in

Punctum – ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა, როგორც ადამიანის სხვადასხვაგვარი მდგომარეობის გამოხატვა

გამოფენა დღეს დედიკას გალერეაში იხსნება


Punctum – ამიერიდან ამ ლათინური სიტყვის გაგონებაზე არა მხოლოდ მისი მნიშვნელობა “წერტილი”, არამედ ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენაც გაგახსენდებათ, რომელიც ამავე სახელწოდებით დღეს, 24 ივნისიდან დედიკას გალერეაში იხსნება. ეს არის ნამუშევრების სერია, რომელიც ადამიანების სხვადასხვაგვარი მდგომარეობის გამოხატვას ემსახურება.

“ამ სერიას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა გამოფენის მოწყობის სურვილი. შემდეგ კი, როცა ერთი სურათი დავხატე, მან მეორე დამახატვინა, მეორემ მესამე და ასე შეიქმნა სერია. სწორედ ამან მიბიძგა გამოფენის ჩატარებისკენაც” – ამბობს მხატვარი ოლეგ ტიმჩენკო.

თითქოს, თავისით იხატებოდა ეს ნამუშევრები

გამოფენაზე წარმოდგენილი სურათების მთავარ თემას მარტოდ მყოფი ადამიანი წარმოადგენს – კომპოზიციის მთელ სივრცეს მონუმენტური ფიგურები იკავებენ, სადაც არაფერია, გარდა მათი გამოსახულებისა და მარტოსულობის შეგრძნებისა. აქ ზღვარზე მისული ადამიანები ან “ცარიელი”, მხოლოდ ერთ ფერში გადაწყვეტილი ფონის ჩარჩოებში არიან მოქცეულნი, ან უნაყოფო მიწაზე იმყოფებიან და ქვებით არიან გარშემორტყმულნი… შედეგად, ის შინაგანი სიმარტოვის განცდა ვიზუალური აქცენტებით გამოიხატება.

“ზოგი ფიქრობს, ზოგს რაღაც სტკივა. ასე ვთქვათ, შინაგანი ბრძოლა მიდის. სახელწოდებაც ამას უკავშირდება – წერტილი, არა როგორც დამთავრება, არამედ ათვლის წერტილი ან “სამი წერტილი”, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ რაღაცას გაგრძელება აქვს” – განმარტავს ოლეგ ტიმჩენკო.

როგორც მხატვარი აღნიშნავს, ყოველ ჩვენგანს აქვს მსგავს მდგომარეობაში ყოფნის პერიოდი, როცა იტანჯება, რაღაცის გადალახვას ცდილობს და იბრძვის. საინტერესოა, რომ ამ პროცესის მძიმე, კომპლექსური ხასიათი მხატვრულად ზუსტად არის გადმოცემული – შუქჩრდილების სწრაფი მონაცვლეობა, მკვეთრი კონტური, თითქოს უძრაობის შეგრძნება და მონუმენტური სხეულები, რომლებიც ტილოს სივრცეს კიდეებამდე ავსებენ. ეს უკანასკნელი შებოჭილობისა და “უჰაერობის” განცდასაც ბადებს, რასაც ქვების გარემოც ამძაფრებს.

“ალბათ, მეც დამიგროვდა ემოციები, მომბეზრდა რაღაცები და თავისით მოვიდა ნამუშევრების ასეთი ხასიათი. ზოგადად ხელოვნებაში დრამა მიყვარს და ეს ყოველთვის გასდევს ჩემს კომპოზიციებს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ დრამა ტრაგიკულს არ გულისხმობს. ეს არის რაღაც სხვა მუხტი, რომელიც ყველაფერში არსებობს”. გარდა დრამატული ხასიათისა, უნდა აღინიშნოს ის გულწრფელი ატმოსფერო, რომელიც თითოეული ტილოდან იგრძნობა. თავის მხრივ, ამას ოლეგ ტიმჩენკოს დამოკიდებულებაც განაპირობებს – მისი თქმით, არასდროს ხატავს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს მოეწონოთ… არამედ ხატავს იმას, რასაც გრძნობს, რასაც განიცდის, რაც აწუხებს, რაზეც ფიქრობს და რაც მისთვის ესთეტიკურია.

მიუხედავად ასე მკაფიოდ განსაზღვრული იდეისა, ალბათ, ამ ფიგურებისა და კომპოზიციების მიმართ ყველას განსხვავებული, ინდივიდუალურ ჭრილში “გატარებული” დამოკიდებულებაც გაუჩნდება. ყოველი ჩვენგანი საკუთარ პირად ამბავსაც დაინახავს მათში. თუმცა ერთი, რაც ობიექტურად უცვლელია, ამ ნამუშევრების ესთეტიკურობაა.

“ესთეტიკა ეს არის სილამაზე და რაღაცის არ გადაჭარბების ბალანსი… და ვფიქრობ, ყველა ნამუშევარში უნდა იყოს ეს სილამაზე. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ ისეთ ხელოვნების ნიმუშებზე, რომლებშიც განზრახ ხდება რაღაცის “დანგრევა”. ეს სულ სხვა შემთხვევაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გარკვეული კანონები” – ამბობს ოლეგ ტიმჩენკო.

დაბოლოს, სტატიაში წერტილის დასმამდე გეტყვით, რომ ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენის ნახვა და აქ წარმოდგენილ ნამუშევრებში პირადი ამბის აღმოჩენა 4 ივლისის ჩათვლით შეგეძლებათ.

ავტორი ქეთია ბელქანია


LEGO-ს ახალი კუბიკების პროტოტიპი გადამუშავებული პლასტმასისგან შეიქმნა!

როგორ შემოვატრიალოთ ბიზნესის კრიზისი ჩვენ სასარგებლოდ?