რა არის ყველაზე დიდი გამოწვევები ქალების წინაშე მარკეტინგის სფეროში კარიერული წინსვლისას? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არსებობს და ესაა ქალების რაოდენობის სიმცირე ლიდერულ პოზიციებზე. რა თქმა უნდა, არსებობს ორგანიზაციები, სადაც გამონაკლის შემთხვევებს შეხვდებით, თუმცა ზოგადი სურათი სხვანაირია. იმის მიუხედავად, რომ სამუშაო ძალებში ასე თუ ისე გენდერულ ბალანსს მივაღწიეთ, ხელმძღვანელ როლებზე ქალების დანიშვნის საკითხი ჩვენს დროშიც კი მაინც განხილვის საგნად რჩება.
ამ თემაზე არსებობს არაერთი კვლევა, სტატისტიკა, მოხსენება, სტატია. მსოფლიოს სხვადასხვა მარკეტინგული გამოცემა, როგორიცაა: conductor, adweek და სხვა, უძღვნის თავის გვერდებს თემას – ქალების როლი ხელმძღვანელობაში. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ქალები ხშირად ჩივიან ამ მხრივ უსამართლობაზე, სქესის მიხედვით განსხვავებასა და მასთან დაკავშირებულ ზოგად პრობლემებზე, რომლებიც ექმნებათ კარიერულ გზაზე.
თვითშეფასება
გამოკვეთილ პრობლემათაგან ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები თვითშეფასებას ასახელებენ. როგორც გაირკვა, კაცებთან შედარებით, ქალები ერიდებიან საკუთარი თავის აქტიურად წარმოჩენას სამსახურებში, რადგან ეს შეიძლება ნეგატიურად იქნეს აღქმული. ფართოდ გავრცელებული გენდერული ნორმებიდან გამომდინარე, თავდაჯერებული ქალი ხშირად ქედმაღლურად ეჩვენებათ, მაშინ როცა იგივე ტიპის მამაკაცზე იმავეს არ ამბობენ.
კარიერული კიბის მოშლა
ვინაიდან ქალების დაწინაურება და ლიდერულ პოზიციებზე გადაყვანა, ან პირდაპირ ამ მიმართულებით დასაქმება ნაკლებად აპრობირებული პრაქტიკაა, ქალებს უჭირთ უფრო მაღალ თანამდებობებზე გადასვლა. მაგალითად, თუკი თქვენ აკმაყოფილებთ ყველა კრიტერიუმს, რომ გახდეთ კომპანიის მენეჯერი, მაგრამ არის გუნდში ასევე თქვენნაირი კრიტერიუმების მქონე კაცი, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მენეჯერი სწორედ ის გახდება. შედეგად კი ქალები ვერ ადიან მომდევნო საფეხურზე, რაც ამ კარიერულ კიბეს არღვევს. თუკი ვერ გახდება ქალი-მენეჯერი, ის შემდეგ უფრო მაღალ პოზიციაზეც ვერ გადავა.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ წარმოაჩინოთ თავი და გადადგათ დიდი ნაბიჯი კარიერაში
- მზად ხართ კარიერაში შემდეგი ნაბიჯისთვის? მაშინ შექმენით თქვენი პერსონალური ისტორია. ეს შეიძლება იყოს პრეზენტაცია, პორტფოლიო, ნებისმიერი ფორმატი, რომელიც კარგად წარმოგაჩენთ და თქვენი ღირსებების შესახებ ყველაფერს მოჰყვება. საჭიროა დეტალური მეტრიკები, დამაჯერებელი ამბავი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენ რეალურად მზად ხართ ლიდერობისთვის.
- იყავით ღია უკუკავშირისთვის – ყოველთვის მოითხოვეთ და მიიღეთ უკუკავშირები. მენეჯმენტთან თუ გუნდის სხვა წევრებთან ღიაობა დაგეხმარებათ, რომ უკეთ წარმოაჩინოთ თავი. იფიქრეთ უკუკავშირებზე და თუ ისინი უარყოფით ელემენეტებსაც შეიცავს, არ დაკარგოთ მოტივაცია, პირიქით, გამოიყენეთ ის თქვენი სამუშაო ხარისხის გასაუმჯობესებლად.
- არ იფიქროთ პირდაპირ უმაღლეს პოზიციაზე. ნელ-ნელა და ეტაპობრივად გადადით ახალ პოზიციებზე. ერთი ნაბიჯით წინ წაწევასაც კი სიხარულით შეხვდით და გააკეთეთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ამ დონეზე გაჩერება არ მოგიწიოთ.
- იცოდეთ თქვენი ფასი – გამოკითხული ქალების 60% ამბობს, რომ არასოდეს მოლაპარაკებიან დამსაქმებელს ხელფასზე. ეფექტური სტრატეგია არის უახლესი კონკურენტული ხელფასის მონაცემების კვლევა თქვენი როლისა და ადგილმდებარეობისთვის. განსაზღვრეთ და საღად შეაფასეთ თქვენი უნარები, ადგილობრივი ბაზარი და ისე მოითხოვეთ თქვენი პირობები. ამაშია არაფერია მოსარიდებელი და მეტიც, თქვენს სერიოზულ დამოკიდებულებასაც წარმოაჩენს.
- შეწყვიტეთ ნერვიულობა – ერთ-ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ქალები უფრო მეტად ნერვიულობენ სამსახურში და მეტ ბოდიშს იხდიან, ვიდრე კაცები. ყველაზე მარტივი გაკვეთილით დავიწყოთ – მაგალითად, თუ წინა დღეს ვერ უპასუხეთ ელ.ფოსტას და დღეს პასუხობთ, შეეცადეთ ადრესატს მადლობა გადაუხადოთ მოთმინებისთვის და არა მოუხადოთ ბოდიში ლოდინისთვის. ამ უმნიშვნელო ცვლილებას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენს თავდაჯერებულობაზე და იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ თქვენ კოლეგები და ბიზნეს პარტნიორები.
თავად კომპანიებსაც, რა თქმა უნდა, მართებთ მეტი ყურადღების მიქცევა და დაფიქრება იმაზე, შემთხვევით ხომ არ არღვევენ ქალის უფლებებს თავიანთ ორგანიზაციაში. თუ ამჩნევთ, რომ ვიღაცას ღირებული აზრები აქვს თქვენს გუნდში, მაგრამ არც ისე აქტიურობს მათ გამომჟღავნებას, თავად ჰკითხეთ, გაესაუბრეთ, დაეხმარეთ ლიდერობის იდენტიფიცირებაში.