27
Aug
2019

რატომ უნდა გვყავდეს ოფისში ლეკვი

27 Aug 2019

თუ გინდათ, რომ მომქანცველი და სტრესული სამუშაო პროცესი ბედნიერ და პროდუქტიულ გამოცდილებად აქციოთ, ამაში არც მეტი, არც ნაკლები, ლეკვი დაგეხმარებათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ნეირომეცნიერების კვლევას თუ დავუჯერებთ, გამოსავალი ჩვენი მზერის მიპყრობა იქნება, მაგალითად, ლეკვების დიდ და ყავისფერ თვალებზე. Virginia Commonwealth უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ლეკვის მოფერება სტრესზე პასუხისმგებელ ჰორმონ კორტიზოლს ამცირებს. უფრო მეტიც, ლეკვებთან ინტერაქციის დროს გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, ცნობილი, როგორც „სიყვარულის ჰორმონი“. ოქსიტოცინს შეუძლია დეპრესიისა და შფოთის შემცირება, პოზიტიური თვითაღქმის გაზრდა. ის, ასევე, ენდორფინისა და დოპამინის ცირკულაციას ზრდის – ეიფორიის გამომმუშავებელ ჰორმონებს, ასე ძალიან რომ გვიყვარს ყველას.

რაც მთავარია, ჩვენი პროდუქტიულობა იზრდება და უფრო ხანმოკლე დროში, უფრო ხარისხიან შედეგს ვაჩვენებთ. იმიტომ, რომ ძაღლებთან კომუნიკაცია რელაქსაციასა და სტრესის რედუქციაზე დადებით ზეგავლენას ახდენს, ამბობს კვლევა.

მაგალითად, ბიზნესმრჩეველი მარია ტაბაკა ამბობს: „ჩემს შემთხვევაში, ზუსტად მასეა. ჩემი სიმპათიური ვეიმარანერი რაილი, მთელი დღის განმავლობაში ჩემი მაგიდის ქვეშ წევს. მისი რიტმული სუნთქვა და რბილი ბეწვი განსაკუთრებით სასიამოვნოდ მოქმედებს ჩემს გონებასა და სხეულზე“.

ზემოთ გამოთქმულ მტკიცებებს რეალისტურად თუ მივუდგებით, ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ლეკვი, ასევე, დიდი ძაღლიც, რა თქმა უნდა, დისტრაქციის (ყურადღების გაფანტვის) წყაროც შეიძლება, გახდეს. თუმცა, ის, რომ ლეკვების ფოტოების ყურებასაც კი, ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო ეფექტი აქვს, იაპონური კვლევა ადასტურებს. სასარგებლო ეფექტში დავალებების შესრულების გაუმჯობესება იგულისხმება, განსაკუთრებით, შემეცნებითი დავალებებისა, რომელიც საკითხზე ფოკუსირებასა და ყურადღებას საჭიროებს.

თუ საკმარისად იღბლიანი ხართ და ოფისში ნამდვილი ძაღლი უკვე გყავთ, შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ ისიც, რომ იმ თანამშრომლებთანაც მოახერხეთ კომუნიკაცია, ადრე საერთო ენას რომ ვერ პოულობდით. სამუშაო გარემოში ძაღლის არსებობა ხომ მთლიანი გუნდის კმაყოფილებას იწვევს.Central Michigan-ის კვლევაში ადამიანებს სთხოვეს, კონკრეტული პროდუქტისთვის 15 წამიანი რეკლამა მოეფიქრებინათ. ზოგიერთ ჯგუფს, სამუშაო პროცესში, ძაღლი ჰყავდა, ზოგს – არა. შედეგად, ძაღლიანი ჯგუფის წევრებმა ერთმანეთის მიმართ უფრო მაღალი ნდობა და ერთსულოვნება გამოავლინეს, ძაღლის გარეშე მომუშავე ჯგუფებთან შედარებით.

სამუშაო სივრცეში ძაღლის არსებობის კულტურა პროდუქტიულ, ნდობაზე დაფუძნებულ და ბედნიერ ატმოსფეროსთან ასოცირდება. ასეთ შემთხვევაში, თანამშრომლები სამსახურის მიმართ კმაყოფილებას, ხოლო კოლეგებისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენენ.

წყარო: inc



განხილვა