ქალაქებში ზღვის დონის ამაღლებასთან ერთად, ისინი ნელ-ნელა იძირებიან საკუთარი განვითარების სიმძიმის შესაბამისად. ამ ფაქტს ახალი კვლევა ადასტურებს, რომელიც კლიმატის ცვლილებების რისკების მნიშვნელობაზეა ორიენტირებული.
გეოფიზიკოსმა ტომ პარსონმა, შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის სააგენტოდან (USGS), სან-ფრანცისკოს შემთხვევა იმის დასადგენად შეისწავლა, თუ რა გავლენა აქვს ურბანულ განვითარებას დედამიწის ზედაპირზე. მისი გათვლებით, ქალაქი, ზრდასთან ერთად, შესაძლოა, 80 მილიმეტრით ჩაიძირა. თანაც, საგულისხმოა ზღვის დონის მატება, რომელსაც დამოუკიდებლად სხვა კვლევა მიეძღვნა, რათა წინასწარ განისაზღვროს, რა შედეგებს უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში.
“ამ ჩაძირვამ, ზღვის დონის მატებასთან ერთად, შესაძლოა, წყალდიდობასთან დაკავშირებული რისკები გაამწვავოს” – წერს პარსონი.
კვლევის ფარგლებში გამოთვალეს ქალაქის მასა, რაც დაახლოებით 1.6 ტრილიონ კილოგრამს უტოლდება. თვალსაჩინოებისთვის, წარმოიდგინეთ 8.7 მილიონი 747 ბოინგი. თუმცა მოცემული წონა არ მოიცავს შენობებს გარეთ არსებულ საგნებს – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, მანქანებს ან ადამიანებს.
“სან-ფრანცისკოს ყურის არეალში მიკვლეული კონკრეტული შედეგები, სავარაუდოდ, სხვა ნებისმიერ მნიშვნელოვან ურბანულ ცენტრსაც ეხება, თუმცა განსხვავებული მნიშვნელობით” – ნათქვამია კვლევაში.
ქალაქის სიმაღლის დონის სხვა მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის ტექტონიკური ფილების გადანაცვლება და მიწისქვეშა წყლის ამოტუმბვა, რაც არაერთი მნიშვნელოვანი ქალაქის ჩაძირვის წინაპირობა გამხდარა.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელმა კვლევამ მხოლოდ სან-ფრანცისკო მოიცვა, დასკვნები ყველასათვის საყურადღებოა. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უამრავი დეტალია გასარკვევი, განსაკუთრებით იმ ქალაქებში, რომლებიც უკვე საფრთხის წინაშე დგას. “დეტალურმა ანალიზმა, შესაძლოა, უფრო თვალსაჩინო წარმოდგენა შეგვიქმნას მიწისქვეშა ფორიანობისა და სითხის ნაკადის ცვლილებების შესახებ”.