in

ვინ არიან სუპერგმირები, რომლებიც ქალაქში გამოჩნდნენ?

არავითარი ფილმები და კომიქსები – ქალაქში სუპერგმირები მართლაც გამოჩნდნენ. თუმცა, უფრო სწორი იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ისინი დიდი ხანია, ჩვენ შორის ცხოვრობენ, შეიძლება ვიცნობთ კიდეც. მეტიც, შეიძლება თქვენ, ვინც ახლა ამას კითხულობთ, თავად აღმოჩნდეთ სუპერგმირი! თუკი, ოდესმე გიოცნებიათ სუპერგმირობაზე, სუპერძალაზე, რომლითაც სხვას დაეხმარებით, შეგიძლიათ მარტივად გახდეთ ბავშვისთვის ის ადამიანი, ვინც მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და თავისი სუპერძალა სიკეთეს მოახმარა.

supergmiri.ge – ასე ჰქვია საქველმოქმედო პლატფორმას, რომელიც პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს შეიქმნა. ის ადამიანებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ პირდაპირ ქველმოქმედებაში და დაეხმარონ ბავშვებს, რომლებსაც სუპერგმირების არსებობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პლატფორმა ითვალისწინებს ყოველთვიური სპონსორობის 100 ლარიან პაკეტს, რომელშიც გაერთიანებულია ბავშვის ასაკის შესაბამისი საჭიროების პროდუქტები. სუპერგმირს საშუალება ეძლევა დაამყაროს ინდივიდუალური ურთიერთობა ბავშვთან, გაცვალოს მასთან წერილები, ნივთები და გარკვეული პერიოდულობით შეხვდეს კიდევაც მას.

“პროექტზე ფიქრი თითქმის ერთი წლის წინ დავიწყეთ. ერთ-ერთი ბავშვის ისტორიამ ძალიან იმოქმედა ჩვენზე და ძალიან მოგვინდა რამე გაგვეკეთებინა ისეთი, რაც ბავშვების ცხოვრებას სულ ოდნავ მაინც შეცვლიდა უკეთესობისკენ. მალევე მივხვდით, რომ მარტო ჩვენ დიდს ვერაფერს გავხდებოდით, ამიტომ დავიწყეთ ფიქრი, როგორ გაგვეერთიანებინა ბევრი ადამიანი რაღაც ერთი იდეის ქვეშ, ერთ ციფრულ სივრცეში. რაღაც საერთო იდეალის ძებნისას გაგვახსენდა, რომ ბავშვობაში ყველანი ვოცნებობდით სუპერ ძალაზე, ზოგი ჯადოსნურ ჯოხზე, ზოგიც ჯადოსნურ მოსასხამზე.. და გადავწყვიტეთ ჩვენი ბავშვობის ოცნებების ახდენა, რომელიც სინამდვილეში სხვა ბავშვების ოცნებების ახდენას ნიშნავს. ასე გაჩნდა პლატფორმა www.supergmiri.ge,” – გვიამბო პლატფორმის დამფუძნებელმა მარიტა გენებაშვილმა.

პროექტის მიზანია ყველას გააგებინოს ბავშვების ხმა, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ჩვენამდე არ მოდის, და რეალური და ხანგრძლივი გავლენა იქონიოს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამისთვის, ვებპლატფორმაზე მომავალი სუპერგმირები შეძლებენ გაიცნონ და გაიგონ იმ ბავშვების ისტორიები, რომლებიც ხელმომჭირნე ოჯახებიდან არიან, მეგობარი და მენტორი სჭირდებათ, და რომლებიც უბრალოდ სუპერგმირებს ელოდებიან.

“სუპერგმირების ყურადღების მისაქცევად, ყველაზე სუპერგმირული გზა შევარჩიეთ. ქალაქის სხვადასხვა ადგილას მინათებული ჩვენი სიმბოლოს გამოყენებით, კლასიკური ბეტ-სიგნალის მსგავსად, სუპერგმირებს გადავეცით მთავარი მესიჯი, რომ მათი დახმარება სასწრაფოდ გვჭირდება. ამ გზით შევეცადეთ მოვიხმოთ მომავალი გმირები და მოვუწოდოთ მათი ახალი მისიის შესრულებისკენ,” – ამბობენ პლატფორმის შემქმნელები.

“სუპერგმირის” საწყის კამპანიაზე სააგენტო “ელიოტმა” იმუშავა: “Supergmiri.ge-სთან ერთად, შევეცადეთ, ამ ბავშვების ხმა მიგვეწვდინა სუპერგმირებამდე, რომლებიც ოდნავ მაინც შეძლებენ ამ ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას.

ბავშვების ხმა, რომელიც სიმბოლურად ძახილია ცაზე ბეტმენის ნიშანის მინათების მსგავსად. ამ იდეით შთაგონებულებმა, ვიმუშავეთ პროექტის ლონჩის კამპანიაზე, დიზაინზე, ტექსტებზე და შედეგად ვფიქრობთ, რომ საწყის ეტაპზე უკვე კარგი გამოხმაურება აქვს პროექტს საზოგადოების მხრიდან.

Elliot-ისთვის ეს CSR-ული პროექტია და გვიხარია რომ, supergmiri.ge-სთან თანამშრომლობით, ბავშვების გარკვეულ რაოდენობას მაინც გავახარებთ.”

Pinterest-ის ახალი ფუნქცია სასურველ პროდუქტს ფოტოზე დაყრდნობით გაპოვნინებთ

რომელ iPhone-ებთან იქნება თავსებადი iOS 14