15
Nov
2017

#თაობა: Qarcii – მუსიკის წერა ეს არის ნიჭი და გემოვნება, რომელიც შენშია

15 Nov 2017

თუ ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებას Spotlight-ს ესწრებოდით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა მისი მუსიკალური გაფორმებაც, რომლის ავტორიც ქართველი პროდიუსერი Qarcii-ია. უფრო ახლოს მის გასაცნობად #თაობამ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

M: პირველ რიგში, მოკლედ შენ შესახებ…

გამარჯობა. მე ვარ ჯუდა ქარცივაძე ბათუმიდან, იგივე Qarcii. ვქმნი ელექტრონულ მუსიკას.

M: რომელი წლიდან დაინტერესდი მუსიკით და რა იყო ბიძგი, რამაც თავად გადაგაწყვეტინა მუსიკის კეთება?

მუსიკას ჩემს ცხოვრებაში დიდი ხანია უჭირავს საპატიო ადგილი.

მაშინ, როდესაც ყველას არ მიუწვდებოდა ხელი ინტერნეტთან და არ ჰქონდათ სახლში მაგნიტოფონი, რომლითაც სასურველ მუსიკას, სასურუველ დროს მოუსმინდა. მახოსოვს, როგორ ვიმახსოვრებდი ერთი მოსმენით სხვადასხვა მელოდიას.

ეს იყო 2004-2005 წელი, მაშინ როცა 11 წლის ვიყავი. რაც შეეხება დაინტერესებას ელექტრონული მუსიკით, ეს იყო 2010 წელს, როცა ვნახე სიზმარი თუ როგორ ვიდექი მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე და ვუკრავდი. ეს პერიოდი ყველაზე კარგი იყო იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შეგექმნა მუსიკა.

თავიდან ავიღებდი რომელიმე ცნობილ კომპოზიციას და ვცდილობდი გამეკეთებინა ანალოგიური, როგორც მელოდიით ასევე ინსტრუმენტებით შექმნილი მსგავსი ტრეკი. პირველი ასეთი იყო, David Guetta – Titanium, რომლის ანალოგიც გავაკეთე, რაც დამეხმარა სწორად და თანმიმდევრობით ამეგო ტრეკის სტრუქტურა.

მეგობრების შეფასებიდან გამომდინარე დავრწმუნდი, რომ შემეძლო ამ საქმის კეთება. სოციალური ქსელების მეშვეობით დავმეგობრდი უცხოელ არტისტებთან და პროდიუსერებთან, რომლებთანაც მაქვს როგორც საქმიანი, ასევე მეგობრული ურთიერთობები. ჩემი აზრით, მუსიკის წერა ეს არის ნიჭი და გემოვნება, რომელიც შენშია, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ მუსიკით გადმოვცე ჩემი ემოცია და შინაგანი სამყარო…

 

M: საიდან მოდის შენი დაინტერესება ქართული ფილმებით? რომელი ფილმების მუსიკალური გაფორმებები მოგწონს ყველაზე მეტად?

ბავშვობიდანვე მახსოვს, როგორ დაგვსვამდა დედა მე და ჩემს ძმებს ტელევოზორთან ქართულ შედევრების საყურებლად (ზოგჯერ იძულებითაც), მაგრამ ბოლოს მაინც დიდი ინტერესით ვუყურებდით. განსაკუთრებით მომწონდა ის ფილმები, რომლებშიც ისმოდა რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის და ბიძინა კვერნაძის მელოდიები. „საბუდარელი ჭაბუკი“, „ცისფერი მთები“, „შერეკილები“,  „დათა თუთაშხია“ და მრავალი სხვა.

M: რა ხდება ბათუმში მუსიკალურად? გყავს მეგობრები, რომლებიც შენნაირად ჩართულები არიან მსგავს პროცესებში?

სამწუხაროდ, ბათუმი მხოლოდ ზაფხულში ცოცხლობს მუსიკალურად. რა თქმა უნდა, მყავს მეგობრებიც, რომლებიც დაინტერესებული არიან ელექტრონული მუსიკით, მაგრამ უფრო მეტად მსმენელის ამპლუაში.

M: შენი ტრეკები ქართული მარკეტინგული ღონისძიების, Spotlight-ის საუნდტრეკებად მოგვევლინა, იგრძენი დამატებითი ყურადღება ამ მოვლენების შემდეგ?

ძალიან სასიამოვნოა, როცა შენს მუსიკას აფასებენ და იყენებენ წარმატებული კომპანიები თავის საუნდტრეკებად. ეს არაერთხელ მომხდარა და ამიტომაც მაქვს სტიმული, რომ უფრო აქტიურად ვაკეთო საქმე რომელიც მიყვარს.

 

M: ვინ არიან ის მუსიკოსები და პროდიუსერები, რომლებსაც ამ პერიოდში უსმენ და მოგწონს?

ყოველთვის ვცდილობდი მესმინა იმ არტისტების მუსიკა, რომელიც არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით, მაგრამ ჩემი ინტუიცია ამართლებდა და დღესდღობით, ეს არტისტები არიან ვარსკვლავები. ვფიქრობ, რომ ხარისხი არ არის რაოდენობაში და შესაბამისად პოპულარობაში. ასეთი ნიჭიერესი არტისტები არიან: Andhim, Frankey & Sandrino, Stephan Bodzin.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…



განხილვა