„ჩაინიშნე შეხვედრა ხვალ 5 საათზე”, „ჩართე გათბობა”, „მითხარი, როგორი ამინდი იქნება ხვალ თბილისში“, „ჩართე მუსიკა“ – ამ და სხვა დავალებების ქართულ ენაზე მიცემა უკვე შესაძლებელია ხმოვანი ასისტენტისთვის, რომელიც საქართველოში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე კომპანია Pulsar AI-მ შექმნა. ეს ქართული ტექნოლოგიური პროგრესი მნიშვნელოვანია უსინათლო პირთა ყოველდღიურობის გამარტივების კუთხითაც, გარდა ამისა, მისი გამოყენება შეიძლება როგორც სახლში, ასევე, ოფისში, სადაც მასთან „საუბრისა“ და ინფორმაციის მიღების გარდა, მისი დახმარებით, სხვადასხვა სახის ტექნიკის მართვაც შეგვიძლია. კითხვაზე, არის თუ არა ეს პირველი პრეცედენტი ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე Pulsar AI-ს COO, სოფო ჭყოიძე გვპასუხობს – „დიახ, ეს არის ტექნოლოგია, რომლის მსგავსი არასოდეს შექმნილა ქართული ენისათვის“.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/aibypulsar/videos/905958429585676/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
M: Pulsar-ის ხედვით, როგორია ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტის არსებობის მნიშვნელობა და საჭიროება?
ადამიანებისათვის ყველაზე ბუნებრივი კომუნიკაციის საშუალება არის საუბარი, თუმცა, ეს ბუნებრივობა მშობლიურ ენაზე საუბარს საჭიროებს. შესაბამისად, ყველა ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანისათვის ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი არის ყველაზე კომფორტულად მოსახმარი. ჩვენი კომპანიის დაარსების მომენტიდან, ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ქართული ენის დამუშავების ავტომატიზაცია, ანუ ე.წ Natural Language Processing. მას შემდეგ, რაც გადავლახეთ მნიშვნელოვანი სირთულეები ამ მიმართულებით, განვითარებად ხმის ამოცნობა და გენერირება დავისახეთ. სწორედ ამ მომენტიდან გადავწყვიტეთ, ქართული ენა კიდევ უფრო მეტად დაგვეინტეგრირებინა მაღალტექნოლოგიურ მიღწევებში და ამიტომ, შევქმენით ქართული ხმოვანი ასისტენტი.

M: როგორი იყო ხმის ამომცნობი სისტემის შექმნასთან დაკავშირებული სირთულეები და ზოგადად, ხმოვანი ასისტენტის შექმნის პროცესი?
საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი იყო იმ თითოეული კომპონენტის შექმნა, რისგანაც შედგება ხმოვანი ასისტენტი. სპეციალურად ქართული ენისათვის შექმნილი პროცესორი, რომელიც მრავალ ინსტრუმენტს აერთიანებს – ტრანსლიტერატორი, ლემატიზატორი, ასევე “Spell Checker”, Entity Recognition, ა.შ. შევქმენით Speech-to-text, რომელიც ქართული საუბრის ტექსტად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ასევე, Text-to-speech, რომელიც ტექსტისგან ხმის დაგენერირებას უზრუნველყოფს. ამ და სხვა კომპონენტების შექმნისას მუშაობდნენ ჩვენი მკვლევარ-ინჟინრები და ლინგვისტები.
M: როგორია ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტის ფუნქციონალი და პერსპექტივა ქართულ ბაზარზე?
მისი ფუნქციონალი შეუზღუდავია. ჩვენ ტექნოლოგიის მიერ შესრულებადი ნებისმიერი დავალების შესრულება შეგვიძლია ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს. ხმოვან ასისტენტში გამოყენებულ ყველა კომპონენტს ჩვენ დამოუკიდებლად მუდმივად ვავითარებთ, ვინაიდან, ვიყენებთ მათ ჩვენს სხვადასხვა პროდუქტებსა და სერვისებში. შესაბამისად, ცალკეული კომპონენტების გამოყენება საკმაოდ ხშირია – კომპანიები იყენებენ ჩვენს სერვისებს ხმის ამოცნობისათვის, ხმის დაგენერირებისათვის, ტექსტის ანალიზისათვის და ა.შ.