7
Sep
2018

რევოლუციური აქტი მსოფლიო კრეატიულ ინდუსტრიაში!

7 Sep 2018

შესაძლებელია, თუ არა ხელოვნური ინტელექტი დაეხმაროს სარეკლამო სააგენტოს ფუნქციონირებაში? თანამშრომლებს კრეატიულ პროცესში? იქნებ, ადამიანებისა და ხელოვნური ინტელექტის კომბინაციით, უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ?

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამის სჯერათ. ყოველ შემთხვევაში, ფიქრობენ, რომ ცდად მაინც ღირს გარისკვა, ინვესტიციის ჩადება და როგორც შემოქმედებით ინდუსტრიას ეკადრება, სათქმელის ყველაზე დასამახსოვრებლად, მარტივად და განსხვავებულად თქმა.

ვგრძნობ და მგონია, რომ ხელოვნურ ინტელექტსა და ტექნოლოგიას შეუძლია, კრეატიული ინდუსტრია გახადოს უკეთესი, – არტურ სადუნი, Publicis Groupe-ის აღმასრულებელი დირექტორი.

24 მაისს, კრეატიული სააგენტოების ჰოლდინგ კომპანია “Publicis Groupe-მა“ გამოაცხადა, რომ იქცა ხელოვნური ინტელექტის მქონე პლატფორმად Marcel, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს კომპანიის 80 000-მდე თანამშრომელს, მსოფლიოს მასშტაბით, 130 ქვეყანაში. რაც შეეხება პლატფორმის მისიას – მან უნდა შექმნას მოქნილი, სტერილური სამუშაო გარემო და ინოვაციების ერაში, იქცეს მნიშვნელოვნად წინგადადგმულ ნაბიჯად.

ფაქტობრივად, შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის წარმოუდგენლად ფართო და უცხო კარი იღება და ჯერ არავინ იცის, ამ კარში შესვლა გაამართლებს, თუ არა. ნუთუ, გაამართლებს „მარსელი“, თუ სააგენტოებს ისევ ძველი მოდელებით მოუწევთ მუშაობა?

1926 წელს დაფუძნებული Publicis Groupe-ის მცდელობა, მსოფლიოში პირველად, შეიძლება, ამ ეტაპზე, ყველაზე დიდ მოვლენად მივიჩნიოთ კრეატიულ ინდუსტრიაში, ამიტომ, ვნახოთ, საერთოდ, რა არის მარსელი და როგორ იქმნება ის?

მარსელი არის პირველი კორპორაციული პლატფორმა, რომელიც შექმნილია ხალხის საჭიროებებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. სამყაროში, სადაც ადამიანებს აღარ სურთ კომპანიისთვის მუშაობა და აქვთ მოლოდინი, რომ პირიქით, კომპანია იმუშავებს მათთვის, ანუ კომპანიას ექნება მათი განვითარებისთვის საჭირო ხედვები და რესურსები, ამ მხრივ, როგორც მარსელის შემქმნელები ამბობენ, პლატფორმა საუკეთესო შესაძლებლობაა.

მარსელი დაფუძნებულია 4 პრინციპზე
ცოდნა:
მარსელი ადამიანებისთვის ცოდნის გაზიარებასა და მათ შთაგონებას ემსახურება. მარსელის დახმარებით, ადამიანებმა უნდა იპოვონ თვითგანვითარების ახალი გზები, აიმაღლონ კულტურული ინტელექტი და დაეხმარონ კონკრეტულ ბიზნესსა თუ ზოგადად, ინდუსტრიას წინ წაწევაში.

დაკავშირება: 
მარსელი აკავშირებს Publicis Groupe-ში ისეთ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეეფერებიან ერთმანეთს საჭიროებების, ინტერესების, ქცევებისა და სურვილების მიხედვით.

შესაძლებლობა: მარსელი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინოს ისეთი უნარები, რომლებიც აქამდე, ყოველდღიური ანგარიშების მიღმა რჩებოდა.

პროდუქტიულობა: მარსელი ყოველდღიურ მოსაწყენ და მექანიკურ პროცესებს, როგორიცაა: ექსელის ცხრილები თუ ხარჯთაღრიცხვა სრულყოფილად და ძალიან მარტივად შეასრულებს. ორგანიზაციული მონაცემებითა და მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით დაპროგრამებული მარსელი იქნება უნიკალური დამხმარე 80 000 ადამიანისთვის, ჰოლდინგში.

რა ინფორმაციაზე დაყრდნობით იქმნება მარსელი?
„ჩვენ შევქმენით ალგორითმი, რომელიც დაფუძნებულია „ლინკდინის“ მონაცემებსა და HR სპეციალისტების სახელმძღვანელოზე. გვაქვს კლიენტების, თანამშრომლებისა თუ სამუშაოს მონაცემები და ახლა ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ერთად შეგროვდეს და ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლოს მისი მიღება, გადამუშავება და გამოყენება. ჩვენ გვყავს 80 000 თანამშრომელი და მაშინაც კი, თუ მათი ნახევარი გვეყოლება პლატფორმაზე, შეგვეძლება, ძალიან საინტერესო გზით შევცვალოთ რეალობა და მომავალიც“, – დონ ვინჩესტერი, Publicis Groupe, უფროსი ციფრული ოფიცერი, ჩრდილოეთ ამერიკა.

ვიცი, რომ როგორც სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორებს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენ გვინდა, საუკეთესო შედეგები მივიღოთ ჩვენი თანამშრომლებისგან. შეხედეთ Publicis Groupe-ს! – რომელ სხვა კომპანიას აქვს ასეთი მრავალფეროვანი პროფილი ამდენ ქვეყანაში და მუშაობს პოლარულად განსხვავებულ პროექტებზე ძალიან ბევრი კლიენტისთვის?! თუ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს განსხვავებულობას, ვიქნებით მსოფლიოში საუკეთესო კომპანია, – არტურ სადუნი.

თუ მარსელი გვირჩევს, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით, ვისი სიტყვა იქნება, ამ შემთხვევაში, ავტორიტეტული?
არტურ სადუნი: მარსელი იქმნება იმისთვის, რომ იმუშაოს ადამიანებისთვის. პლატფორმა ემსახურება ხალხს და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება არ არის მისი პრეროგატივა.

შეუძლია, თუ არა მარსელს კრეატიული აზროვნება?

ჩვენი მთავარი ღირებულება დგას ჩვენს შესაძლებლობაზე – გამოვიწვიოთ ემოცია. სწორედ კრეატიულობა არის ჩვენი მთავარი იარაღი და რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს  მას! – არტურ სადუნი.

Publicis Groupe – სარეკლამო სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, Cannes Lions-ის პარტნიორია და შედეგად, პლატფორმაზე, კომპანიის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, Marcel-ის დახმარებით, მოძებნონ ფესტივალის არქივი, 2002-დან 2018 წლამდე – ჯილდოს მფლობელი 200 000 კამპანია/რეკლამა.

და თქვენ როგორ ფიქრობთ! აქვს, თუ არა მომავალი კრეატიულ სამუშაო პროცესში ხელოვნური და ადამიანური ინტელექტის კომბინაციას?

განხილვა