მომავალ წელს, რომლის დადგომამდე თვეზე ნაკლები დარჩა, Publicis Groupe 100 წელს იზეიმებს, რითაც საუკუნეს აღნიშნავს მას შემდეგ, რაც მარსელ ბლეუსტეინ-ბლანშემ 1926 წელს კომპანია დააარსა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას კი უკვე იწყებენ საიუბილეო ფილმით, რომელიც მსახიობებსა და AI რეჟისურას აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომის დროს გადაღებული კადრებით იწყება და გვიყვება, როგორი იყო კომპანიის საკულტო თილისმის ცხოვრება ათწლეულების განმავლობაში. ამის პარალელურად კი ლეგენდარული მომღერლის ედიტ პიაფის თხრობას ვისმენთ.
სიუჟეტი კომპანიის აღმავლობასა და დაცემას ასახავს, მათ შორის ომის დროს გერმანიის მიერ ბლეუსტეინ-ბლანშეს ბიზნესის კონფისკაციის პერიოდს, შემდგომ აღორძინების წლებს, რა დროსაც მომხმარებელთა სიაც გაფართოვდა და ისეთი ბრენდებიც მოიცვეს, როგორებიცაა Shell, Colgate-Palmolive, L’Oréal და Renault. კულმინაცია, რაღა თქმა უნდა, თანამედროვე დროში ხდება.
„2026 განსაკუთრებული წელი იქნება ჩვენთვის, რადგან პირველ საუკუნეს ვასრულებთ, საუკუნეს, რომლის დროსაც მონმარტის პატარა სახელოსნო ინდუსტრიაში უდიდეს ჰოლდინგად ვაქციეთ, რომლის დროსაც Groupe-მა ფერფლიდან აღორძინება სამჯერ შეძლო და კიდევ უფრო მეტჯერ შექმნა ხელახლა საკუთარი თავი. სწორედ ამ გამძლეობის სულისკვეთება განსაზღვრავს ჩვენს ას წელს და ეს ჩვენს სურვილებშიც აისახება: ლომი არასდროს ნებდება.
2026 იქნება ის წელი, როცა მეორე საუკუნეში შევაბიჯებთ, რომლის საწყისიც ეჭვგარეშეა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით იქნება განსაზღვრული. ეს ფილმი ჰუმანურია, ისტორიული და ტექნოლოგიური ოდისეაა, რომელიც შემოქმედებით გონებას AI შესაძლებლობებთან აერთიანებს, რათა ასახოს ჩვენი რწმენა, რომ ხელოვნური ინტელექტის მომავალი ჩვენი ხალხია“, — აცხადებს ართურ სადუნი, Publicis Groupe-ის თავმჯდომარე.
ფილმის გადაღება ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ახლა კი თავად ნახეთ, როგორ განვლო Publicis Groupe-ის ლომმა საუკუნე:











