in

The Puppet Maker – ანიმაცია, რომელმაც ქართველ ხელოვანს საერთაშორისო წარმატება მოუტანა

„სადღაც 25 წამი კადრში არის საჭირო, რომ თოჯინამ ხელი აწიოს და ერთწამიანი მოძრაობისთვის გვჭირდება, დაახლოებით, 1 სთ და 10 წუთის მუშაობა. ამ ფილმში, მთლიანად, არის 140 თოჯინა, რომლებიც შეიქმნა რუსული ლიტერატურიდანაც, გერმანული თუ იტალიური ხალხური ზღაპრებიდან, ასევე არიან ჩემი მეგობრები, რომელთა ხასიათის ტიპები ჩავსვი თოჯინებში. ჩემი ინსტიტუტის მეგობრები და ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ვნახე და მივიჩნიე, რომ საინტერესო პერსონაჟები იქნებოდნენ. ამ ფილმში ბევრი რაღაც ჩავდე და სხვათა შორის, ფილმი ძალიან ინტიმურია. ფოტოებს თვითონ ვიღებ, მონტაჟს ვაკეთებ და სცენარი, ხშირად, ჩემია. ამ შემთხვევაშიც ასეა. ოპერატორი მე ვარ და რეჟისურაც თავადვე გავწიე“, – ბადრი სხირტლაძე ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის კინოსა და თეატრის მხატვრობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, რომლის სადიპლომო ნამუშევარმაც, ანიმაციურმა ფილმმა „მეთოჯინემ“ – The puppet maker საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

BOG
BOG

სტომატოლოგიურზე ვსწავლობდი, ისე მოხდა, რომ რაღაცნაირად გული ავიცრუე და გადავწყვიტე, რომ მეკეთებინა ის, რაც ვიცოდი ყველაზე კარგად. გადავწყვიტე, ხელოვნების სფეროში გამეგრძელებინა სწავლა, სადაც თავიდანვე მინდოდა. ბავშვობიდან სულ ვძერწავ და ვჩხირკედელაობ. 22 წლის ასაკში შევიცვალე საქმიანობის სფერო.

ვენის უნივერსიტეტში თავისუფალი მიდგომაა თვითონ ხელოვნების მიმართ. აქცენტი ნაკლებად კეთდება იმაზე, რამდენად კარგად შეგიძლია ხატვა. ყურადღება უფრო იმას ექცევა, რამდენად თავისუფლად აზროვნებ და როგორ აღიქვამ სამყაროს. შეიძლება შენს კონკრეტულ ნაშრომს არ ჰქონდეს კავშირი გამოცდის თემასთან, მაგრამ შთაბეჭდილება მოახდინო და შენი პოტენციალი დაანახო სხვებს, რომ მაგალითად, ცეცხლი დახატო კარგად კი არა, ცეცხლი დაინახო სულ სხვანაირად, მწვანე ან ლურჯ ფერში.გამოცდილება უფრო ურთიერთობებით მივიღე, იმ თვალსაზრისით, რომ ვნახე სხვა სამყარო, აბსოლუტურად სხვა სოციუმი და მივიღე კულტურული შოკი, როცა აღმოვაჩინე, რომ კონფლიქტები წყდება არა ძალადობრივი გზით, არამედ საუბრით, დიალოგით. თავიდან თვალშისაცემი ხარ, რომ არ ხარ შენ იმ კულტურის ნაწილი, არ ვამბობ, რომ ეს ცუდია ან კარგია, ეს ფაქტია. კულტურული ბარიერიც იყო, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ 22 წელი ადამიანი, რომ რაღაც გარემოში ცხოვრობ, დრო გჭირდება, რომ სხვა კულტურასთან ადაპტირდე და საკუთარი თავის იდენტობა მოახდინო.

ანიმაცია
უნივერსიტეტი გარდა დარეგისტრირებული საგნებისა, გთავაზობს კურსებს სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი იყო ანიმაციაც, რომლის წრეზე მისვლაც ჩემმა ახლა უკვე მეგობარმა, ლექტორმა კორნელია კრაფტიმ მირჩია. აქ აგვიხსნეს პრინციპი, როგორ კეთდება ანიმაცია და ასე დაიწყეს გაცოცხლება ჩემმა პერსონაჟებმა.

პირველი ანიმაცია იყო ძალიან მოკრძალებული, ფრანგული საუზმე, რომელსაც ვაკეთებდით ძველი ტექნოლოგიებით, ფაქტობრივად, ბრმად, რადგან ვერ ვხედავდით, როგორ იწყობოდა ანიმაცია, როცა დღეს შეგვიძლია, პირდაპირ ეკრანზე ვნახოთ, მუშაობის პროცესში და გამოვასწოროთ თოჯინის მოძრაობები. ანიმაციის ლექტორს უფრო მხიარული ჟანრი უყვარს, თვითონაც სატირას აკეთებს და სულ მეუბნებოდა, რომ კლოუნებს შევშვებოდი და რამე სასაცილო გადამეღო, ეს ანიმაციაც მისი გავლენის შედეგია. 3 კვირა ვმუშაობდი ამ საუზმეზე და საბოლოო ვერსია, ხმის დადებიანად, შეიქმნა 2010 წელს.

შემდეგი კი იყო ძალიან პატარა ანიმაცია incredible kiss – ესეც ძლიან სასცილო ისტორიაა ქალისა და კაცის ურთიერთობაზე და პატარა ანიმაციაში ჩავატიე ის, რასაც ქალი და კაცი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ერთმანეთთან ურთიერთობისას აწყდებიან. თუმცა მე მიყვარს კომედია, მაინც არაა ჩემი ჟანრი.

მეთოჯინე – The Puppet Maker
„მეთოჯინე“ იყო ჩემი სადიპლომო ნამუშევარი და ეს ფილმი ისეთი გავაკეთე, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო. თუმცა იდეის გაჟღერებიდანვე ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა და მეუბნებოდნენ, რომ ვერ შევძლებდი და თავი უნდა დამენებებინა პროექტისთვის. საბოლოოდ, ჩემს პროფესორთან შეთანხმებით, დასრულების დრო – 2012 წლის 19 ივნისი განვსაზღვრეთ. 6-8 თვე ვაშენებდი დეკორაციებს და ამას ვაკეთებდი უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში, საკლასო ოთახში. მახსოვს, მოდიოდნენ ხოლმე და დახმარებას მთავაზობდნენ, ზოგს უნდოდა, რომ მისი სახე გამომეყენებინა პერსონაჟის ხასიათისთვის. ყველაზე რთული პერსონაჟის ხასიათის შექმნა იყო. ხანდახან მქონდა ხოლმე ჩავარდნები და უბრალოდ, ხასიათებს ვეღარ ვქმნიდი. მერე დავიწყე გადაღება, რომლის დროსაც ტექნიკურ პრობლემას წავაწყდი და რაღაც ეტაპზე ვიფიქრე, რომ სტოპმოუშენს აღარ გავაკეთებდი და მარიონეტებად გადავაქცევდი ამ თოჯინებს. ბევრი ისეთი პრობლემა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა შემხვედროდა იმიტომ, რომ პირველად ვმუშაობდი ასეთ პროექტზე, უბრალოდ, ჩემთან ის ართულებდა სიტუაციას, რომ განვიცდიდი დროის წნეხს და ვიცოდი, რომ 19 ივნისამდე უნდა მომესწრო ყველაფერი.

უკვე გადაღებების დროს ის ხალხი მოდიოდა, ვინც თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი. გადაღებები დამთავრებული მქონდა, როცა უნივერსიტეტის კანადიდან მოწვეულმა პროფესორმა მირჩია, რომ აუცილებლად, ერთხელ მაინც უნდა მეჩვენებინა ფილმში, სად იყო მამა, რომ იგი ომშია. პაციფისტი ვარ და სიმართლე გითხრათ, ეს არ იყო ჩემი ფილმის მთავარი თემა, მეჩვენებინა, მაგალითად, 40-იან წლებში, გერმანელი ნაცისტები, რომლებიც შემოვიდნენ პარიზში, მაგრამ შეიძლებოდა ამ ყველაფრის ჩვენება ისე, რომ ვთქვათ, თუ გარეთ ომია, თოჯინების სახელოსნოში უფრო მნიშვნელოვანი რაღაც ხდება. საუბრით, დისკუსიით, კარგი გაგებით ზეწოლით, მოხდა ისე, რომ გადაღებული მქონდა ყველა სცენა, ხელახლა დავდგი ამ ეპიზოდის დეკორაციები – სანგრები, ტანკები გავაკეთე და გადავიღეთ.ფილმის ჩვენება მქონდა დილას, ვენის ფილმის მუზეუმში, „ალბერტინას“ ქვევით. საოცრად მზიანი დღე იყო და მახსოვს, რომ ძალიან ვნერვიულობდი. პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა, მერე იყო ამაზე ბევრი საუბარი, მსჯელობა, საინტერესო იყო ის, რომ ადამიანები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ იმას, რაც მე არ ჩამიდია ფილმში, არც მიფიქრია, არც ყოფილა იდეა. 2 წელიწადი დამჭირდა იმისთვის, რომ გამოვსულიყავი ამ პროცესიდან, იმდენად ინტენსიური იყო, რომ  სტუდიაში მეძინა ორწელიწად-ნახევარი, ფაქტობრივად, იქ ვჭამდი, იქ მეძინა, იქ ვიბანდი, იქ ვათენებდი და ვაღამებდი. მქონდა საოცრად გიჟური პერიოდი, მაგრამ ეს ყველაფერი მჭირდებოდა, პირველ რიგში, მე.

The Puppet Maker-ის საფესტივალო ცხოვრება
ამ ფილმის საფესტივალო ცხოვრებაზე არც მიფიქრია, თუმცა რჩევებით, დავიწყე გაგზავნა და პირველი ასეთი იყო ნიქოზის ფესტივალი. ფილმი გერმანიაში იყო ნაჩვენები, ბულგარეთში – სოფიაში, მაკედონიაში – სკოპიეში, იაპონიაში, ასევე, სლოვაკეთში – ლუბლიანას ფესტივალზე. ჩინეთში, შენზენის ფესტივალის დროს, „მეთოჯინემ“ მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი იყო ნონიმაციაზე – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია. საერთო ჯამში, 11-12 ფესტივალზე მოხვდა ფილმი, იყო საბაზრო ჩვენებებზე, 10-ჯერ მოხვდა ფესტივალების ოფიციალურ ჩვენებაში და 2-ჯერ – საპრიზო ადგილზე.ანიმაციური ფილმის გზავნილი
ამ ფილმში ბევრი რაღაც ჩავდე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, რაც ფილმის საწყისი პუნქტი და არსი იყო, ალბათ მაინც, ადამიანია. თუ დააკვირდებით, ფილმში, ყველა თოჯინას აქვს თავისი პროფესია და როცა დგება მომენტი, რომ მათ ყველაზე ძვირფასი უნდა გაიღონ თოჯინების ხელოსნისთვის, ისინი სწირავენ სხეულის იმ ნაწილს, რის გარეშეც ვეღარ აღიქმებიან პერსონაჟად: კლოუნი წითელ ცხვირს იძრობს, მევიოლინე თავის ჯოხს სწირავს, გოგრისთავა თავს იხსნის და აღარაფერი რჩება მისგან. სხვათა შორის, ფილმი ძალიან ინტიმურია და იქ ერთი თეთრი, სათვალიანი თოჯინაა, რომელსაც მე ვასახიერებ და მეთოჯინეს ჩემს მარჯვენა ხელს ვაძლევ. საბოლოო ჯამში, ვხედავთ კომბინეზონიან, წითელღილებიან მეთოჯინეს და ეს მეთოჯინეც მე ვარ, ასეთი ჭრელი, განსხვავებული ნაწილებისგან შევდგები იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მომცეს ადამიანებმა და ის, რომ დღეს ბადრი სხირტლაძე ასეთია იმათი დამსახურებაა, ვინც ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჩემთვის გაიღეს მათთვის ყველაზე ძვირფასი რამ. სწორედ ეს იყო გზავნილი, რომ ადამიანებმა ერთმანეთს აუცილებლად უნდა მივცეთ ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს და პირველ რიგში, შანსი.ადამიანები შენს ცხოვრებაში
მე უბრალო ადამიანები მიყვარს და მათგან გამოვყოფდი ოტია იოსელიანს, რომელიც მისაბაძია თავმდაბლობით, საქმისადმი ერთგულებით, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებითა და სიყვარულით.
ჩემს სფეროში ადამ ელიოტი მომწონს ძალიან.
ასევე, Brother scrays, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ჟანრში არ არიან.

სად წარმოგიდგენია თავი?
ბევრი რაღაც მინდა… ვიცი, რომ რითიც ახლა ვარ დაკავებული, ყოველთვის და ყველგან გავაკეთებ იმიტომ, რომ ეს უბრალო გატაცებაზე მეტია. არ ვიცი, მსახიობობა მინდოდა ძალიან და ჯერჯერობით, დღემდე მრჩება სურვილი, რომ როგორც მსახიობი შევდგე.

ამჟამინდელი საქმიანობა
ამჟამად ვმუშაობ ახალ თხუთმეტწუთიან ანიმაციაზე – „მწვანე გასაღები“, რომელიც არ არის ბავშვებისთვის. ფილმის პერსონაჟები რეალურ ადამიანებს განასახიერებენ და ამ ეტაპზე ეს ადამიანები ახმოვანებენ თავიანთ ტექსტს. უკვე სამი წელიწადია ამ პროექტზე ვმუშაობთ და სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გავალთ ბოლოში.

ჰობი
მიყვარს ველოსიპედი, მგზავრობა, ბუნება და მთა. ასევე, მაინტერესებს და ვფლობ 4 ენას, ამ კუთხით ჩემი გონება გახსნილია.
ფრაზა: წყალი დავლიე, სხვასაც ვაცალე…

The Puppet Maker-ის თოჯინები კვლავ არსებობენ?
ის თოჯინები არსებობენ, ყველა შევინახე, ჯარისკაცების გარდა და როცა ჩამოვალ, აუცილებლად ჩამოვიტან. მთავარი პერსონაჟები, თაროზე მსხდომი თოჯინებიც – ყველა ცოცხალია და ახალი პროექტიდანაც შევინახავ, რა თქმა უნდა.

ზრუნვა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მომავალზე! – Hyundai-ს კამპანია Hope On Wheels 

სამტრედიაში სპარის ფილიალი გაიხსნა