დიდი ხანი არ არის რაც ჰიპ-ჰოპ მუსიკა და კულტურა საქართველოში არსებული სტიგმებიდან და სტერეოტიპებიდან ამოძვრა, კიდევ უფრო ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ რაც ქართული ჰიპ-ჰოპის მდგომარეობა ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა და მისი სერიოზული აღქმაც შესაძლებელი გახდა.
ეს შემთხვევით სულაც არ მომხდარა, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა და ინტერნეტში გაზრდილმა თაობამ მომდინარე ინფორმაციის ნაკადის გარდაქმნა მეტნაკლებად სწორ მუსიკალურ პროდუქტში შეძლო, ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. რა თქმა უნდა პრობლემები ამ მიმართულებით ისევ ქტუალურია, თუმცა ფაქტია რომ წინსვლა არის და ეს უამრავი სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად ჰიპ-ჰოპით სუნთქავენ.
ჰიპ-ჰოპში შერკინებებს (ე.წ. Battle-ებს) Beef-ებს (არტისტებს შორის ერთმანეთში დაპირისპირებებს) და Diss ტრეკებს (დაპირისპირების შედეგად მოწინააღმდეგე არტისტზე ჩაწერილი კომპოზიცია) დიდი ისტორია გააჩნია. ჩვენთვის მოღწეული ინფორმაციის ფარგლებში შეგვიძლია ვთქვათ რომ პირველი რეპ შერკინება 1981 წელს, ნიუ იორკში მოღვაწე ორ ჰიპ-ჰოპ არტისტს შორის მოხდა – Busy Bee Starski და Kool Moe Dee. აღნიშნული შეტაკების ჩანაწერი დღემდე შემორჩენილია ინტერნეტ სივრცეში და კარგად მახსოვს მოზარდობის პერიოდში როგორ აღვფრთოვანდი, როდესაც პირველად მომეცა მისი მოსმენის შესაძლებლობა – ეს მოხდა ჰარლემში, საშობაო დღესასწაულისათვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, როდესაც Busy Bee Starski-მ ცუდად მოიხსენია კოლეგა MC, თ არ იცოდა ამ უკანასკნელის ადგილიც აუდიტორიაში რომ იყო – რამდენიმე წუთში ამან შერკინების სახე მიიღო და ჰიპ-ჰოპ არტისტები ერთმანეთის უპირატესობის დამტკიცებას უკეთესი რითმული ნაკადების გამოყენებით ცდილობდნენ.
დროთა განმავლობაში ჰიპ-ჰოპ შერკინების ფორმატი იცვლებოდა, ქუჩიდან სცენაზე და პირიქით. დღესაც შეგიძლიათ ნახოთ იუთუბზე არსებული, ნაკლებად ცნობილი ჰიპ-ჰოპ დაჯგუფებებს შორის შერკინების არაპროფესინალური ჩანაწერები. რა თქმა უნდა ახალი თაობისთვის ამ მხრივ გარდამტეხი იყო 2002 წლის ფილმი „8 მილი“ სადაც ემინემი ყველას აჩვენებს How’s it could be done.
წლებთან ერთად ჰიპ-ჰოპ შერკინებებისთვის სულაც აღარ იყო საჭირო MC-ებს შორის რეალური დაპირისპირების საბაბის არსებობა, არამედ ეს პროცესი გარდაიქმნა ახალგაზრდა MC-ების მიერ საკუთარი ლირიული შესაძლებლობებისა და უპირატესობის დამტკიცების ასპარეზად. ამას რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში დაემატა შოუს ელემენტებიც, რამაც ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრის აუდიტორია თავისთავად დააინტერესა.
რამდენიმე წელია რაც ამერიკაში არსებობს პროექტი Verzuz, სადაც ჟანრის ლეგენდები ერთმანეთს ერკინებიან, რა თქმა უნდა მათ უმეტესობას დასამტკიცებელი უკვე აღარაფერი აქვს, თუმცა მსმენელში არ წყდება განხილვა თუ ვის ჰქონდა შოუს დროს უპირატესობა, ვინ წარმოაჩინა საკუთარი თავი უკეთ და ა.შ. უფრო ადრე დაიწყო მსგავსი პროექტი ჩვენგან ჩრდილოეთით, სადაც ბეთლის ოთხჯერ გამარჯვებული Oxxxymiron დღეს რუსული ჰიპ-ჰოპის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.
განსხვავებული ისტორია აქვს ქართულ რეპ დაპირისპირებებს – პირდაპირ რომ ვთქვათ ქვეყნიდან და შესაბამისად მისი ჰიპ-ჰოპ სცენის სიდიდიდან გამომდინარე აქ მეტნაკლებად პოტენციურ უთანხმოებებს სხვაგავარად აგვარებდნენ და მის საჯაროდ გამოტანას ნაკლებად თუ ცდილობდნენ, სცენის ზომიდან გამომდინარე, არტისტების უმეტესობა ერთმანეთს ახლოს იცნობდა და მეგობრობდნენ კიდეც.
2016 წელს საქართველოში ახალი ჰიპ-ჰოპ მედია პროექტი, FlowFlow Magazine გამოჩნდა, 2017 წელი კი ზემოთ ნახსენები ბეთლ პროექტების მსგავსი ქართული ვერსიის დასაწყისად ინათლება.
ასე დაიწყო PVP Battle, რომლის პირველ სეზონშიც უამრავმა უკვე ნაცნობმა, მაშინ ჯერ კიდევ უცნობმა და შემდეგ პოპულარობით დამტკბარმა ჰიპ-ჰოპ ენთუზიასტმა მიიღო მონაწილეობა. შოუ მალევე გახდა ქართული იუთუბის სენსაცია და კარგად მახსოვს ყოველკვირეულად როგორ მხვდებოდა მათი ვიდეო კონტენტი იუთუბის ტრენდულ სივრცეში.
ფორმატი კი მარტივია, წინასწარ შერჩეული 16 არტისტი წყვილებად ნაწილდება და ჩემპიონატის პრინციპით ერთმანეთს სიტყვაკაზმულობაში ეჯიბრებიან. აქ რა თქმა უნდა მთავარია განვმარტოთ თუ რა კატეგორიებით ხდება ჰიპ-ჰოპში და შესაბამისად შერკინებისას შემსრულებლის შეფასება: ორიგინალურობა, კონცეპტი და შინაარსი, რეჩიტიტავის სუბსტანცია, სიტყვათა მარაგი და პოეტურობა, ფლოუ და აზრის გადმოცემის ფორმა, ენერგია შერკინების დროს და აუდიტორიის კარგად კითხვა, ე.წ. ფანჩები (ლირიული დამრტყმელი ხაზები მოწინააღმდეგის მიმართ) და ა.შ. შესაბამისად აღნიშნულ კონტენტს ცოცხალი თუ ონლაინ აუდიტორიის გარდა ჰყავდა შესაბამისი ჟიურიც, რომელიც დამსახურებული და ვეტერანი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებისგან შედგებოდა და ზემოთ აღნიშნული კატეგორიებით ცდილობდნენ მონაწილეთა შეფასებას.
მონაწილეების მიზანი კი რა თქმა უნდა მოწინააღმდეგის სიტყვიერი განადგურება წარმოადგენდა, რომელსაც ფსიქოლოგიური ეფექტიც თან მოჰყვებოდა – ხშირად კი პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე ისინი არ ერიდებოდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც, რაც გასაგებია – ჰიპ-ჰოპი პოლიტკორექტულობის მოედანი არასდროს ყოფილა.
რამდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ, რამდენიმე თვის წინ PVP ბეთლის ახალი სეზონი დაიწყო – წინა სეზონებიდან და მის მიერ მიღებული ეფექტიდან გამომდინარე მოლოდინი მსმენელში დიდი იყო. მონაწილეობის მიღების მსურველებს სოციალურ მედიაში საკუთარი 1 წუთიანი ვიდეო უნდა გამოექვეყნებინათ, სადაც საკუთარ ბეთლის უნარებს წარმოაჩენდნენ. შედეგად 8 მონაწილე შეირჩა, საიდანაც ნახევარი გასული სეზონების მონაწილეები იყვნენ, ნახევარიც კი პროექტის ახალბედები. ამ ფორმატმა კიდევ უფრო მეტი ინტრიგა დატოვა სტაჟიან მსმენელში და მაყურებელში, ვინაიდან საინტერესო იყო რამდენად გაუძლებდნენ ახლად წარმოჩენილი MC-ები ძველთა წნეხსა და გამოცდილებას.
მესამე სეზონი საკმაოდ დინამიურად დაიწყო, მაყურებლები, რომელთა უდიდესი ნაწილიც ალბათ მოზარდებს წარმოადგენს, როგორც ფავორიტი საფეხბურთო კლუბის მატჩს ისე ელოდებოდა ყოველ შემდეგ ვიდეოს. ყოველ ტურში წყვილები ერთმანეთს სამი რაუნდის ფარგლებში ეჯიბრებიან ერთმანეთს – საბოლოოდ კი ჟიურის გამოჰქონდა განაჩენი თუ ვინ გადადიოდა შემდეგ ეტაპზე. ფინალურ რაუნდში კი ისე მოხდა, რომ სწორედ ძველი გვარდიისა და ახალბედის დაპირისპირება ვიხილეთ.
G.UNA-სა და SOLON-ის დაპირისპირებას ცოცხლად გასულ კვირას, „სახელოსნო ბარში“ შევესწარით. ამ ღონისძიებას ყველაფერი ჰქონდა – თავდაპირველად დიჯეის როლში Moku T-მ გაახურა სცენა, შემდეგ სცენაზე ქართველი არტისტების კრებული და მათი შემოქმედება ვიხილეთ, ბოლოს კი საღამოს კულმინაცია იმაში გადაიზარდა რის სანახავადაც შევიკრიბეთ. მიუხედავად იმისა რომ პროექტს საკმაოდ დიდი ფანების ბაზა ჰყავს, თავად საღამოზე დასწრება ჩემთვის მოსალოდნელზე ნაკლები იყო. ამის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, თუმცა მის განხილვაში ამჟამად არ შევალ
შერკინება SOLON-მა დაიწყო და G.UNA-მ დაამთავრა. მიუხედავად ახალბედას კარგი პირველი რაუნდისა, G.UNA-მ საკუთარი ენერგიით პირველივე ტურიდან მოახერხა მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური დაცემა, რის შემდეგადაც შერკინებამ ცალკარას ფორმატი მიიღო და ყველასთვის გასაგები გახდა თუ ვინ იქნებოდა მესამე სეზონის ჩემპიონი.
ფინალმა ნათლად აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსს ფორმატში წინასწარი მომზადება, როგორც ლაინებისა თუ ფანჩებისა, ასევე ფსიქოლოგირი მზადებაც და რა თქმა უნდა კიდევ უფრო წინა წამოწია MC-ის მიერ სცენაზე დატრიალებული და მსმენელისთვის გადასაცემი ენერგიის ფაქტორმაც. მარტივად რომ ვთქვათ G.UNA-მა დამსახურებულად გაიმარჯვა, SOLON-ისთვის კი საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ვიმედოვნოთ რომ მომავალ სეზონებშიც აქტიურად ექნება.
ღონისძიებიდან წამოსულს კი ისევ წამომიტივტივდა ქართულ ჰიპ-ჰოპში არსებული ბევრი გადაუჭრელი საკითხიც – სად მიდიან შერკინებებში გამარჯვებული MC-ები? რა პერსპექტივები აქვთ მათ ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში? რაში შეიძლება გადაითარგმნოს იუთუბზე მოპოვებული ნახვები და პოპულარობა და რატომ ვერ ხდება ეს შესაძლებელი? სად არიან ჰიპ-ჰოპ ორიენტირებული ქართული ლეიბლები, რომლებსაც მუსიკალური პროდუქტის ბიზნესად გარდაქმნა შეეძლებათ? ქალაქში სადაც ყველაზე პოპულარული ჟანრი ჰიპ-ჰოპია, სად არის მუდმივი რეპ საღამოები, სადაც ახალბედებსა თუ ვეტერანებს აუდიტორიასთან შეხვედრა შეეძლებათ? რატომ არ არის თუნდაც ცალკე არსებული ჰიპ-ჰოპ ფესტივალი, ან რატომ ვერ იკავებს ეს ჟანრი არსებულ ფესტივალებზე შესაბამის ადგილს. ეს ის კითხვებია რომლებიც წლეებია მიტრიალებს და ალბათ ჰიპ-ჰოპ კომუნის ბევრი წევრიც დაფიქრებულა – ხშირად ალბათ ამ ყველაფერზე პასუხი ისევ ფინანსების ნაკლებობამდე დავა, თუმცა ფინანსებამდე უფრო მნიშვნელოვანი ის ხალხია ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს და ვისაც ხელეწიფება რამის შეცვლა – იმის ლოდინი რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება აბსურდია. ქართული ჰიპ-ჰოპისკენ აუდიტორიის გული უკვე მობრუნდა და უკვე დროა ყველაფერი შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, ყველამ აიღოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და იუთუბის ნახვები რეალურ საქმეში გადაზარდოს. მონდომების შემთხვევაში ყველაფერი აუცილებლად გამოვა.