1
Apr
2019

რა სჭირდება მეღვინე ქალს? – საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაცია

1 Apr 2019

მსოფლიო მეღვინეობაში სულ უფრო იზრდება ქალის როლი. ქალები აქტიურად ერთვებიან როგორც ღვინის დაყენებაში, ასევე ღვინის მწერლობაში. საქართველოში მეღვინობისადმი მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, 2018 წლის სექტემბერში დაფუძნდა „საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაცია“. ასოციაციის მიზანია მევენახეობითა და მეღვინეობით დაინტერესებულ ქართველ ქალებს ხელი შეუწყოს განათლების მიღებასა და გამოცდილების გაზიარებაში, დაეხმაროს მათ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებზე მონაწილების მიღებაში, ხელი შეუწყოს ქალების ღვინის ჟურნალისტიკაში, მწერლობასა და ბლოგერობაში ჩართვას. დეტალებზე  მეღვინე ქალთა ასოციაციის თანადამფუძნებელსა და მეღვინეს, მარინა კურტანიძეს, ვესაუბრეთ.

M: რა დაბრკოლებას აწყდებოდა ქალი, რომელსაც მეღვინეობა სურდა?

ღვინის წარმოებაში დაბრკოლება არ არსებობს არც სამუშაოს წარმოების და არც საკანონმდებლო კუთხით. მთავარი დაბრკოლება არის მენტალური საკითხი, “ქალს რა უნდა მარანში”, ამ დროს ეს ქალები რეალურად მუშაობენ ვენახსა და მარანში, მაგრამ ის მანკიერი ტრადიციები, რომლებიც დამახინჯებულად ჩაამოყალიბდა, ეწინააღმდეგება მეღვინე ქალის აღიარებას.

M: რამ განაპირობა საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის დაფუძნება?

ასოციაციის დაფუძნება განაპირობა ბოლო წლებში ქალების გააქტიურებამ ღვინის სფეროში და გაჩნდა სიცარიელე. არ იყო კონტაქტი, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა და ელემენტარულად, ამ ქალების აღრიცხვა. მათ სჭირდებოდათ ინფორმაცია, გამოფენებზე გასვლა და გასაყიდი ბაზრების მოძიება.

M: როგორ აპირებთ ქალებს ღვინის სფეროზე წერისკენ უბიძგოთ?

„ასოციაციის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმ ქალებისათვის ხელის შეწყობა, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული ღვინის დაყენებასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გვყავდეს ღვინის ბლოგერი და მწერალი ქალები. ამ მიზნით, ასოციაცია თავის ინტერნეტ გვერდზე გამოყოფს სივრცეს, სადაც ყველა მსურველ ქალს ექნება საშუალება გამოხატოს თავისი აზრი.

M: ყველაზე მეტად რა სჭირდება თანამედროვე მეღვინე ქალს საქართველოში?

მხარდაჭერა მედიასაშუალებიდან და ყველაზე დიდი მენტალური პრობლემის გადაჭრა: “მაგას ქმარი უკეთებს”,  “მაგას მამა უკეთებს” – მოდიან მარანში ჟურნალისტები და მაინც ცდილობენ მამრობითი სქესის ოჯახის წევრებს მიანიჭონ უპირატესობა.

M: ამ ეტაპზე, რა არის ყველაზე აქტუალური საკითხი, რაზეც მუშაობთ?

ყველაზე აქტიური საკითხი ფინანსური მხარაჭერაა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა მეღვინე ქალს სჭირდება. უმეტესობა ღვინოს აყენებს ახლობლის ან მეგობრის მარანში, უმეტესად ნათხოვარი ტექნიკური საშუალებებით. ასევე, ძალიან საჭირბოროტო საკითხია გამოფენებში მონაწილეობის მიღების ფინანსური მხარდაჭერა და იმპორტიორებზე გასვლა

M: ვის შეუძლია შემოგიერთდეთ?

შეუძლია ნებისმიერ ქალბატონს, რომელსაც გული შესტკივა ღვინოზე…

M: ასოციაციის გეგმებზეც გვიამბეთ…

მიმდინარე წლის მანძილზე ასოციაცია გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებს. პირველ რიგში ეს არის ლექციები, ტრენინგები და ვორქშოპები; უპირველესი მიზანი სწორედ განათლების მიღება და გამოცდილების გაზიარებაა. ასევე დაგეგმილი გვაქვს საზღვარგარეთ ღვინის დეგუსტაციებში მონაწილეობის მიღება, რითიც გვსურს ხელი შევუწყოთ მეღვინე ქალებს საკუთარი ღვინის საქართველოს გარეთ წარდგენაში. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წლის მარტში „ასოციაცია“ მიწვეულია საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, იერის კომუნაში, „იერის მეღვინეთა გაერთიანების“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე, სადაც „გაერთიანებასა“ და „ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ღონისძიების მანძილზე დაგეგმილია ქართული ღვინის დეგუსტაცია, კონფერენცია, გამოფენა და სხვა აქტივობები.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა