in

ქალები, ერთი შეხედვით, „უჩვეულო” პროფესიით

კაცობრიობამ როგორღაც მოახერხა და ნელ-ნელა გამოდის იმ ფაზიდან, როდესაც პროფესიები ქალისა და კაცის საქმეებად იყოფოდა, როცა არსებობდა სამსახურები, რომლებიც ქალისთვის შეუფერებლად მიიჩნეოდა. საზოგადოება გარკვეულ სტერეოტიპებსაა მიჩვეული, რომელთა დარღვევაც ხშირად ჩვენს გაკვირვებას იწვევს. მაგალითად, გვიკვირს, თუკი ტაქსის ვიძახებთ და მოდის ქალი, მაშინ, როცა ქალი მძღოლები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნიდან ჩვეულებრივი ამბავი იყო. სპორტის ბევრი სახეობაც არ არის გათამამებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლებით და თითქოს ქალურ და კაცურ სახეობებადაა დაყოფილი. შორს რომ აღარ წავიდეთ, სამყაროს დიდი ხნის მანძილზე ეყენა ერთგვარი ფილტრი, რომლითაც პროფესიებს ქალურ და კაცურ საქმეებად ყოფდა, თუმცა დღესდღეობით ეს ტენდენციები ნელ-ნელა იცვლება.

ამ თემის ირგვლივ რამდენიმე რესპონდენტი შემოვიკრიბეთ. როგორც უკვე მიხვდით, ისინი ქალები არიან, ქალები „უჩვეულო” პროფესიით. ეს ადამიანები დღეს თავიანთ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებას გვიზიარებენ, თუ როგორია საქართველოში იყო ქალი „მამაკაცური” პროფესიით.

სოფიო მუჩიაური – მეღვინე

სოფიო მუჩიაური კახურ ოჯახში დაიბადა და მისი ოჯახი ღვინოს დიდი ხნის წინ ამზადებდა, თუმცა მხოლოდ საოჯახო მოხმარებისთვის. საკუთარ მარანზე სულ ოცნებობდა, მაგრამ რეალობად ქცევა ქორწინების შემდეგ მოახერხა. მისი ჰოლანდიელი მეუღლე საქართველოთი და ღვინის ისტორიით ძალიან მოიხიბლა და დაეხმარა სოფიოს თავისი ოცნების ახდენაში.

სოფიო ღვინოს 2019 წლიდან აწარმოებს. მას საკუთარი ვენახები აქვს სოფელ მუკუზანში, გურჯაანის რაიონში, სადაც 7 სახეობის ღვინო მზადდება როგორც ევროპული ტექნოლოგიით, ისე ქართული, ტრადიციული მეთოდით, ქვევრში. „სოფოს ღვინო” იყიდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე. 

„პროფესიით მეღვინე არ ვარ და გამოცდილებაც არ მქონდა ამ სფეროში, ამიტომ როდესაც გადავწყვიტეთ სოფლად გადავსულიყავით, გაგვეკეთებინა საოჯახო მარანი და გვეწარმოებინა ღვინო, ბევრი ამას სკეპტიკურად შეხვდა, დროებითი გატაცება ეგონათ. ვერ იჯერებდნენ, რომ ქალი შეიძლება იყოს მეღვინე, უფროსი მარანში და დააყენოს ძალიან კარგი ღვინო. თუმცა გავიდა დრო და ვფიქრობ, შევძელი დამემტკიცებინა, რომ ქალიც ისეთივე ძლიერია მარანში, როგორც კაცი და ქალსაც შეუძლია დააყენოს უკეთესი თუ არა, არანაკლებ კარგი და საინტერესო ღვინო. 

ნელ-ნელა იმსხვრევა ის სტერეოტიპი, რომ რომელიმე პროფესია „არაქალურია“. ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ქალსაც შეუძლია კაცივით ძლიერი იყოს. მინდა, მივმართო ყველა ქალბატონს, რომ თუ საქმეში ჩადებთ მთელ გულს, სულს, ენერგიას, ძალისხმევას, გჯერათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების, ნებისმიერი პროფესია „ქალურია“ და შეუძლებელი არაფერია”, – გვეუბნება სოფიო.

სალომე ლორთქიფანიძე – ოქრომჭედელი

სალომე ლორთქიფანიძეს აქსესუარების კეთება ბავშვობიდან უყვარდა. თავდაპირველად საქმიანობა ბისერებით დაიწყო, შემდეგ პოლიმერულ თიხაზე განაგრძო მუშაობა, ბოლოს კი სახელოსნომდეც მივიდა და ოქროზე დაიწყო მუშაობა. სალომემ იცის, რომ მის პროფესიასთან დაკავშირებით სტერეოტიპები არსებობს, თუმცა მის ოჯახში ყოველთვის განსხვავებულად ფიქრობდნენ და სალომეს არ უშლიდნენ ხელს, საოცნებო პროფესიას მიჰყოლოდა. ოქრომჭედლობა ის საქმეა, რომლის კეთებაც სალომეს მთელი ცხოვრება უნდა და ამას სახელოსნოში ფეხის შედგმისთანავე მიხვდა.

„ჩემთვის ოქრომჭედლობა არ ნიშნავს უბრალოდ ლამაზი სამკაულის შექმნას, ეს ბევრად მეტია ჩემთვის, ვიცი, რომ ვიღაცისთვის ვქმნი ისეთ რამეს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნება დაკავშირებული სასიამოვნო მოგონებასთან. მეგობრობის, სიყვარულის სიმბოლოს ვქმნი. 

არ ვთვლი, რომ ქალს არ შეშვენის ოქრომჭედლობა, პირიქით, ქალები უფრო დახვეწილ და გემოვნებიან ნაკეთობებს ვქმნით. მსოფლიოში ძალიან ბევრი ქალი ოქრომჭედელია, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ სირთულეების, ნურც სტერეოტიპებს ნუ დაუჯერებთ. გააკეთეთ ის, რაც მთელი გულით გინდათ”, – გვირჩევს სალომე.

თამარ ბოლქვაძე – მშენებელ-ინჟინერი

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, თამარ ბოლქვაძეც, ერთი შეხედვით, „კაცური” პროფესიის წარმომადგენელია. ის მშენებელ-ინჟინერია და ამჟამად სამშენებლო ობიექტის პროექტის მენეჯერად მუშაობს, სადაც მშენებლობის პროცესების მართვას და მის კონტროლს გულისხმობს. თავისი პროფესიით საქმიანობა 5 წლის წინ, სტაჟირების გავლით დაიწყო, თუმცა მომავალი პროფესია ჯერ კიდევ მე-11 კლასში ჰქონდა არჩეული, როცა ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლის ცენტრსა და ხაზვის წრეზე დადიოდა.

„ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ შემხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც ჩემი სქესის გამო მიწევდა პროფესიული ინტერესების იმაზე მეტად დაცვა და ბრძოლა, ვიდრე ეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს უწევდათ. არასდროს მსმენია მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის ეკითხათ, თუ რატომ აირჩიეს ეს პროფესია, ოფისში მუშაობა ხომ არ ერჩივნათ, შემთხვევით ხომ არ იყვნენ ამ ფაკულტეტზე ჩარიცხულები და რამ გადააწყვეტინათ მშენებლობაზე მუშაობა – მე კი ამას ყოველთვის მეკითხებოდნენ, რაც ძალიან არაკომფორტული და დისკრიმინაციის შემცველი იყო.  თუმცა, საბედნიეროდ, ჩემ ირგვლივ აღმოჩნდნენ მხარდამჭერები, რომლებსაც ჩემი ბოლომდე სჯეროდათ, ადამიანები, რომლებიც ბოლომდე მენდობოდნენ და პატივს სცემდნენ ჩემს ცოდნას და შრომას”, – გვიზიარებს თამარი.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

თანამედროვე კლინიკები, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი — Mayo Clinic-ის კამპანია

KitKat-მა რეკლამების შესაქმნელად AI გამოიყენა