საქართველოში ფსიქიკური აშლილობებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განკუთვნილი პირველი ინტერნეტ-ფორუმი psychoeducation.ge/forum/ 22 ნოემბერს ამოქმედდა. ფორუმის შექმნის ინიციატორი და მისი მმართველიც საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოებაა, რომლის ცნობითაც, ეს იქნება ღია სივრცე ფსიქიკური, თუ სოციალური გამოცდილებისა და ცოდნის ანონიმურად გაზიარებისთვის.
ფორუმი თემატურადაა დაყოფილი და მის 10 განყოფილებაში 52 თემაზე შეგიძლიათ ისაუბროთ – დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები როგორც ფორუმის წევრებისგან, ასევე – მოდერატორებისგან, რომლებიც ფსიქიატრიასა თუ ფსიქოლოგიაში გათვითცნობიერებული პირები არიან. ფორუმზე შეგიძლიათ ფსიქიკურთან ერთად, სოციალური განცდებიც გააზიაროთ. მაგალითად, ისაუბროთ სტრესსზე, რომელსაც სამსახური, ან კონკრეტული ურთიერთობა გგვრით, ან მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ მოიქცეთ, თუ შფოთვა ყოველდღიურ ცხოვრებაში გიშლით ხელს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფორუმი დაგეხმარებათ გადადგათ ნაბიჯი და ანონიმურად ისაუბროთ საკუთარ ფსიქიკურ, თუ სოციალურ გამოცდილებაზე და ამასთან, შეიტყოთ თქვენი მსგავსი ადამიანების შესახებ. იმის შესახებაც, თუ როგორ, რა ტაქტიკების გამოყენებით უმკლავდებიან ისინი თქვენთის ნაცნობ განცდებს/სიტუაციებს.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმების დაძლევას, შევქმნათ სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ანონიმურად შეეძლება მხარდაჭერისა თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოცდილების/ინფორმაციის მიღება და გაცემა“, – საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოება.
სოციალური კონტექსტი დღითიდღე უფრო ცხადად გვაჩვენებს ფსიქოგანათლების აუცილებლობას. ორგანიზაცია – საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოება, მესამე წელია, ამ კუთხით მუშაობს და დღეს უკვე ახერხებს კომპლექსურად მიუდგეს ამ საკითხს.
„ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების საჭიროებების კვლევა ცხადყოფს, რომ სხვა სერვისებთან ერთად, საჭიროა ისეთი სივრცეების არსებობა, სადაც ადამიანი ანონიმურად შეძლებს, ფსიქიკური აშლილობის წარმატებით მართვისთვის საჭირო ნაბიჯები გაიგოს, გაეცნოს სხვა ადამიანების გამოცდილებას და მიიღოს სარწმუნო ინფორმაცია ფსიქიკურ მდგომარეობებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოება, 2019 წლის აპრილიდან ნოემბრამდე, მუშაობს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინტერნეტ – ფორუმის შესაქმნელად“, – ამბობს ანა ღვინიანიძე, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების თანადამფუძნებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ფორუმზე დარეგისტრირება, პოსტის განთავსება თუ კომენტირება, 16 წლის ზემოთ, ნებისმიერი ადამიანს თავისუფლად შეუძლია, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე, psychoeducation.ge/forum/-ზე შეხვდებით ორ პრემოდერირებულ ფორუმს – თვითმკვლელობასა და თვითდაზიანებას. ეს ნიშნავს, რომ ამ ორ განყოფილებაში პოსტი და კომენტარი მხოლოდ მოდერატორის თანხმობის შედეგად განთავსდება.
ფსიქიკური ჯანმრთელობით დაინტერესებული ადამიანებისთვის განკუთვნილი ინტერნეტ – ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ანონიმურობაა. ფსიქოგანათლების საზოგადოების ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ანონიმური გარემო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მსგავს სივრცეებში საკუთარი გამოცდილების გაზიარებას, ემოციურ მხარდაჭერასა, თუ ღიად საუბარს ტაბუდადებულ თემებზე. თუმცა, ინტერნეტ – ფორუმის ანონიმურობის გადაწყვეტილების მიღმა არამხოლოდ უცხოური გამოცდილება დგას, არამედ მას საქართველოში, ჩვენს კულტურაში ჩატარებული სოციალურ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტიც ამყარებს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრებმა ჩაატარეს.
ჩატარებული სოციალურ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის მიზანი, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას, იდენტიფიცირებადობა/ანონიმურობის გავლენების შესწავლა იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, ფეისბუკ ჯგუფებში, გვაქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრის პრაქტიკა და იდენტიფიცირებადი მომხმარებლების აქტივობის მაჩვენებელიც მაღალია, შინაარსობრივ ჭრილში, ანონიმურ და იდენტიფიცირებად მომხმარებელთა გამოხმაურებებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოვლინდა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ონლაინ საუბრისას ანონიმურობის მნიშვნელოვნად დადებით გავლენაში“, – ამბობს ხატია თორდუა, კვლევის თანაავტორი.
აღსანიშნავია ის მულტიდისციპლინური მიდგომა, რომელიც საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოებამ ფორუმის შექმნის ეტაპზე გამოიყენა. ინტერნეტ – ფორუმის შექმნაში მონაწილეობდნენ ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები თუ სოციალური ფსიქოლოგები. ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოებაში ამბობენ, რომ ინტერნეტ-ფორუმი ფსიქიკური აშლილობების სიმპტომების მქონე და ფსიქიკური აშლილობებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისათვის არის სივრცე, რომლის არსებობის აუცილებლობაზეც თანხმდებიან როგორც კლინიკური, თუ სოციალური ფსიქოლოგები, ასევე, პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტები და ფსიქიატრები.