღვევს და ყველაფერს აფერადებს. მისი სურვილი იყო, რომ ფესტივალზე მისულ დამთვალიერებელსაც ისეთივე ჰარმონია ეგრძნო საკუთარ თავთან და გარემოსთან, როგორც ამას ჟირაფები ახერხებენ.
რაც შეეხება თავად ფესტივალს, ის ნამდვილად სადღესასწაულო განწყობით იყო აღჭურვილი. სტუმრებს ადგილზე დახვდათ თავის მოვლის 100-მდე ბრენდი, როგორც უკვე კარგად ნაცნობი, ისე ახალიც. იმისთვის, რომ დამთვალიერებლის გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გამხდარიყო, ბრენდმა მათ არა მხოლოდ გათამაშებები და სააქციო შეთავაზებები დაახვედრა, არამედ სხვადასხვა სერვისიც შესთავაზა. სტუმრებმა გაიარეს უფასო კონსულტაციები, დაესწრნენ მასტერკლასებს და ჩაიტარეს თავის მოვლის პროცედურები. ფესტივალზე მოწვეულმა დერმატოლოგებმა, სტომატოლოგებმა და ნუტრიციოლოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის შესაბამისი დახმარება გაეწიათ. მაგალითად, ნუტრიციოლოგებმა მსურველებს შეარჩევინეს საკვები დანამატები, სტომატოლოგმა პირის ღრუს მოვლის საშუალებები და ა.შ.
გარდა ამისა, ფესტივალზე მოწვეულნი იყვნენ თმის სპეციალისტებიც, მათ შორის იტალიელი ექსპერტები. ცალკე წარმოდგენილ მაკიაჟის სივრცეში მასტერკლასები ცნობილმა Makeup არტისტებმა ჩაატარეს.
ფესტივალი გრანდიოზულად დაიხურა. სტუმრებისა და ორგანიზატორებისთვის ის სასიამოვნო გამოცდილებად იქცა, რომელიც ყველას განსაკუთრებულად დაამახსოვრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი მასშტაბისა და ხასიათის სილამაზის ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს იყო დადებითი ემოციების გაცვლის დღეები, სადაც ყველას კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ყოველი ჩვენგანი ლამაზი და უნიკალურია.
[R]