in

ბისტრო „ფურინუა“ – მეგრული სამზარეულოს ფრენის სიმაღლეზე

მეგრულ სამზარეულოში მოგზაურობის მოყვარულებს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირის #133-ში, ბისტრო „ფურინუა“ მასპინძლობს. ადგილი, რომელსაც მეგრული კერძების სამოთხედ მოიხსენიებენ, მის სტუმრებს თანამედროვე და ტრადიციული სამზარეულოს მარგალიტებს სთავაზობს. „ფურინუა“ დღის ნებისმიერ მონაკვეთში გულთბილად გიმასპინძლებთ, იქნება ეს გემრიელი საუზმე, ლანჩი თუ კოქტეილებითა და ღვინით ჩამტკბარი საღამო.

ბისტროს მთავარ საიდუმლოდ, მისი დამფუძნებლები სისწრაფეს მიიჩნევენ, ხოლო თავად სახელწოდება „ფურინუა“ ფრენას ნიშნავს, რაც გემოების სამყაროში მოგზაურობასთან ასოცირდება. ბისტროს ეს პროექტი მისი შემქმნელებისთვის პირველი არ არის – FriendsforFriends-ის რესტორატორების წარმატებულ პროექტებს შორისაა „ვერიკო“, „ქიქოძე“ და „ჰაერზე“. ამჯერად კი, რესტორატორი და FriendsforFriends ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი დარცმელია „ფურინუას“ შესახებ გვესაუბრა.

M: გვიამბეთ ვრცლად, რას გულისხმობს თანამედროვე ბისტროს იდეა, რაც „ფურინუას“ საფუძვლად იქცა?

XXI საუკუნის ბისტროს მთავარი საიდუმლო კერძების სწრაფად მომზადებაშია. თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას გვაძლევს, უმოკლეს დროში კერძი სტუმართან აღმოჩნდეს. რაც მთავარია, ბისტროს კონცეფცია თავის თავში გულისხმობს ადამიანებისთვის კომფორტული, მყუდრო და სახლური გარემოს შექმნას.  ტრადიციული შტრიხებით მდიდარი მყუდრო გარემო და უგემრიელესი მეგრული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციები – სწორედ ეს იქცა PURINUA BISTRO-ს შექმნის მთავარი იდეად.

M: თავად სახელდება – „ფურინუა“ – რას უკავშირდება?

„ფურინუა“ მეგრული სიტყვაა და ფრენას ნიშნავს. ჩვენი ბისტროც სწორედ ამ იდეას ემსახურება – გამოგზაუროთ მეგრული კერძების ესთეტიკისა და ფანტაზიის სამყაროში, თანამედროვე ხედვითა და ტრადიციული გემოებით. ზოგადად, ფრენა თავისუფლებასთან ასოცირდება და ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის, თავისუფლება მთავარი ღირებულებაა. გპირდებით, ამ შეგრძნებას „ფურინუაში“ აუცილებლად გამოცდით.

„ფურინუას“ შესაქმნელად სულ რაღაც 9 თვე გვქონდა. ბევრი ფიქრის გარეშე, ზუსტად ვიცოდით, რომ გვინდოდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები იქნებოდა. რა შეიძლება იყოს მეგრულ კერძებზე უკეთესი? ალბათ, ძალიან ცოტა რამ. მიუხედავად იმისა, რომ მეგრული სამზარეულოს გამორჩეულ წარმომადგენლებს „ვერიკოს“ მენიუშიც შეხვდებით, ყოველთვის გვინდოდა, ამ კუთხისთვის ცალკე, განსაკუთრებული სივრცე შეგვექმნა და ვფიქრობთ, ბისტროს კონცეფცია ტრადიციულ მეგრულ კერძებს განსაკუთრებით მოუხდა. 

„ფურინუას“ დიდი კულინარიული მოგზაურობა ახლა იწყება, წინ ბევრი შრომა გველოდება, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ სიყვარულით (ოროფა), ვნებით (ონუ), სილამაზითა (სისქვამე) და გემოვნებით შექმნილი პროდუქტი აცუილებლად დაიმსახურებს სტუმრების სიყვარულსა და ერთგულებას.

M: რა იყო თავდაპირველი ჩანაფიქრი – როგორ წარმოგედგინათ ვიზიტორების კულინარიული თავგადასავალი?

ჩვენი თავდაპირველი ჩანაფიქრი და მთავარი მიზანი იყო მეგრული გასტრონომიული სამზარეულო თანამედროვე ბისტროს კონცეფციად გარდაგვექმნა და ამ პროცესში, სრულად შეგვენარჩუნებინა ავთენტური გემო და არომატები. ახლებური, თამამედროვე ხედვა კულინარიის მიმართ არ გულისხმობს ტრადიციული, საბაზისო გემობის დაკარგვას, არამედ – განვითარებას, სახეცვლილებას, რომელიც ქართულ კულინარიას მისცემს შესაძლებლობას, თანამედროვე სამყაროში თავისი სიტყვა თქვას. 

„ფურინუაში“ ყველას აქვს შესაძლებლობა, დღის ნებისმიერი მონაკვეთი მეგობრულ, სახლურ გარემოში გაატაროს. დილით, ქართული გემოებით მდიდარი საუზმე დაგვხდებათ, სადილსა და ვახშამზე კი – მეგრული გემოებით შექმნილი კერძები, წასახემსებლები და იმერული ღვინოს განსაკუთრებულად უცხო და მდიდარი არომატები. „ფურინუა“ – ეს არის შესაძლებლობა, დატკბეთ მომენტებით, დაფიქრდეთ და დააფასოთ ცხოვრების სიამოვნება.

M: რითაა ბისტრო გამორჩეული და დასამახსოვრებელი სტუმრებისთვის?

„ფურინუაში“ თითოეული კუთხე ისტორიას ჰყვება, ყველა დეტალი კი შექმნილია თქვენთვის, განსაკუთრებული მოგონებების შესაქმნელად. ჩვენთან მოსვლისას თვალში მოგხვდებათ ინტერიერი, რომელიც შუა საუკუნის მოდერნის ტრადიციული გაგრძელებაა – ხის ფაქტურები, სადა და მარტივი შტრიხები… კითხვაზე, რა საერთო აქვს ამ ყველაფერს მეგრულ ბისტორსთან, გეტყვით, რომ მე აფხაზეთიდან ვარ, ჩემი ბავშვობის წლები კი ზუსტად ასეთ გარემოში გავატარე.

M: ბისტროს მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი კერძებია – როგორ შეიმუშავეთ მენიუ?

მენიუს შემუშავების პროცესში, მთავარი ამოცანა იყო, შეგვენარჩუნებინა ავთენტური გემო, მაგრამ ამავდროულად შეგვექმნა კერძების ახლებური პრეზენტაცია, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს გარემოსთან. ჩვენს მიზანს, შეგვექმნა პიკანტური და ცოცხალი გემოები – ვფიქრობ, მივაღწიეთ, რადგან კერძებისგან მიღებული სიამოვნება ყოველთვის შეგახსენებთ თავს და აუცილებლად დაგაბრუნებთ „ფურინუაში“. 

კვარაბია დამწვარი კარაქითა და არაჟნის კრემით, სუფ-ხარჩო ბრინჯის ატრიით, ტაბაკა წითელი აჯიკის სოუსით და თაშმიჯაბით, გოჭი შემწვარი ღომითა და ტყემლის მაიონეზით, ჩვენი გამომცხვარი ყვითელი სიმინდის პური – ეს იმ კერძების მცირე ჩამონათვალია, რომლის გარეშეც მეგრულ კულინარიულ თავგადასავალში მოგზაურობა წარმოუდგენელია.

M: ეს არაა პირველი პროექტი, რომელზეც გიმუშავიათ. გვიამბეთ FriendsforFriends-ის სხვა პროექტებსა და გამოცდილებაზე…

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში პირველი რესტორანი, „ვერიკო“, გავხსენით, შემდეგ იყო „ქიქოძე“ და „ჰაერზე“. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა – ამ გზაზე ჩვენ არ დაგვიკარგავს ის იდეალები და ღირებულებები, რითაც აქამდე მოვედით. ჩვენი მიზნები დღესაც უცვლელია – შევქმნათ საუკეთესო სარესტორნო პროდუქტი ყველასთვის.

რა გვინდა ჩვენ? გვსურს, საზოგადოებას დავანახოთ, რომ გასტრონომია შეიძლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები. ეს არის გზა, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და სიყვარული სტუმრების მიმართ, რადგან მათი შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ხომ ყველაფერს მათთვის ვქმნით.

M: როგორ გეგმავთ ბისტროს განვითარებას?

წელს, აღმოჩენების პერიოდია. ჩვენი ჯგუფი კიდევ სამ ახალ სხვადასხვა ტიპის პროექტს ამზადებს. მათ შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი, „ფურინუაში“ გელოდებით.

[R]

Ad Black Sea 2023: რაზე ისაუბრებენ MRKTRG-ის პანელის სტუმრები?

მფრინავი ბაგეტი ეიფელის კოშკის თავზე — პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება