17
Oct
2019

ბრენდი, რომელმაც საკუთარი პროდუქტის გულში ჩაგვახედა – „პური გულიანი“

17 Oct 2019

სინესთეზიაზე გსმენიათ ხომ? როდესაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას, მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეგრძნების პარალელურად, სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც ჩნდება – მაგალითად, ფერადი ყნოსვა – ლურჯი ფერის დანახვაზე, პირში რომ ჟოლოს გემო გაქვს, ფერადი სმენა – როცა მოცარტივით, რე-მაჟორულ გამას ფორთოხლისფრად ხედავ და სხვა.

გემოს სინესთეზია ამა თუ იმ საგნის/მოვლენის დანახვა-აღქმისას გაჩენილ გემოს ასოციაციებს უკავშირდება. მაგალითად, როცა კონკრეტულ სიმღერას შეიძლება ადამიანისთვის მარწყვის ჯემის გემო ჰქონდეს.

და როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ვართ ბრენდი – თანამედროვე სახაბაზო და გვინდა, მომხმარებლამდე ზუსტად ის გემო, ფორმა და შინაარსი მივიტანოთ, რომელიც ჩვენს პროდუქტს რეალურად აქვს?

ბრენდმა „პური გულიანი“ – ქართული სახაბაზო და სხვა გემრიელი – გემოს ვიზუალიზაცია ფროდაქშენ კომპანია Metro Production-ს მიანდო, რომელმაც თავის მხრივ, ცომის გუნდაში, ჭიქა ყავასა თუ დესერტში დამალული შინაარსი ცხადად დაგვანახა.

მაგალითად, ჟოლოსა და რეჰანის ურთიერთობა ერთ დესერტში როგორ წარმოგიდგენიათ? ანდაც, სლეიერის აპარატით, 80% ბრაზილიურისა და 20% ეთიოპიური ყავის მარცვლის ნაზავი როგორ შეიძლება ისეთივე ქაფქაფა იყოს კამერაშიც, როგორც რეალურადაა?

ხოდა ასე, „მეტრო ფროდაქშენმა“ „პური გულიანის“ ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, გადასაღებ მოედნად აქცია და საქართველოში, პროდუქტის ვიზუალური სტილის შემუშავების ე.წ. Food Styling მიმართულების პირველი სრული პროექტი შემოგვთავაზა.

გვინდოდა, ვიდეო ვიზუალურად მდიდარი ყოფილიყო. არ გვინდოდა გაპრიალებული კადრები და ძალიან ვეცადეთ, რომ მაყურებლამდე რეალიზმის მაქსიმალური შეგრძნება მიგვეტანა. ყველაფერი ადგილზე, გადაღების პროცესში, ნამდვილი ინგრედიენტებით კეთდებოდა და ნამუშევარი ბუნებრივად გამოვიდა დინამიკური. ჩვენთვის ზუსტად ეგ იყო გამოწვევა და შესაბამისად, საინტერესოც, რამდენად შევძლებდით ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებას, –  სანდრო გაბილაია, Metro Production-ის აღმასრულებელი პროდიუსერი და დამფუძნებელი.

რეალისტური ვიდეოს შესაქმნელად კი, საჭირო გახდა „პური გულიანის“ თითოეულ პროდუქტში გულიანად, დეტალებში ჩაღრმავება და შიგთავსის გავლით, აუდიტორიაში გემოს რეცეპტორების ამგვარად გააქტიურება. იდეა გასაგებია, თუმცა მისი განხორციელება და ცომის შიგნით შეძრომა ტექნიკურადაც შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მაკროკადრების გადაღებისთვის სპეციალური ლინზაც ჩამოიტანეს.

ჩვენთვის მთავარი იყო, ვიდეორგოლში ჩვენი ბრენდის პროდუქტები, ვიზუალურად, ზუსტად ისეთი გემრიელი წარმოჩენილიყო, როგორიც რეალურად არის. და ცალსახად,  ვფიქრობთ, რომ ეს გამოგვივიდა. ჩვენთვის საინტერესო იყო ისეთ ჯგუფთან თანამშრომლობა, რომელიც გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტდა. დათო ბორჩხაძე –  რეჟისორი, სანდრო გაბილაია – პროდიუსერი, კრეატიული დირექტორი – მერი გიორგობიანი და ფუდ სტილისტი – დავით ჭყოიძე. მგონია, რომ საბოლოოდ, გულიანი ვიდეო გამოვიდა, ისეთი, როგორიც „პური გულიანის“ ბრენდს შეეფერება – მარიამ ბებიაშვილი, „პური გულიანი“, მარკეტინგის დირექტორი. 

ნამუშევრების კრეატიული იდეა, ისევე როგორც ბრენდის – „პური გულიანი“ კონცეფცია კვების საკონსულტაციო ბიზნეს სააგენტო „გასტრონავტს“ ეკუთვნის. სააგენტო ვიდეოების გადაღების პროცესშიც ჩართული იყო, არტ დაირექშენის მიმართულებით.

„პური გულიანის“ კონცეფციაში ერთ-ერთი მთავარი საავტორო მახასიათებელი, მისი შექმნის მომენტიდან, ბრენდის თანამედროვე ხასიათია. სწორედ ამიტომ ჰქვია მას – თანამედროვე ქართული სახაბაზო. აღნიშნული ვიდეოების იდეაზე მუშაობაც სწორედ თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით დავიწყეთ და საბოლოოდ, შთაგონება Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიულ პროექტში – The chef’s table აღმოვაჩინეთ. თანამედროვე ხედვებისა და ბრენდის ხასიათის ჰარმონიული სინთეზით კი, საბოლოოდ, ნამდვილად გულიანი შედეგი მივიღეთ, – ლალი პაპაშვილი, ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“, კრეატიული დირექტორი.

საერთო ჯამში, პროექტის გარშემო შეკრებილმა პროფესიონალებმა ოთხი ვიდეორგოლი მოამზადეს, მომხმარებელთან „პური გულიანის“ სამ მიმართულებაზე სასაუბროდ: სახაბაზო და სხვა გემრიელი, დესერტები და ყავა და ასევე, ერთი სრული ნამუშევარი, რომელშიც ყველა მათგანია ინტეგრირებული.

„პური გულიანში“ ამბობენ, რომ ბრენდს მხოლოდ და მხოლოდ ქართული გული აქვს. უფრო ზუსტად კი, ამაში გულისხმობენ იმას, რომ თითოეული კრუასანის შიგთავსი აუცილებლად ქართული ინგრედიენტისგანაა დამზადებული, მაგალითად, კაკლის ან თუთის ჯემისგან და არა, ვთქვათ, ანანასისგან.

პური გულიანი ადრე ცომეული იყო, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული შიგთავსით აცხობდნენ. დღევანდელი მოცემულობით კი, „პური გულიანი“ პირველი ქართული თანამედროვე სახაბაზოა, რომელსაც ღირებული კვებითი მეხსიერების შენარჩუნება სურს და მომხმარებლებს, ყოველდღიურად, ქართული კერძებით, გულსართიანი პურეულითა და დესერტების თანამედროვე ვარიაციებით უმასპინძლდება.

სინესთეზიის ცნებას რომ მივუბრუნდეთ და სანდრო გაბილაიას კომენტარს დავუკავშიროთ, შეჯამება ასეთი გამოგვივა: „პური გულიანის“ შემთხვევა ჩვენთვის შესაძლებლობა აღმოჩნდა, რომელზე მუშაობის პროცესიც სასიამოვნოსთან ერთად, საინტერესოც იყო. რატომ? იმიტომ, რომ აქ ყველაფერს საკუთარი ისტორია აქვს: ბრენდს, ინტერიერს, რეცეპტებსა თუ მენიუს…“

[R]

განხილვა