21
Nov
2019

შეწყვიტეთ საკუთარ თავზე ფიქრი და გადალახავთ საჯარო გამოსვლის შიშს

21 Nov 2019

ადამიანთა უმეტესობა საჯარო გამოსვლის წინ შფოთავს. ჩვენი არგუმენტები კი ასეთია: „არ მომწონს, როცა მიყურებენ“, „არ მომწონს, როცა მთელი ყურადღება ჩემკენაა მომართული“, „არ მომწონს, როცა ამდენი ადამიანი მომჩერებია“. ხოლო როცა საქმე, უშუალოდ, საჯარო გამოსვლაზე მიდგება, ასეთი ადამიანების უმეტესობა თავს არიდებს თვალის კონტაქტს დამსწრეებთან. თუმცა, ეს პრობლემაა – მაშინ, როცა თვალის კონტაქტს თავს ვარიდებთ, შესაძლოა გვეჩვენება, რომ ეს ეფექტური სტრატეგიაა შფოთვის შესამცირებლად, თუმცა, ეს უფრო დიდი შფოთვის მომტანი შეიძლება იყოს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ნათქვამის ილუსტრაციისთვის, უნდა დავბრუნდეთ პრეისტორიულ ეპოქაში, როცა ადამიანებს თვალების ეშინოდათ. თვალის დევნება/ყურება ერთგვარ საფრთხედ აღიქმებოდა, თითქოს თვალები მტაცებელი ცხოველები ყოფილიყვნენ. ბევრ ფილმში გვინახავს, თუ როგორ ჩანს სიბნელეში მტაცებლის თვალები, რომელიც მსხვერპლს ადევნებს თვალს. ეს ნამდვილად შიშისმომგვრელი სცენებია… პრეისტორიულ ეპოქაში ეს რეალობა იყო – მართლა იყო დიდი შანსი, რომ რამეს, ან თუნდაც, ვინმეს, ცოცხლად შეეჭამეთ. ევოლუციონსტები ყურების/თვალის დევნების შიშს ამ არგუმენტითაც ხსნიან – ჩვენი ტვინის ის ნაწილი, რომელიც საფრთხეზე რეაგირებს, აქტიურდება, როცა ბევრი ადამიანი გვიყურებს და ჩვენ მათ მეხუთედსაც არ ვიცნობთ. ჩვენ არ ვიცით მათი მიზნებისა და ფიქრების შესახებ. შესაძლოა, ამიტომაა შფოთვისმომგვრელი უცხო საზოგადოების წინაშე გამოსვლა.

ჩვენი ტვინი პრეისტორიული წინაპრების შიშების გავლენის ქვეშაა და ეს საჯარო გამოსვლებისას იჩენს თავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჯარო გამოსვლისას შფოთვა ჩვენს დნმ-შია. ჩვენი საჯარო გამოსვლის გამოცდილება იგივეა, რაც თავდასხმისთვის თავის დაღწევა. ჩვენ აღვიქვამთ აუდიტორიას მტაცებელ ცხოველად, რომელსაც ჩვენი შეჭმა შეუძლია. ამას მეცნიერები კიდევ ერთი არგუმენტით ამტკიცებენ – საჯარო გამოსვლისას ადამიანს იგივე ფიზიკური რეაქცია აღენიშნება, როგორიც სერიოზული საფრთხის წინაშე და ეს რეაქცია გამოიხატება გახშირებულ სუნთქვაში, კანკალსა და სახის გაწითლებაში. აუდიტორიის წინ მდგომებს ჩვენი ტვინი გვეუბნება, რომ თავდასხმის საშიშროების წინაშე ვართ.

ჩვენ ვაშენებთ კედელს ჩვენს თავსა და აუდიტორიას (თავდამსხმელს) შორის, ეს კედელი კი ხშირად ჩვენს სლაიდებზე ფოკუსირება, დაბლა ან გვერდით ყურებაა. ყველაზე წარმატებული სპიკერებიც კი პოულობენ აუდიტორიისგან დისტანცირების გზას.

ამბობენ, რომ არსებობს გადაწყვეტა: ხელგაშლილობა. მეცნიერების თქმით, ეს არის თავის ტვინის საფრთხეზე პასუხისმგებელი ნაწილის – ამიგდალას დამშვიდების საშუალება. ამბობენ, რომ ეს გვაძლევს საშუალებას გამოვრთოთ პანიკა და ფოკუსი, ჩვენი თავიდან, სხვა რამეზე გადავიტანოთ. მაგალითად იმაზე ფიქრზე, თუ როგორ ვეხმარებით აუდიტორიას კონკრეტული გამოსვლით. გაიქეცი, ან იბრძოლე – ეს არის მიდგომა, რომელიც საფრთხის წინაშე გამოგადგებათ. შესაბამისად, გამოგადგებათ აუდიტორიასთან ურთიერთობისას და ზუსტად აქ, მაშინ, როცა ათასი თვალი მოგჩერებიათ, უნდა გადაწყვიტოთ, თვალს გაუსწორებთ და იბრძოლებთ, თუ თვალებს დახრით და გაიქცევვით.

თუმცა, ამის გადალახვა მაინც ძალიან რთულია. ძალიან პატარა ბიძგია საჭირო, იმისათვის, რომ საჯარო გამოსვლის წინ, საკუთარი თავთან გაწეული დიდი სამუშაო წყალში ჩაგვეყაროს და ბრძოლის ნაცვლად, გაქცევა მოგვინდეს. თუმცა, რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემთ:

როცა ემზადებით გამოსვლისთვის, იფიქრეთ აუდიტორიაზე
როცა პრეზენტაციისთვის მზადებას ვიწყებთ, ყველა ვუშვებთ შეცდომას და ეს ჩვენი გამოსვლის თემაზე ფიქრია. ეს მაშინათვე გვაფლობს უამრავ დეტალში, რომელზე საუბარიც მოგვიწევს და ასე, აუდიტორიასა და ჩვენ შორის, ჩვენ მიერ აშენებული კედლის დანგრევა უფრო რთული ამოცანა გახდება. ამიტომ, აუდიტორიაზე ფიქრით უნდა დავიწყოთ. ჯერ კითხეთ საკუთარ თავს – ვინ იქნება ოთახში? რატომ იქნებიან იქ? რა სჭირდებათ? ასე აუდიტორიის საჭიროებებზე დაფიქრდებით და გექნებათ წარმოდგენა, რომ თქვენი პრეზენტაცია მათ საჭიროებებს ერგება. გექნებათ ინფორმაცია იმ თვალების პატრონების მოტივების შესახებ, რომლებიც „მტაცებლურად გიყურებენ“.

პრეზენტაციის წინ, ეცადეთ ტვინის რეფოკუსირებას
ყველაზე მეტად გამოსვლის წინ ნერვიულობთ. ეს არის მომენტი, როცა ტვინი გეუბნებათ – „ყველა განმსჯის, თუ ჩავფლავდები?“ ეს ის მომენტია, როცა რეფოკუსირება გჭირდებათ. შეახსენეთ საკუთარ თავს, რისთვის გაქვთ პრეზენტაცია – თქვენ აუდიტორიას უნდა დაეხმაროთ.

უშუალოდ პრეზენტაციისას, გქონდეთ თვალის კონტაქტი
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც საჯარო გამოსვლისას ვუშვებთ არის ერთხელ თვალის შევლება სივრცისთვის და შემდეგ, კონტაქტის შეწყვეტა. რეალურად, თითოეული ადამიანი, რომელიც აუდიტორიაში ზის, ინდივიდია. ამიტომ, საუკეთესო გზა აუდიტორიასთან საკონტაქტოდ არის ინდივიდებთან კონტაქტი. სხვა ფაქტორებს თავი რომ დავანებოთ, ასე კონკრეტულ ადამიანს აგრძნობინებთ, რომ მას ესაუბრებით.

ეს საკმაოდ რთულია. თვალის კონტაქტის დამყარება, დასაწყისისთვის, შეიძლება დისკომფორტის მომგვრელი იყოს. გეგონოთ, რომ სასაცილოდ გამოიყურებით. მაგრამ პრაქტიკა ყველაფერს ცვლის. კარგი გამოსავალია პრეზენტაციის სხვადასხვა ეტაპზე ამოირჩიოთ ერთი ადამიანი და ესაუბროთ მას, ვიდრე მთელ აუდიტორიას ერთდროულად. ხელგაშლილობა გვაძლევს კმაყოფილების განცდას, რადგან სხვებს ვეხმარებით. საჯარო გამოსვლაც იგივეა – ჩვენ ამ გზით მართლა ვეხმარებით ადამიანებს, შთავაგონებთ მათ და ვაძლევთ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

წყარო: HBR



განხილვა