ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები კაცობრიობის მიერ საუკუნეების განმავლობაში ნაგროვები ფიქრებია. ადამიანი მუდმივად ფიქრობდა ისეთ ტექნოლოგიაზე, რომელიც საქმეს მის მაგივრად გააკეთებდა, თუმცა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ეს ფიქრები ოცნებებს ჰგავდა. დღეს, 21-ე საუკუნე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ AI საუკუნეა. თუკი 90-იან წლებში ინტერნეტპროვაიდერი და ვებკომპანიები წარმოადგენდა სიახლეს, დღეს საზოგადოების ყურადღება უფრო მეტად ისეთ ტექბიზნესზეა გადატანილი, რომელიც AI ხელსაწყოებს ქმნის.
საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც აქტიურად დგას ტექნოლოგიებისა და გაციფრულების სადარაჯოზე. ექსპერიმენტებისა თუ კვლევების პარალელურად, ყალიბდება სტარტაპები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ქმნიან. თუ ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ ქართული AI ხელსაწყოს მოძებნა სირთულეს წარმოადგენდა და როცა ვიპოვიდით, მასზე ბევრს ვსაუბრობდით, დღეს AI კომპანიები გვყავს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიას მორგებულები, მასშტაბურ პროექტებზე მუშაობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ქართულ სტარტაპს/კომპანიას, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს ქმნიან.
ეს სტარტაპი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ციფრულ ხმოვან ასისტენტს ქმნის, რომელსაც მომხმარებლის მესიჯებში კონტექსტის ამოცნობაც შეუძლია და სერვისის მიღებაშიც დაგეხმარებათ. ის თავის სერვისს მცირე და მსხვილ ბიზნესებს სთავაზობს და თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებთან.
დღეს, როცა კონტენტის შექმნა ყველა ბიზნესის მთავარი საჭიროებაა, ქართულ ბაზარზე არსებობს სტარტაპი, რომელიც გენერაციული AI-ს დახმარებით, კომპანიებს სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება. მას შეუძლია ბრენდირებული კონტენტის შექმნა სხვადასხვა სოციალური ქსელისთვის, როგორებიცაა: Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn, Pinterest და სხვა. გარდა კონტენტის გენერირებისა, პლატფორმიდანვეა შესაძლებელია სოცმედია არხების მენეჯმენტი, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველ ინსტრუმენტად აქცევს.
რეკრუტინგის ინოვაციური სისტემა, რომელიც კომპანიებს ახალი თანამშრომლების მოძიებაში ეხმარება. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ის კანდიდატებს სთავაზობს ნეირომეცნიერულ თამაშს, რომლის შედეგის გაანალიზებაც დამსაქმებელს შესარჩევი კანდიდატის კარგად შესწავლას უადვილებს.
Optio.AI უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზეა და ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემას ქმნის. ის არის ფინტექკომპანია, რომელიც საბანკო/საფინანსო სექტორისთვის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებით, ციფრულ ხელსაწყოებს ქმნის.
ეს არის კომპანია, რომელიც სტარტაპებსა და დიდ კომპანიებს ბლოკჩეინგადაწყვეტებს სთავაზობს. ის მუშაობს NFT-ების, DeFi-ისა და Web3-ის მიმართულებით და ბიზნესებს წარმატებით გაციფრულებაში ეხმარება. კომპანია 2017 წელს დაარსდა და დღეისათვის არაერთ ქართველ თუ უცხოელ კლიენტს ემსახურება.
თავის დროზე ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც დაახლოებით 2016-2017 წლებში გამოჩნდა და თავი „თი ბოტით” დაგვამახსოვრა, თიბისის ჩატბოტით. მოგვიანებით სტარტაპმა გააგრძელა ინოვაციებზე მუშაობა, ახალ-ახალი იდეების დამუშავება, ექსპერიმენტები, განხორციელებული პროექტები და სამი წლის წინ ის გლობალურმა კომპანიამ, SpinCar-მა შეიძინა.
დღეს Pulsar-ის გუნდი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პროექტებზე და მისი გუნდის უმეტესი ნაწილი ისევ ქართველი სპეციალისტებისგან შედგება. ცოტა ხნის წინ მათ გამოუშვეს Supernova, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტები ბიზნესისთვის.
ქართული სტარტაპია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი დიდი წარმატება მოიპოვა. ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმას ქმნის და მასზე API-დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა, რაც ტექნოლოგიურ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ინსტრუმენტად აქცევს.
შინაური ცხოველების პირადი AI ასისტენტია, რომელიც მეპატრონეს კონსულტაციას უწევს ნებისმიერ ვეტსაკითხზე. როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს, რა ვაჭამოთ ან როდის ავცრათ ისინი, როგორ მოვძებნოთ პროვაიდერი ვეტკლინიკა და ა.შ. – ეს ის საკითხებია, რომლებზეც Wiggly-ს შეუძლია საუბარი.
ეს არის ქართული დიზაინგენერატორი, რომელიც სულ რაღაც 1 წუთში ქმნის რენდერს მომხმარებლისთვის. მისთვის საჭიროა მხოლოდ მარტივი ბრძანების მიცემა, რომელსაც AI აანალიზებს და მას მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებულ ინტერიერის დიზაინად გარდაქმნის.
და დღეისათვის ბოლო ხელსაწყოა „ენაგრამი”, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ავითარებს და ქმნის მაღალი ხარისხის ენობრივ ხელსაწყოებს ქართულსა და სხვა ენებზე. მას შეუძლია ბეჭდური შეცდომების ამოცნობა და შესწორება, ტექსტის ამეტყველება ან პირიქით, საუბრის ტექსტად ქცევა. პლატფორმა ჯერჯერობით სატესტო რეჟიმშია, თუმცა ქართული ენის დამუშავების კუთხით, უკვე საინტერესო გამოცდილებას გვთავაზობს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი