in

როგორ მუშაობენ Pullman Tbilisi, Hilton Tbilisi და Batumi ნარჩენების შემცირებაზე

მსოფლიო მასშტაბით ბევრი დიდი ბრენდია, რომლებიც პლასტმასის ნარჩენების შემცირებას ცდილობენ და ამ პროცესებს თავის ბიზნესში აქტიურად ნერგავენ. მაგალითისთვის Nike-ის დასახელებაც შეიძლება, რომელიც ცნობილია გარემოზე ზრუნვით. გადამუშავებული პოლიესტერის დასამზადებლად ის პლასტმასის ბოთლებს იყენებს, რითაც ამცირებს ზედმეტი პლასტმასის მოხვედრას გარემოში.

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN აქტიურად ახორციელებს გარემოს დაცვის პროგრამებს საქართველოში. „შეამცირე პლასტმასით დაბინძურება“ ერთ-ერთი მიმდინარე კამპანიაა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის ხელშეწყობით ხორციელდება. ამ კამპანიის ფარგლებში, CENN-მა საქართველოს მასშტაბით ათი ბიზნესი გააერთიანა. ეს ბიზნესები სხვადასხვა სექტორს წარმოადგენს, თუმცა დღეს გესაუბრებით ჰორეკა მიმართულებაზე და გაგიზიარებთ უკვე პრაქტიკაში დანერგილ რამდენიმე წარმატებულ ნიმუშს, თუ როგორ ჩაერთნენ კომპანიები CENN-ის კამპანიაში და რა შეცვალეს პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად თავიანთ საქმიანობაში.

ანა პეტრიაშვილი, CENN-ის კომუნიკაციების მენეჯერი:

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში პლასტმასის წარმოება და იმპორტი საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა და 71%-ს მიაღწია. განსაკუთრებით გაიზარდა ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის (SUP) პროდუქციის რაოდენობა: PET გრანულების ზრდამ 122% შეადგინა, ხოლო ერთჯერადი ჭურჭლისამ – 135%. 2020 წელს საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული პლასტმასის პროდუქციის დაახლოებით 93% ნარჩენად იქცა, რაც გარემოს დაბინძურების ზრდას უკავშირდება. საქართველოში, სანაპირო ზოლზე დაგროვილი ნარჩენების დაახლოებით 95% და უკანონო ნაგავსაყრელებზე არსებული ნარჩენების უმეტესი წილი სწორედ პლასტმასაზე მოდის. რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემა აწყობილი, მნიშვნელოვანია, გაერთიანებული ძალებით ვეცადოთ პლასტმასის მოხმარების პრევენციას, შემცირებას ან მასზე უარის თქმას. 

ჩვენ კერძო სექტორის როლს ამ პროცესში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. სწორედ ამიტომ, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ცირკულარული გადაწყვეტების პოპულარიზაციას ეთმობა ბიზნესსექტორში. კამპანიაში მონაწილე 10 კომპანიასთან გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ორგანიზაციებში პლასტმასის ნარჩენების აუდიტზე, შემცირების პრაქტიკებზე, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ამ შედეგების კომუნიკაციაზე. შეხვედრების შემდეგ მონაწილეებს ზაფხულის განმავლობაში ჰქონდათ დრო, შეეცვალათ და გაეუმჯობესებინათ ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა პლასტმასის ნარჩენების მართვის კუთხით. ამ  პროცესში მათ მენტორული მხარდაჭერაც ჰქონდათ გამოყოფილი”.

ახლა კი წარმოგიდგენთ პროექტში მონაწილე სამი სასტუმროს გამოცდილებას. თითოეული მათგანი კამპანიაში ჩართულობას დადებითად აფასებს.

გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებსაც სასტუმროს გახსნისთანავე ვდგამდით გარემოს მდგრადი განვითარების მიმართულებით, რამდენიმე ძალიან საინტერესო ცვლილება განვახორციელეთ ამ კამპანიის ფარგლებში. CENN-ის მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და კონსულტაციის საფუძველზე, პლასტიკის ბოთლები სრულად ამოვიღეთ ჩვენი Coffee შოპიდან, ასევე დავიწყეთ თანამშრომლობა კომპანია „ტენესთან” და მათი ყუთი განვათავსეთ სასტუმროს შემოსასვლელთან. ჩვენს საერთო სივრცეებში არსებული წყლის დისპენსერები, რომლებიც აღჭურვილი იყო პლასტმასის ბინულებით, შევცვალეთ ,,ნამის” აპარატებით. ასევე, ვგეგმავთ რამდენიმე გარე აქტივობას გარემოს დასუფთავების მიმართულებით”, – აცხადებს მარიამ ზირაქაშვილი, Hilton Garden Riverview Tbilisi-ს გაყიდვების უფროსი.

სასტუმროები Pullman და Hilton Batumi პროექტის პარტნიორები არიან. ისინი ჰორეკა სექტორში პლასტმასის ნარჩენების შემცირებაზე დიდი ხანია მუშაობენ და ამ კუთხით წარმატებული ნაბიჯებიც გადადგეს. მათი კომენტარებიდან შევიტყობთ, რა ღონისძიებებს ატარებენ ისინი გარემოსდაცვითი საქმისთვის.

ორეკას ინდუსტრია საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება მსოფლიო მასშტაბით და უფრო და უფრო დიდ გავლენას ახდენს გარემოზე. აუცილებელია, მდგრადი პრაქტიკებით, ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რათა ინდუსტრიის განვითარებამ უარყოფითი შედეგები არ მოუტანოს დედამიწას.

მას შემდეგ, რაც აქტიურად დავიწყეთ ჩვენი გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელება, დავინახეთ დადებითი შედეგების მთელი რიგი, რომლებიც აძლიერებს მდგრადობის მნიშვნელობას ჩვენს ინდუსტრიაში. დღეს უკვე პლასტიკის ნაცვლად ხის გასაღებებს ვიყენებთ. ასევე, გვაქვს მრავალჯერადი, გადამუშავებადი ბარათები. თითქმის 100%-თ ამოღებულია ერთჯერადი მოხმარების პლასტიკის შემცველი ნივთები (საწრუპები, ჭიქები, ერთჯერადი შამპუნები, ყველანაირი შეფუთვა, რაც შეიცავს პლასტიკს); სასტუმროში უმეტესად დამონტაჟებულია ლედსანათები, რაც გვეხმარება ენერგიის დაზოგვაში და დარეგულირებული გვაქვს წყლის ნაკადის სიჩქარე, რაც გვეხმარება წყლის დაზოგვაში. ჩვენი სასტუმროს ოპერირების ყველა კომპონენტში ვცდილობთ გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას”, – გვიყვება ირინე ლეკიშვილი, Pullman Tbilisi-ს პროექტების მენეჯერი.

Hilton Batumi-ში სოციალურ პასუხისმგებლობას დიდი დრო ეთმობა და შიდა კამპანიების ფარგლებშიც, არაერთ აქტივობას ვახორციელებთ გარემოს დასაცავად. მაგალითად, სრულად აღვკვეთეთ 200 კგ-ზე მეტი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნაგავსაყრელზე გადაყრა. ასევე, მოვუწოდებთ ჰორეკა სექტორის სხვა წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქტივობებში და თავადაც დაგეგმონ კამპანიები.

ზემოაღნიშნული მაგალითი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი საქმეებიდან, რომლებსაც ნარჩენების ხელახალი გამოყენების პრაქტიკაში ვნერგავთ. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ამ კუთხით ვახორციელებთ, აძლიერებს ჩვენს კულტურასა და პასუხისმგებლობას გარემოს მიმართ. აქვე აღვნიშნავ გუნდის თითოეული წევრის ჩართულობას და იმას, რომ მათ ესმით, რატომ ვაკეთებთ ამ საქმეს, ესმით, როგორ ვაკეთებთ და რა სარგებელი მოგვაქვს გარემოსთვის”, – პატრიკ ნაუთერი, Hilton Batumi-ს გენერალური მენეჯერი.

სტატია შექმნილია პროექტის „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ნარჩენების მართვის ცირკულარული მოდელების დანერგვის ხელშეწყობა, დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

[R]

Bolt Food-თან ერთად წინასასკოლოდ ბავშვების გახარება ისევ შეგიძლიათ

BTUAI-ის ინოვაციური რესურსებით პროფესიონალთა AI გადამზადება იწყება